ხმელეთის ფეხსახსრიანთა ჯამური მასა გაცილებით მეტია, ვიდრე პლანეტის ყველა ადამიანისა და პირუტყვის ერთად — #1tvმეცნიერება
ხმელეთის ფეხსახსრიანთა ჯამური მასა გაცილებით მეტია, ვიდრე პლანეტის ყველა ადამიანისა და პირუტყვის ერთად — #1tvმეცნიერება

ფეხსახსრიანთა მსგავსი პეპლების, ობობებისა და ტუჩფეხიანების შესახებ ჯერ საბაზისო რაღაცებიც კი არ ვიცით. მაგალითად, მსოფლიოს ბიოსფეროს ამ უმნიშვნელოვანეს კომპონენტთა რაოდენობა.

ამიტომაც, რიცხვებში ძრომიალის შემდეგ, მკვლევრები საოცარ დასკვნამდე მივიდნენ: მინიატურული ზომის მიუხედავად, ხმელეთის ფეხსახსრიანთა გლობალური ჯამური მასა დაახლოებით იგივეა, რაც ყველა ადამიანისა და მათი შინაური საქონლის მასა ერთად.

შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირია ის დიდი როლი, რაც მათ აქვთ მსოფლიოში.

„პატარა რამეები, რომლებიც მსოფლიოს მართავენ — ასე აღწერენ ფეხსახსრიანებს მრავალ ეკოლოგიურ პროცესში მათი ცენტრალური როლის გამო. ისინი აუცილებლად უნდა მივიღოთ მხედველობაში, თუკი გვსურს, სრულად გავიგოთ კაცობრიობის გავლენა პლანეტაზე, ისევე, როგორც კლიმატის ცვლილების შესაძლო შედეგები“, — განმარტავს ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტის გარემოს მეცნიერი იუვალ როსენბერგი.

სწორედ ამიტომ, როზენბერგმა და მისმა კოლეგებმა, სამეცნიერო ლიტერატურიდან 7000-ზე მეტი მონაცემი შეაგროვეს. უდაბნოებიდან და ფერმებიდან დაწყებული, ტროპიკული ტყეებით დამთავრებული, ეს მონაცემები მოიცავს სახმელეთო ჰაბიტატის ძირითად ტიპებს, მსოფლიოს 300 სხვადასხვა ადგილას.

მონაცემები დაალაგეს ნიადაგის (მცენარეთა ნარჩენების ჩათვლით) და მიწისზედა (ზედაპირის და მცენარეებთან დაკავშირებული ხოჭოები) ფეხსახსრიანებად, რადგან თითოეული ჯგუფის შემთხვევაში გამოყენებული იყო სინჯების აღების ძლიერ განსხვავებული მეთოდები.

როგორც მონაცემები მიუთითებს, მილიარდი ტონა ფეხსახსრიანთა უდიდესი ნაწილი ჩვენი პლანეტის ზედაპირზე ან მის ქვეშ გვხვდება.

ფეხსახსრიანების ნიადაგის ბიომასის დაახლოებით 40 პროცენტს ტერმიტები შეადგენენ, 10 პროცენტს კი ჭიანჭველები.

„ნიადაგის ზედა ფენის ყოველი კვადრატული მეტრი საშუალოდ ათობით ათას ტონა ფეხსახსრიანს შეიცავს, რომელთა აბსოლუტური უმეტესობაც არის ციცქნა ტკიპები და ბოლოფეხიანები.

მხოლოდ ის ფეხსახსრიანები, რომლებიც ნიადაგში და ნიადაგზე ბინადრობენ, დაახლოებით 10 კვინტილიონ (1-იანი 19 ნულით) ინდივიდს შეადგენენ. ეს ციცქნა ქმნილებები ხელს უწყობენ ნიადაგში საკვები ნივთიერებების ციკლს, ნახშირბადის გლობალური ციკლის პროცესს.

გაცილებით ნაკლებად სანდოა მიწისზედა ფეხსახსრიანთა რაოდენობის მაჩვენებელი. აღმოჩნდა, რომ მფრინავი მწერების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. მაგრამ მიწის ჯგუფთან ერთად, ამ არსებათა მასა გაცილებით დიდია, ვიდრე გარეულ ძუძუმწოვართა ჯამური მასა. თუმცა, კიდევ უფრო დიდია ნიადაგის უფრო პაწაწინა მიკრობებისა და ზღვის ფეხსახსრიანების მასა.

ამ ბიომასის გადანაწილების გარკვევა ხელს შეუწყობს იმის დადგენას, ზუსტად როგორ ჯდება ისინი უფრო ფართო ეკოლოგიურ სისტემებში და დაგვეხმარება იმის პროგნოზირებაშიც, თუ რა გავლენა ექნება მათ შემცირებას. მაგალითად, ტერმიტების განაწილების დადეგნა საშუალებას მოგვცემს, შევაფასოთ მათი წვლილი გლობალურ დათბობაში.

„ფეხსახსრიანები მასიურ ძალას წარმოადგენენ, როცა საქმე მცენარეულობის რეგულირებას ეხება. ფრინველების, ქვეწარმავლებისა და ამფიბიების ათასობით სახეობა საკვების მხრივ მათზეა დამოკიდებული და საბოლოო ჯამში, ფეხსახსრიანებს წვლილი შეაქვთ მკვდარი მცენარეებისა და ცხოველების, ასევე მათი ექსკრემენტების დაშლა-გადამუშავებაში. ამას კი უზარმაზარი გავლენა აქვს ჩვენზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე შეიძლება უმნიშვნელოდ ჩანდეს, მაგალითად, ექსკრემენტების დაშლა, ამით ხდება არა მხოლოდ ნიადაგის განაყოფიერება, არამედ დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების პრევენციაც“, — განმარტავს როზენბერგი.

სამწუხაროდ, დედამიწაზე არსებული დანარჩენი სიცოცხლის დიდი ნაწილის მსგავსად, ხმელეთის ფეხსახსრიანები, განსაკუთრებით კი მფრინავი მწერები, შემცირებას განიცდიან. სწორედ ეს მწერები გვეხმარებიან იმაში, რომ ჩვენს მაგიდებზე საკვები იდოს, რადგან ახდენენ მცენარეების დამტვერვას და საკვებ ნივთიერებათა გადამუშავებას.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია weizmann.ac.il-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.