შორეულ წარსულში დედამიწაზე სპილოს ზომის ზარმაცები ბინადრობდნენ, მაგრამ უეცრად გაქრნენ — #1tvმეცნიერება
შორეულ წარსულში დედამიწაზე სპილოს ზომის ზარმაცები ბინადრობდნენ, მაგრამ უეცრად გაქრნენ — #1tvმეცნიერება

ერთ დროს, დედამიწაზე ბინადრობდნენ გიგანტური მეგათერიუმი ზარმაცები; იყვნენ დაახლოებით აზიური სპილოს ზომის და ხის კენწეროებზე ყლორტებს ისე ჭამდნენ, როგორც დღეს ჟირაფები.

„ისინი გრიზლ დათვებს ჰგავდნენ, მაგრამ იყვნენ მათზე ხუთჯერ დიდები“, — ამბობს ფლორიდის ბუნების ისტორიის მუზეუმის პალეონტოლოგი რეიჩელ ნარდუჩი.

მეგათერიუმის გვარი ზარმაცების ასზე მეტ სახეობას აერთიანებდა და ისინი ამერიკის კონტინენტზე ბინადრობდნენ. მათი უძველესი დნმ-ის კვლევით ახლა ირკვევა, თუ რატომ შემორჩე დღეს მხოლოდ ექვსი სახეობა.

მუზეუმში დაცული 403 ზარმაცას ნამარხის ანალიზით, წონის შეფასებითა და გარემოებითი ინფორმაციით, ახალმა კვლევამ ზარმაცების დეტალური ოჯახური ხე შექმნა. 35-მილიონწლიანმა ევოლუციურმა ისტორიამ გამოავლინა, რომ ამ ერთ დროს მრავალფეროვანი ცხოველის ზომები ზუსტად ემთხვეოდა იმ გარემო პირობებს, რომელშიც ისინი ბინადრობდნენ.

ეს საყვარელი, დღეს საფრთხის ქვეშ მყოფი ძუძუმწოვრები იმდენად არიან მორგებული ხეებზე ცხოვრებას, რომ ჩამოუყალიბდათ წარმოუდგენლად ძლიერი ზედა ტანი, თავდაყირა პოზას მორგებული ნაწლავები და ძლიერ რისკავენ, როცა კუჭში გასასვლელად დაბლა ჩამოდიან.

ზარმაცა

„დღევანდელი ზარმაცები უკიდურესად ზანტები არიან და ამის მიზეზია მათი მეტაბოლიზმის ძლიერ დაბალი მაჩვენებელი. ეს მათი გადარჩენის სტრატეგიაა“, — ამბობს ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ალბერტო ბოსკაინი.

თუმცა, მრავალი უძველესი სახეობა საკმაოდ მძიმე უნდა ყოფილიყო, რომ მათთვის ხის ტოტებს გაეძლო; ამიტომ, ისინი მიწაზე ბინადრობდნენ. დღევანდელი მარტორქებისგან განსხვავებით, ეს სახეობები მიწაზე სწრაფად დადიოდნენ და გაცილებით ჩქარი მეტაბოლიზმიც ჰქონდათ.

„მიწის ზოგიერთ ზარმაცას ასევე ჰქონდა კანში ჩაზრდილი ოსტეოდერმები (ძვლოვანი ფირფიტები)“, — ამბობს ნარდუჩი და გამარტავს, რომ ეს მაგარი ამონაშვერები წარმოადგენდა მიწისგან დაცვის თვისებას, რომელსაც ისინი მათ უახლოეს ნათესავებთან, ჯავშნოსან არმადილთან იზიარებდნენ.

არსებობდა წყლის ზარმაცაც კი — Thalassocnus-ი, რომელიც ანდებსა და წყნარ ოკეანეს შორის მშრალ ზოლში ბინადრობდა და თავს ოკეანეში საკვების მოპოვებით ირჩენდა.

„მათ ლამანტინის მსგავსი ადაპტაციები ჰქონდათ ჩამოყალიბებული. ჰქონდათ მკვრივი ნეკნები, რაც ტივტივში უწყობდა ხელს და გრძელი დინგი ზღვის ბალახის საჭმელად“, — ამბობს ნარდუჩი.

ზარმაცებში გიგანტიზმი რამდენჯერმე ჩამოყალიბდა და სავარაუდოდ, ამან წვლილი შეიტანა პლეისტოცენის გამყინვარების ხანაში მათ გადარჩენაში, როდესაც მათ უდიდეს ზომებს მიაღწიეს. მაგრამ დაახლოებით 15 000 წლის წინ, მრავალი მათგანი უცაბედად გაქრა.

„იმ დროს არ ყოფილა მნიშვნელოვანი ტემპერატურული ცვლილებები, რაც აძლიერებს იდეას, რომ ადამიანთა გავლენამ უფრო დიდი როლი შეასრულა მიწის ზარმაცების გადაშენებაში, ვიდრე კლიმატის ცვლილებამ“, — ასკვნიან მკვლევრები.

იმან, რამაც გიგანტური ზარმაცები გამყინვარებისა და ადგილობრივი მტაცებლებისგან გადაარჩინა (დიდმა ზომამ), ისინი დედამიწის ყველაზე მძვინვარე მტაცებლის სამიზნედ აქცია — ჩვენი. მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ამერიკაში ადამიანები შევიდნენ, მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

მათგან განსხვავებით, დღეს ჩვენთვის ნაცნობი ხეზე მცოცავი ზანტი ზარმაცები როგორღაც დაგვემალნენ, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროით. დღეისათვის არსებული ექვსი სახეობიდან ორი წითელ ნუსხაშია შეტანილი.

ბოსკაინისა და მისი ჯგუფის მიერ მიღებული შედეგები თანხვედრაშია სულ უფრო აღიარებულ გლობალურ ამბავთან: მეგაფაუნის სწრაფი გადაშენება ადამიანთა გამოჩენას მოჰყვა — სცენარი, რომელიც დღემდე გრძელდება.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია floridamuseum.ufl.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.