გამყინვარების ხანის მგლის ლეკვის მუცელში აღმოჩენილი საკვებიდან ბეწვიანი მარტორქის გენომი აღადგინეს, რომელიც მათი უეცარი გადაშენების ამბავს ჰყვება — #1tvმეცნიერება
გამყინვარების ხანის მგლის ლეკვის მუცელში აღმოჩენილი საკვებიდან ბეწვიანი მარტორქის გენომი აღადგინეს, რომელიც მათი უეცარი გადაშენების ამბავს ჰყვება — #1tvმეცნიერება

დაახლოებით 14 400 წლის წინ, მგლის ლეკვის მიერ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ნაჭამი უკანასკნელი საკვები მეცნიერებს ახალ ცნობებს აწვდის იმის თაობაზე, თუ როგორ გაქრნენ ბეწვიანი მარტორქები.

2011 წელს ციმბირის გაყინულ ქანებში აღმოჩენილი ლეკვის მუცლის შემცველობის წინა ანალიზებმა ცხადყო, რომ ის სავსე იყო ბეწვიანი მარტორქის (Coelodonta antiquitatis) ხორცით. ლეკვი დაახლოებით იმ პერიოდისაა, როცა ეს მარტორქა გადაშენდა. ამჯერად, გენეტიკოსებმა მარტორქის გენომი გაშიფრეს (სეკვენირება) და ვერ მიაგნეს პოპულაციის გრძელვადიანი შემცირების ან ინბრიდინგის (შეჯვარება ახლო ნათესავ ინდივიდებს შორის) მტკიცებულებას.

შედეგები მიუთითებს, რომ ბეწვიანი მარტორქის გადაშენება უცაბედი და სწრაფი იყო და არა ისედაც დასუსტებული და დაშლილი პოპულაციის ნელი დაცემა გენეტიკურ დონეზე.

„რთული იმ ინდივიდთა გენომების აღდგენა, რომლებიც უშუალოდ გადაშენებამდე ცხოვრობდნენ, მაგრამ მნიშვნელოვან მინიშნებებს გვაწვდის იმაზე, თუ რამ გამოიწვია ამ სახეობათა გაქრობა, რაც შეიძლება ასევე რელევანტური იყოს დღეს საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა კონსერვაციისთვის“, — ამბობს შვედეთის უფსალის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი კამილო ჩაკონ-დუკე.

ბეწვიანი მარტორქა

ეს პირველი შემთხვევაა, როცა მეცნიერებმა სხვა ცხოველის მუცელში აღმოჩენილი გამყინვარების ხანის ცხოველის მთლიანი გენომი გაშიფრეს.

უძველეს ცხოველთა ნაშთების დნმ ხშირად ზედმეტად დეგრადირებულია და სეკვენირებისთვის გამოუსადეგარი. თუმცა, მუდმივად გაყინულ ქანებში (მრავალწლოვანი მზრალობა) აღმოჩენილი ნაშთები ხშირად ხრწნას გადარჩენილია. მოპოვებისა და სეკვენირების მოწინავე ტექნოლოგიათა წყალობით, დღეს უკვე შესაძლებელია გარკვეულწილად დაზიანებული დნმ-ის აღდგენა და გაშიფვრაც კი.

ბოლო პერიოდში მეცნიერებმა ისიც კი აჩვენეს, რომ მტაცებელთა საკვები შეიძლება გენეტიკური მასალების საოცრად მდიდარი წყარო იყოს — როცა ბეწვიანი მარტორქის დნმ აღადგინეს 30 000 წლის წინანდელი აფთრის განმარხებული განავლიდან.

ახალი კვლევის ობიექტი მგლის ლეკვი ციმბირში, ტუმატის სიახლოვეს აღმოაჩინეს. ის უკანასკნელი ჭამიდან ისე მალე მომკვდარა, რომ მარტორქის ხორცი ჯერ ბოლომდე მონელებული არ იყო და დნმ შედარებით ხელუხლებლად შემორჩენილი.

უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ლეკვი დაახლოებით იმ პერიოდში ცხოვრობდა, როცა ბეწვიანი მარტორქები გადაშენდნენ, რამაც მკვლევრებს იშვიათი გენეტიკური ცნობები მისცა ამ სახეობის საბოლოო საუკუნეების შესახებ. თუკი მარტორქების გადაშენებაში გენეტიკურმა კომპონენტმა შეიტანა წვლილი, დიდი ალბათობით, ამის მტკიცებულება ამ ეგზემპლარში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.

თუკი სახეობა გრძელვადიან პერიოდში შემცირდა, ასევე მცირდება ხელმისაწვდომ პარტნიორთა რაოდენობა, რაც გენეტიკური მრავალფეროვნების შემცირებას იწვევს. ეს ჩნდება განმეორებითი და გაზრდილი ინბრიდიგნის შედეგად დაბადებულ შთამომავლების გენებში — აშკარა ნიშანი გადაშენებამდე დამდგარი ნელი გენეტიკური კოლაფსისა.

ამიტომ, უფსალის უნივერსიტეტის პალეონტოლოგიის ცენტრის ჯგუფმა სოლვეიგ გუდიონსდოტირისა და ედანა ლორდის ხელმძღვანელობით, დეტალური სამუშაო ჩაატარა მგლის ლეკვის მუცელში აღმოჩენილი ბევიანი მარტორქის ხორციდან გენომის რეკონსტრუქციისთვის.

„ნამდვილად საოცარი იყო, მაგრამ ამავე დროს ძლიერ გამომწვევი, რომ ასეთი უჩვეულო ნიმუშიდან გამოგვეყო სრული გენომი“, — ამბობს გუდიონსდოტირი.

ამის შემდეგ, მკვლევრებმა გენომი შეადარეს ბეწვიანი მარტორქის სხვა ორ გენომს — ერთი დაახლოებით 18 500 წლისაა, მეორე კი დაახლოებით 48 500 წლის. თუკი იქნებოდა სახეობის შემცირების ან ზრდასთან შესაბამისი რაიმე გენეტიკური დეგრადაცია საზიანო გენეტიკურ მუტაციებში, ამ ნიმუშების დროით ინტერვალს ეს უნდა ეჩვენებინა.

ბეწვიანი მარტორქა

მკვლევრებმა ვერ მიაგნეს ვერანაირ მინიშნებას იმისა, რომ ბეწვიანი მარტორქის პოპულაცია გადაშენებამდე დესტაბილიზებული იყო.

„ჩვენმა ანალიზებმა აჩვენა საოცრად სტაბილური გენეტიკური მახასიათებელი, არ გამოვლინდა ცვლილება ინბრიდინგის დონეში ბეწვიანი მარტორქების გადაშენებამდე ათეულობით ათასი წლის წინ“, — ამბობს ლორდი.

18 500 წლის წინანდელი ბეწვიანი მარტორქის გენომზე ჩატარებულმა წინა კვლევამ ასევე ვერ მიაგნო პოპულაციის დასუსტების მანიშნებელ რაიმე ნიშანს. ეს მყარი მტკიცებულება იყო ერთი ინდივიდიდან, მაგრამ ტუმატში აღმოჩენილი ათასობით წლის შემდეგ მცხოვრები ლეკვის დნმ ძლიერი დადასტურებაა.

ერთობლივად, შედეგები აჩვენებს, რომ ბეწვიანი მარტორქები გადაშენებამდე გენეტიკურად ჯანმრთელნი იყვნენ, რაც გამორიცხავს პოპულაციის ხანგრძლივ, გაჭიანურებულ კოლაფსს.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბეწვიანი მარტორქა რაღაცამ უცბად ამოწყვიტა. გამომდინარე იქიდან, რომ გადაშენებამდე ეს ცხოველი ადამიანის გვერდით ბინადრობდა ათასობით წლის განმავლობაში, მსოფლიო კი გარკვეულ დრამატულ კლიმატურ რყევებს განიცდიდა 14 000 წლის წინ — მკვლევართა განცხადებით, მათი გადაშენების სავარაუდო მიზეზი არის ცვალებად პირობებთან მორგების უუნარობა.

„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ ბეწვიან მარტორქებს სიცოცხლისუნარიანი პოპულაცია ჰქონდათ ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში ადამიანების პირველად გამოჩენიდან 15 000 წლის შემდეგაც. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ გადაშენება კლიმატის დათბობამ გამოიწვია და არა ადამიანთა მხრიდან ნადირობამ“, — ამბობს გენეტიკოსი ლავ დალენი.

კვლევა Genome Biology and Evolution-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.