ბოლო ათწლეულში მოსალოდნელზე მეტი მწერი გაქრა — ახალი კვლევა
ბოლო ათწლეულში მოსალოდნელზე მეტი მწერი გაქრა — ახალი კვლევა

მსოფლიოს მწერები გასაჭირში არიან. ბოლო წლებში სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ჩვენი პლანეტიდან საგანგაშო რაოდენობის მწერი ქრება. როგორც ჩანს, პრობლემის მასშტაბებს სათანადოდ ვერ ვაფასებთ.

ბიომრავალფეროვნების ფართომასშტაბიანი კვლევის ფარგლებში, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ გერმანიის ტყეებსა და საძოვრებში სამჯერ არის შემცირებული მწერთა სახეობები. თანაც, ეს მხოლოდ გასული ათი წლის განმავლობაში მოხდა.

მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ეკოლოგის, ვოლფგანგ ვაისერის განცხადებით, 10 წელიწადში ამ მასშტაბით შემცირება მათთვის სრულიად მოულოდნელია. შემაძრწუნებელია, მაგრამ ასეთ შედეგზე სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებს.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა 2008-2017 წლებში გერმანიის 300 ქალაქის მასშტაბით მილიონზე მეტი მწერი შეაგროვა. შეისწავლეს 2700 სახეობა, რომელთაგან მრავალი, შემცირებული ჩანდა. მკვლევართა განცხადებით, ბოლო წლებში, ზოგიერთი იშვიათი მწერის პოვნა საერთოდაც შეუძლებელია.

მნიშვნელობა არ აღმოაჩნდა კვლევის ადგილს, შედეგები ყველგან ერთნაირი აღმოჩნდა. ცხვრების საძოვრებიდან მდელოებამდე და ტყეებამდე, მეცნიერებმა მნიშვნელოვანი დანაკლისი შენიშნეს მწერთა მრავალფეროვნებაში. ყველაზე დიდი დანაკლისი საძოვრებზე აღმოჩნდა, ფერმების მიმდებარე ტერიტორიებზე.

გაირკვა, რომ ამ ტიპის გარემოში მწერთა სიუხვე 78 პროცენტით შემცირდა, ბიომასა კი 67 პროცენტით დაეცა.

გერმანიის მდელოებზე მწერების გაქრობის შესახებ აქამდეც იყო ცნობილი, მაგრამ არა ასე დეტალურად. წინა კვლევების უმეტესობა ფოკუსირებული იყო ბიომასაზე, რაც წარმოადგენს ყველა მწერის საერთო მასას და არა სახეობათა ოდენობას.

მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ეკოლოგის, სებასტიან საიბოლდის განცხადებით, აქამდე უცნობი იყო ის ფაქტი, რომ მწერების ყველა ჯგუფის დიდი ნაწილი დაზიანებულია. ამ კვლევამდე ცნობილი არ იყო ისიც, ტყეების რა ნაწილში შეინიშნებოდა მწერების შემცირება.

ტყიან ზონებში ბიომასა 40 პროცენტით არის შემცირებული, სახეობათა ოდენობა კი მესამედზე მეტით. ჯგუფის თქმით, ყველაზე მეტად დაზარალდნენ მწერები, რომლებიც დიდ მანძილებზე გადაადგილდებიან. ამის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი ტყეების გაჩეხვა-დანაწევრებაა.

ბიომასაში ამ ცვლილებების, სიუხვისა და მრავალფეროვნების სრული სურათის შესაქმნელად საჭიროა დამატებითი კვლევები, თუმცა ამ მონაცემებში უკვე არის გარკვეული გასაღებები. გერმანიის მდელოებზე დანაკარგების ოდენობა ყველაზე მაღალი იყო უიშვიათეს მწერებში და შოკისმომგვრელი ციფრების მიღების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება, ესეც არის.

მეორე მხრივ, სრულიად სხვანაირი ამბავი გამომჟღავნდა ტყეებში. მწერების ბიომასა ბოლო 10 წლის განმავლობაში იქ შედარებით უცვლელი აღმოჩნდა. ყველაზე უხვ მწერთა ოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ როცა ტყიან გარემოში ერთი მწერი ქრება, მას სწრაფად ანაცვლებს სხვა, უფრო ოპორტუნისტული სახეობა.

მეცნიერთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ყველაზე კატასტროფული სცენარის მიხედვით, მწერები ერთ საუკუნეში გადაშენდებიან. მეორე ნაწილის აზრით კი, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ სახეობათა მცირე ნაწილი კონკურენტთა დაკარგვით უპირატეს ვითარებაში აღმოჩნდება და გადარჩება.

თუმცა, ცვლილებები ამინდსა და კლიმატში, რაც მკვლევრებმა მხედველობაში მიიღეს, ამ კვლევის ფარგლებს სცდება. ისინი დარწმუნებული არ არიან, რომ მწერების დაკარგვის გლობალური წარმმართველი კლიმატის ცვლილებაა, მაგრამ არსებობს მიზეზი, რომ ამის ეჭვი გვქონდეს. თუ ეს ასეა, უფრო დიდი ქაოსი გარდაუვალია.

როგორც ჯგუფი განმარტავს, მართალია, ტყეებში ფეხსახსრიანთა შემცირების გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ საძოვრებსა და მდელოებზე ამის მიზეზი დაკავშირებული ლანდშაფტში სასოფლო-სამეურნეო მიწების პროპორციასთან.

ამჟამად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები საუბრობენ მიწათსარგებლობის პოლიტიკის ცვლილებაზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. მათი განცხადებით, საუკეთესო სტრატეგია იქნება ჰაბიტატის ხარისხის გაუმჯობესება და მიწათსარგებლობის ამჟამინდელი პრაქტიკის უარყოფითი გავლენის შემცირება, იგულისხმება პესტიციდები და ბუნების იზოლირებული მონაკვეთები ფერმების გარშემო.

ამ ციცქნა არსებათა გადარჩენა, როგორც ჩანს, დიდ ცვლილებებს მოითხოვს.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია tum.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.