საავადმყოფოებში დაჭერილ მწერთა 90 პროცენტი საშიში ბაქტერიების მატარებელი აღმოჩნდა - ახალი კვლევა
საავადმყოფოებში დაჭერილ მწერთა 90 პროცენტი საშიში ბაქტერიების მატარებელი აღმოჩნდა - ახალი კვლევა

საავადმყოფოებში მფრინავი მწერები შეიძლება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ. ახალი კვლევის მიხედვით, ინგლისის შვიდ სხვადასხვა საავადმყოფოში შემოწმებულ 10-დან 9 მფრინავ მწერს სხეულში პოტენციურად საშიში ბაქტერია ჰქონდა.

ბაქტერიის შტამების ნახევარზე მეტი ე. წ. სუპერბაგი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი რეზისტენტული არიან ანტიბიოტიკთა სულ მცირე ერთი კლასის მიმართ, სხვადასხვა კლასის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობა კი 20 პროცენტი აღმოჩნდა. აღმოჩენილი ბაქტერიის წინააღმდეგ ყველაზე ნაკლებად ეფექტიანი ანტიბიოტიკი პენიცილინი აღმოჩნდა.

კვლევის ავტორის, ფედერიკა ბიოჩის განცხადებით, ფართომასშტაბიანი მიკრობიოლოგიური ანალიზები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოს საავადმყოფოებში შეგროვებულ მფირნავ მწერთა უმეტესობას სხვადასხვა სახის პათოგენური ბაქტერია ჰქონდათ.

მისივე თქმით, ყველაზე საინტერესოა მწერებში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიის პროპორცია. ეს კი კიდევ ერთხელ მიუთითებს მკურნალობის დროს ანტიბიოტიკების გადაჭარბებული მოხმარების საფრთხეებზე.

მწერებში სულ 86 ბაქტერიული შტამი გამოვლინდა; 41 პროცენტ შემთხვევაში ისინი E. Coli-სა და სალმონელას ოჯახს მიეკუთვნებოდა.

შტამების 24 პროცენტი მიეკუთვნებოდა ტოქსიკურ B. Cereus-ს, 19 პროცენტი კი ოჯახს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კანის ინფექციები, ჩირქოვანი გამონაყარი და რესპირატორული ინფექციები.

18 თვის განმავლობაში, მკვლევრებმა 20 000-მდე მფრინავი მწერი შეაგროვეს.

კვლევის თანაავტორის, მიკრობიოლოგიის პროფესორის, ენტონი ჰილტონის განცხადებით, მწერები დაიჭირეს ერთ-ერთ ყველაზე სუფთა საავადმყოფოებში, სადაც მწერების მიერ პაციენტებს შორის დაავადებების გადატანის შანსი ძალიან დაბალია.

მისი თქმით, ასეთ სუფთა გარემოშიც კი, მწერებში საშიში ბაქტერიები მაინც ხვდება.

მწერების უფრო დიდი ოდენობა დაიჭირეს გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონებზე. უნდა აღინიშნოს, რომ მფრინავი მწერები დაიჭირეს საავადმყოფოების მრავალ სხვადასხვა ადგილას, მათ შორის სასადილოებში, მნახველებისა და თანამშრომლების ზონებში, პაციენტების ოთახებში, სამშობიარო განყოფილებებში.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი