მკვლევრებმა დედამიწის ისტორიაში ყველაზე გაუმაძღარი მტაცებელი გამოავლინეს — #1tvმეცნიერება
მკვლევრებმა დედამიწის ისტორიაში ყველაზე გაუმაძღარი მტაცებელი გამოავლინეს — #1tvმეცნიერება

პლანეტის ყველაზე გაუმაძღარი მტაცებელი ჩვენთვის ცნობილთა შორის, დედამიწის ხერხემლიან სახეობათა მესამედზე მეტს მოიხმარს და უზარმაზარი ეკოლოგიური გავლენაც აქვს.

ახალი კვლევის მიხედვით, ამ ცხოველის კვება 1300-ჯერ უფრო დიდ კვალს ტოვებს, ვიდრე ჩვენ მიერ აღრიცხული ნებისმიერი სხვა არსების. თუმცა, მოხმარებულის მხოლოდ მესამედია განკუთვნილი საკვებად.

რა თქმა უნდა, ეს მტაცებელი ჩვენ ვართ. საკვირველია, მაგრამ უმაღლესი მტაცებლის კლასიფიკაციაშიც კი არ ვჯდებით. ჩვენ მიერ წარმოებული ექსპლუატაციის მასიური ნაწილი ჩვენი უბრალო ახირებებით არის განპირობებული.

„კულტურული ფენომენი ველურ სახეობათა გადაჭარბებულ ექსპლუატაციას იწვევს“, — განმარტავს კანადის დალჰაუზის უნივერსიტეტის ეკოლოგი ბორის ვორმი.

ამის მკაფიო მაგალითს ვორმი ინდონეზიაში წააწყდა, სადაც ველურ ბუებზე მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა მკვეთრად, რაც ეს ფრთოსანი მტაცებლები „ჰარი პოტერში“ გამოჩნდნენ.

„მოთხოვნის ზრდის საპასუხოდ, წარმოიქმნა ველური ბუების ექსპლუატაციის ნამდვილი ტალღა. ამ სახეობით ადამიანები იმდენად არიან მოხიბლული, რომ ხშირად ეს სიყვარული სიკვდილის მიზეზი ხდება“, — ამბობს ვორმი და აღნიშნავს, რომ ასეთივე სიტუაციაა რიფების თევზთან მიმართებაში ანიმაციური ფილმის, „ნემოს ძიებაში“ გამოსვლის შემდეგ.

შინაურ ცხოველთა ინდუსტრიის კვების გარდა, ცხოველების გამოყენება მედიცინასა და სხვა პროდუქტებში ახლა იმდენად არის გავრცელებული, რომ ისინი საკვანძო საფრთხეა მსოფლიოს მრავალ ადგილში გადაშენების პირას მყოფ სახეობათათვის. წინასწარ განზრახული მიზნების მიუხედავად, ველური ბუნებიდან ამ ცხოველთა ამოღებას ზუსტად ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც მტაცებლობას ეკოსისტემაში.

ინდივიდების ამოღებას არა მხოლოდ პირდაპირი ეფექტი აქვს, არამედ ცვლილებები ხდება დარჩენილ ცხოველთა ქცევებშიც — შიშის ეკოლოგია. მტაცებლობის თავიდან აცილება იწვევს ქცევით, ფიზიოლოგიურ და კოგნიტურ სტრესს, რასაც გავლენა აქვს ცხოველის გადარჩენისა და შეჯვარების წარმატებაზე. გაზრდილი მტაცებლობა იწვევს სტრესორების გაძლიერებასაც.

გარდა ამისა, ინდივიდების ამოღება არის „მოსავლის“ სელექცია, რომელიც ბუნებრივი სელექციის მსგავსად, დროთა განმავლობაში ცვლის სახეობათა თვისებებს. წინა კვლევების მიხედვით, იმ სახეობებში, რომლებზეც ადამიანი ნადირობს, აღინიშნება ზოგიერთი ყველაზე მკვეთრი ცვლილება, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა ველურ პოპულაციებში.

ამან კი პოტენციურად შეიძლება შეცვალოს ის საკვანძო თვისებები, რომლებიც იმ მნიშვნელოვან ფუნქციებს უზრუნველყოფენ, რომელთაც მთელი ეკოსისტემა ეფუძნება.

„ცხოველთა არაბუნებრივმა გადარჩევამ ადამიან მტაცებელთა მიერ, შეიძლება მთელი რიგი შედეგები გამოიწვიოს ეკოსისტემებზე. თესლის დიდი გამფანტველებით, მაგალითად, მუზარადიანი რქაცხვირათი (Rhinoplax vigil) დაწყებული, მეგაბალახისმჭამელებით, მაგალითად, შავი მარტორქითა და მიგრატორი მტაცებლებით (მაგალითად, დიდი ზვიგენები) დამთავრებული.

ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმ ფაქტს, რომ ადამიანები ახლა დედამიწაზე ევოლუციის მამოძრავებელი დომინანტი ძალა ვართ.

„ჩვენს მსხვერპლთა ამ სპექტრში, ფრიად ექსტრაორდინარული მტაცებლები ვართ. სახეობათა რაოდენობა, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, არის 15 000 ხერხემლიანი და მრავალ მათგანს არამდგრადი გზით ვიყენებთ, ისე, რომ საფრთხეს ვუქმნით მათ არსებობას“, — განმარტავს ვორმი.

მისი განცხადებით, ნიშა არის სახეობის ეკოლოგიურად სამოქმედო სივრცე — სად ცხოვრობს, რით იკვებება, არსებითად ის პირობები, რაც მას გადარჩენისთვის ესაჭიროება. საქმე იმაშია, რომ ადამიანები იმაზე გაცილებით მეტ სახეობას იყენებენ, ვიდრე სხვა ნებისმიერი ხერხემლიანი — ჩვენ სუპერდიდი ნიშა გვაქვს და ყველაზე გავლენიანი მტაცებელი ვართ მრავალ ეკოსისტემაში.

ასეთი მკვეთრი შეფასებაც კი ვერ აფასებს ჩვენ მიერ სახეობათა ისტორიულ ექსპლუატაციას ან ჰაბიტატის შემთხვევით განადგურებას, ინვაზიურ სახეობებსა და კლიმატის ცვლილებას.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კვლევა ხერხემლიანებზეა ფოკუსირებული, ჩვენი ექსპლუატაცია სიცოცხლის უმეტეს სფეროში ვრცელდება, მათ შორის ობობებზე, მცენარეებსა და სოკოებზე, რასაც შავი ბაზარიც ეხმარება. ცხოველთა ასეთი არარეგულირებული მოძრაობა ადამიანებს ახალ პოტენციურ ახალ დაავადებათა გაჩენის რისკის წინაშეც აყენებს.

თუმცა, არსებობს ამ ყველაფრის შეცვლის გზაც. მკვლევრები მიუთითებენ ადგილზე დაფუძნებული მართვის სისტემების მაგალითებზე, რომლებსაც აბორიგენი მოსახლეობა ათასწლეულების განმავლობაში იყენებს მდგრადი მოსავლის მისაღებად.

„კარგი ამბავი ის არის, რომ კაცობრიობა ახლა უკვე აცნობიერებს ჩვენს დესტრუქციულ მიდრეკილებებს და არსებობს რეალური მცდელობა, რათა მეცნიერების საუკეთესო ნაწილი ამ ყველაფრის გამოსასწორებლად გამოვიყენოთ“, — ამბობს ვორმი.

ჩვენი სურვილი, აღვფრთოვანდეთ და მოვჯადოვდეთ დედამიწაზე აფეთქებული უმშვენიერესი სიცოცხლით, არ უნდა დაემუქროს მისი არსებობის უფლებას.

კვლევა Communications Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია dal.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.