ციმბირში 50 000 წლის წინანდელი პატარა მამონტის გაყინული სხეული აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
იაკუტიის რეგიონში რუსმა მეცნიერებმა განსაკუთრებით კარგად შემონახული ახალშობილი მამონტის ნეშტი აღმოაჩინეს.
50 000 წლის წინანდელ ძუ მამონტს სახელად „იანა“ უწოდეს, იმ მდინარის მიხედვით, რომლის აუზშიც ის ამ ზაფხულს აღმოაჩინეს.
ექსპერტთა განცხადებით, „იანა“ მამონტის საუკეთესოდ შემონახული სხეულია მთელ მსოფლიოში და მხოლოდ მეშვიდე, რომელიც მთლიანი ტანის ფორმით აღმოაჩინეს.
ამჟამად მიმდინარეობს კვლევები, რათა დადგინდეს მისი ზუსტი ასაკი სიკვდილის დროს; მეცნიერთა ვარაუდში, ის ერთი წლის ან ცოტა მეტის იყო, როდესაც მოკვდა.
„გაოცებული ვართ ამ მამონტის განსაკუთრებით კარგ მდგომარეობაში შენახვის გამო“, — ამბობს იაკუტსკის ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის რექტორი ანატოლი ნიკოლაევი.
მამონტის სხეული 180 კილოგრამს იწონის, სიმაღლეში 120 სანტიმეტრის, სიგრძეში კი 200 სმ.
სხეული ბატაგაიკის კვლევით სადგურთან იპოვეს, სადაც ასევე აღმოჩენილია სხვა პრეისტორიულ ცხოველთა გაყინული სხეულები — მათ შორის, ცხენის, ბიზონისა და ლემინგის.
ამ აღმოჩენამდე, მსოფლიოში მამონტის მხოლოდ ექვსი სხეული იყო ნაპოვნი — ხუთი რუსეთში და ერთი კანადაში.
იაკუტია რუსეთის რეგიონია, რომელიც ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეს ესაზღვრება. მუდმივად გაყინული ნიადაგი ერთგვარი მაცივრის როლს ასრულებს, რომელიც დღემდე ინახავს პრეისტორიულ ცხოველთა ნაშთებს.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.