აღმოჩენილია 30 მილიონი წლის წინ ქარვაში განმარხებული კრაზანა, ყვავილი და ბუზი — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია 30 მილიონი წლის წინ ქარვაში განმარხებული კრაზანა, ყვავილი და ბუზი — #1tvმეცნიერება

აღმოჩენილია პრეისტორიული ეკოლოგიის შესანიშნავად შემონახული მომენტი — ქარვაში ჩაჭედილი მცენარე, კრაზანა და ბუზის ლარვა.

თუკი ქარვაში განმარხებული მწერის სურათი თქვენთვის საკმაოდ ნაცნობია, ამისათვის მადლობა ენტომოლოგ ჯორჯ პოინარს ეკუთვნის, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა ასეთი რამ. დომინიკურ ქარვაში ჩაჭედილი მწერის დნმ-ის გამოყოფის მიზნით მის მიერ ჩატარებული სამუშაო პირდაპირ დაედო საფუძვლად „იურული პარკის“ სცენარს.

მისი უახლესი კვლევა აღწერს კარიბის აუზის კუნძულ ისპანიოლაზე მცენარის გვარ Plukenetia-ს პირველ ნამარხს.

„ამ ოჯახის წევრი ყვავილების ნამარხები იშვიათია. აქამდე მხოლოდ ერთადერთი ნამარხია აღმოჩენილი, ტენესის შტატში, დანალექოვან დეპოზიტებში“, — ამბობს პოინარი.

სახელგანთქმული დომინიკური ქარვა წარმოადგენს ამჟამად გადაშენებული ხის, Hymenaea protera-ს წვენის გაქვავებულ ფორმას; მასში ჩაჭედილ და განმარხებულ სიცოცხლის ფორმებზე დაყრდნობით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ხე ნოტიო ტროპიკული ტყის ეკოსისტემაში იზრდებოდა.

ეს კონკრეტული ეგზემპლარი კორდილიერა-სეპტენტრიონალის მთის ქედზე აღმოაჩინეს.

დომინიკური ქარვის ნამარხების ასაკის შესახებ მეცნიერებს შორის დებატები მიმდინარეობს; ამის მიზეზია ურთიერთსაწინააღმდეგო თეორიები, რომლებიც ნიმუშების დათარიღებისთვის გამოყენებული მიკროორგანიზმების საფუძველზე გაჩნდა.

ზოგიერთი აღნიშნავს, რომ ერთუჯრედიანი ფორმანიფერების, იგივე „ჯავშნიანი ამების“ არსებობა მიუთითებს, რომ ქარვა დაახლოებით 20-15 მილიონი წლის წინ არის წარმოქმნილი.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით კი ის 45-30 მილიონი წლის წინანდელია; ამის საფუძველს მათ კოკოლითები აძლევს — კალციუმის კარბონატის ფირფიტები, რომლებიც ერთუჯრედიანი ფიტოპლანქტონის, კოკოლითოფორების მიერ არის წარმოქმნილი.

როგორც პოინარი აღნიშნავს, ამას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ქარვა ხელახლაა დეპონირებული ტურბულენტურ დანალექში, რომელიც მოგვიანებით გაქვავდა. გარდა ამისა, პუერტო-რიკოსა და იამაიკაში აღმოჩენილი ასეთივე ეგზემპლარები ოლიგოცენის (33,9 – 23 მილიონი წლის წინ) და პალეოცენის (72,1 – 66 მილიონი წლის წინ) ეპოქებს ეკუთვნის.

მისი ვარაუდით, ეს კონკრეტული ეგზემპლარი 30 მილიონი წლის უნდა იყოს.

ნამარხი ქარვაში

ნამარხმა გამოავლინა არა მხოლოდ მცენარის ახალი სახეობა, არამედ მთელი ეკოლოგიური მიკროსამყარო, რომელიც პოინარის აზრით, შეიძლება მოიცავდეს დამტვერვას, მტაცებლობას და პარაზიტიზმსაც კი.

რძიანების გვარის (Euphorbia) თანამედროვე წევრებს, ანუ ნამარხი მცენარის ამჟამინდელი ნათესავებს მართლაც მტვერავენ პატარა კრაზანები; შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, რომ განმარხებული კრაზანა იმავე ეკოლოგიურ როლს ასრულებდა.

განმარხებული კრაზანა, Hambletonia dominicana, პოინარმა 2020 წელს აღმოაჩინა და სახელიც მან დაარქვა; წარმოადგენს ენცირტიდ კრაზანას — პარაზიტების ჯგუფს, რომლებიც კვერცხებს სხვა პატარა მწერების კვერცხებში ან ლარვაში დებენ, რაც შემდეგ საკვებს წარმოადგენს ახლად გამოჩეკილი კრაზანებისთვის.

მაღალი რეზოლუციის ვიზუალიზაციის გამოყენებით, ერთ-ერთი ყვავილის განვითარებად თესლში პოინარმა შენიშნა მეგალესებრთა ციცქნა ლარვა და დაზიანება მის კაფსულაზე.

მისი აზრით, კრაზანა კვერცხის დასადებად შეიძლება მიეზიდა ინფიცირებულ ყვავილს, რომლიდან გამოჩეკის შემდეგაც, ისინი მეგალესებრის ლარვას პარაზიტები უნდა გამხდარიყვნენ.

კრაზანის მზაკვრული შეთქმულება რა თქმა უნდა, მაშინვე შეწყდა, როცა სამივე ორგანიზმი ხის წებოვან წვენში აღმოჩნდა და სამუდამოდ გაქვავდა.

ნამარხების კვლევები ხშირად ფოკუსირებულია ინდივიდუალურ ორგანიზმებზე და მათ ადგილზე სიცოცხლის ხის თაიმლაინში; ალბათ იმიტომ, რომ სრულყოფილი ეგზემპლარები იშვიათია, რომ აღარაფერი ვთქვათ მრავალი სახეობის ურთიერთქმედების ასეთ მკაფიო მაგალითზე.

„ხშირ შემთხვევაში, ქარვაში სრულიად შემთხვევით, ერთად არიან განმარხებული ორგანიზმები, რომლებსაც ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო. მაგრამ ვგრძნობ, ამ შემთხვევაში, კრაზანა ყვავილმა მიიზიდა — ან ნექტრის მიღების მიზნით, ან კვერცხის დასადებად კაფსულაში, რომელიც ბუზის ლარვას შეიცავდა“, — ამბობს კვლევის ავტორი ჯორჯ პოინარი.

კვლევა Historical Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი