ბალტიურ ქარვაში 30 მილიონი წლის წინანდელი ჩოქელას მსგავსი მწერი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ბალტიურ ქარვაში 30 მილიონი წლის წინანდელი ჩოქელას მსგავსი მწერი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

30 მილიონი წლის წინანდელი ქარვის შესწავლისას, მეცნიერებმა მასში განმარხებული ბადეფრთიანი მწერი აღმოაჩინეს, მაგრამ არა ჩვეულებრივი ბადეფრთიანის ფორმაში, დიდი თვალებითა და გრძელი ფრთებით, არამედ მოკაუჭებული, მტაცებლური ფეხებით, რის გამოც, ის უფრო მტაცებელ ჩოქელას ჰგავს.

თუ ბადეფრთიანთა ექსპერტი არ ხართ, შეიძლება არ იცოდეთ, რომ ამ მწერებს მტაცებელ ჩოქელასთან მსგავსების გრძელი ისტორია აქვთ. ამის მიზეზია ე. წ. კონვერგენტული (მსგავსი) ევოლუცია, რომელშიც ორ ორგანიზმს ერთნაირი თვისებები იმიტომ უვითარდება, რომ ისინი ერთნაირ გარემოს ერგებიან.

ჩოქელა ბადეფრთიანთა (Mantispida) ნამარხები ცარცულ პერიოდამდე მიდის, 145 მილიონი წლის წინანდელ წარსულში. თუმცა, ეს ამ დრომდე აღმოჩენილი პირველი ჩოქელა ბადეფრთიანის ნამარხია, რომელიც კაიონზოურ (ამჟამინდელ) გეოლოგიურ ეპოქას ეკუთვნის.

ნამარხის კვლევამ ცხადყო, რომ ის ძლიერ ჰგავდა მანტისპების (Mantispa) ვრცელ გვარს, მაგრამ ფარავდა თეთრი აპკი, რაც ხშირია ბალტიური ქარვის ნამარხებში და რაიმეს გადაჭრით თქმა ძნელი იყო. გაურკვევლობიდან გამომდინარე, ახალ სახეობას მკვლევრებმა კითხვის ნიშანი დაუსვეს და Mantispa? damzenogedanica უწოდეს.

ეგზემპლარი სიგრძეში თითქმის 2 სანტიმეტრია; შეისწავლეს მიკროსკოპითა და რენტგენული მიკროტომოგრაფიით, რომელშიც რენტგენული სხივები ორგანიზმის 3D მოდელის შექმნის საშუალებას იძლევა.

მკვლევრებს აინტერესებდათ, როგორ შეიძლება წარმოშობილიყო Mantispidae გასული 66 მილიონი წლის განმავლობაში, ანუ როდესაც კაინოზოური ხანა დაიწყო, და რატომ არის ასე ცოტა ეგზემპლარი შემონახული ამ კონკრეტული ეპოქიდან.

ბალტიური ქარვის დეპოზიტებში განმარხების ისტორია დაახლოებით 34 მილიონი წლის წინ დაიწყო ჩრდილოეთ ევროპაში, როდესაც ეს რეგიონი უფრო თბილი და ზომიერი უნდა ყოფილიყო. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩოქელა ბადეფრთიანთა ასე ცოტა ეგზემპლარის განმარხების მიზეზი არახელსაყრელი გარემო პირობები ყოფილიყო.

პასუხი შეიძლება იმალებოდეს ტენდენციაში, რომელიც მკვლევრებმა შენიშნეს: ჩოქელა ბადეფრთიანების ფეხების მრავალფეროვნების შემცირება ცარცული პერიოდიდან დაიწყო. შესაძლებელია, რომ ეს მიუთითებდეს მრავალფეროვნების უფრო ზოგად ნაკლებობაზე სახეობებში და არა პოპულაციის სიუხვის ნაკლებობაზე. ამ მწერთა ფორმების მრავალფეროვნება სინამდვილეში არც არასდროს აღმოჩენილა.

ქარვა ერთგვარი დროის მანქანაა და მეცნიერები მასში საოცარ აღმოჩენებს განაგრძობენ. უკვე აღმოჩენილია ქარვაში განმარხებული არაერთი უძველესი მწერი.

„ეს ნამარხი წარმოაჩენს Mantispidae-ების მორფოლოგიური მრავალფეროვნების საოცარ შემცირებას ცარცულ და კაინოზოურ ეპოქებში. ეს ტენდენცია აისახება მათი კიდევ ერთი ჯგუფის, ბადეფრთიანთა მორფოლოგიური მრავალფეროვნების დრამატულ შემცირებაშიც“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა ჟურნალ Fossil Record-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.