მეცნიერებმა მიაგნეს პირველ მყარ მტკიცებულებას იმისა, რომ ძუძუმწოვრების წინაპრები კვერცხს დებდნენ — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა მიაგნეს პირველ მყარ მტკიცებულებას იმისა, რომ ძუძუმწოვრების წინაპრები კვერცხს დებდნენ — #1tvმეცნიერება

უკვე 180 წელიწადზე მეტია, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ძუძუმწოვართა წინაპრები კვერცხს დებდნენ, მაგრამ ვერ პოულობდნენ ამის დამამტკიცებელ რაიმე ნამარხს.

ახლახან, პალეონტოლოგებს საბოლოოდ ჩაუვარდათ ხელში მაცდური მტკიცებულება, რომელიც ამ დიდი ხნის ეჭვებს ადასტურებს.

დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ, ღორის მსგავსმა, ეშვებიანმა წინამორბედმა ძუძუმწოვარმა, სახელად ლისტროზავრმა გამორჩეული ადგილი მოიპოვა ფერფლიან, მჟავა წვიმებიან და მოწამლული ზღვის ლანდშაფტებში დედამიწის ყველაზე სასტიკი გადაშენების მოვლენის, ე. წ. დიდი კვდომის ფონზე.

ლისტროზავრი ამ მღელვარე პერიოდს გადაურჩა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ახალი ანალიზების თანახმად, კვერცხებს დებდა. ეს დიდი ხნის ნანატრი აღმოჩენაა, რომელმაც შეიძლება პასუხი გასცეს დიდ სამეცნიერო საიდუმლოს და წარმოაჩინოს კვერცხისმდებლობა, როგორც გადარჩენის სტრატეგია ცხოველთა ამ ჯგუფისთვის.

ახალ კვლევაში, მეცნიერთა საერთაშორისო ტრიომ შეისწავლა სამი თითქმის დაბადებული ან ახლად დაბადებული ლისტროზავრის ნამარხი; მათ შორის ერთი, რომელიც, როგორც ჩანს, მრავალი მილიონი წლისა და უამრავი მასობრივი გადაშენების წინ დადებულ კვერცხში დაიღუპა.

განმარხებიდან დაახლოებით 250 მილიონი წლის შემდეგ, ჩვილ ლისტროზავრს კიდევ ორი ათწლეული მოუწია მოცდა, ვიდრე დიდი ხნის წინ დამსხვრეული ნაჭუჭებიდან გამოიღებდნენ.

პალეონტოლოგმა ჯონ ნიაპულიმ ჩვილი ლისტროზავრის ნამარხი 2008 წელს იპოვა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ნახევრად არიდულ კარუს რეგიონში. თუმცა, მისი კონტენტი მხოლოდ ცოტა ხნის წინ დადგინდა, საფრანგეთში, ევროპული სინქროტრონული გამოსხივების ცენტრში ჩატარებული მოწინავე ტომოგრაფიით; მათ შორის იყო ძვლის პაწაწინა ნაწილაკები.

როგორც წესი, ასეთი იშვიათი ნიმუშის ნაწილაკების ამაჩქარებელთან ახლოს განთავსება შეიძლება გონივრული არ იყოს. თუმცა, სინქროტრონული ტომოგრაფია არადესტრუქციულია და იყენებს სწრაფად აჩქარებული ნაწილაკების მიერ წარმოქმნილ რენტგენულ სხივებს. სწორედ ასე გადაიღო შიდა სტრუქტურის ციცქნა, განმარხებული ძვლები სამ განზომილებაში.

„მეცნიერებისთვის ნიმუშების გადაღებამდე დიდი ხნით ადრე ცხადი იყო, რომ ერთ-ერთი მათგანი „იდეალურად დახვეული ლისტროზავრის ნაშიერი“ იყო. ჯერ კიდევ მაშინ ვეჭვობდი, რომ ის კვერცხში მოკვდა, მაგრამ იმ დროს უბრალოდ არ გაგვაჩნდა ტექნოლოგია, რომელიც ამას დაადასტურებდა“, — ამბობს იოჰანესბურგის ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ჯენიფერ ბოთა.

მიუხედავად იმისა, რომ კვერცხის ნაჭუჭი შემორჩენილი არ არის, კვანძი, რომელშიც ის იყო შენახული, ზუსტად ლისტროზავრის კვერცხის ზომის უნდა ყოფილიყო; ნამარხის დახვეული პოზაც ოვალური ფორმისაა.

სკანირებებმა ცხადყო, რომ ქვედა ყბა არ არის შერწყმული, როგორც ეს თანამედროვე ფრინველებსა და კუებშია გამოჩეკამდე, რაც მიუთითებს, რომ ეს პატარა ჯერ კიდევ კვერცხში მოკვდა.

ამას გარდა, მისი ძვლები და ხრტილები ზედმეტად სუსტი ჩანს, რათა მისი წონისთვის გაეძლო, განსხვავებით სხვა შესწავლილი ახალშობილი ლისტროზავრებისგან.

ბოთა და მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ლისტროზავრის კვერცხები შეიძლება რბილი და ტყავისებრი ყოფილიყო და არა დინოზავრის კვერცხის მსგავსად მყარი, რომელთა ნამარხებიც მრავლად არსებობს.

ამიტომ, საინტერესოა, რატომ აღორძინდა ეს მსუქანი, ბალახისმჭამელი ძუძუმწოვარი დიდი კვდომის დროს, მაშინ, როცა სხვა უფრო მრისხანე არსებები დამარცხდნენ?

წინა კვლევების მიხედვით, ლისტროზავრები ადაპტირებადი ცხოველები იყვნენ. არსებობს მტკიცებულება, რომ ცივ კლიმატში გავრცელებული ამ გვარის ზოგიერთი წევრი ზოგიერთი თანამედროვე ძუძუმწორვის სტრატეგიას იყენებდა გარემოს წნეხისგან თავის ასარიდებლად — ზამთრის ძილს (ჰიბერნაცია).

ახალი ნაშრომი კი მიუთითებს მის კვერცხმდებლურ უნარზე, როგორც გადარჩენის მთავარ სტრატეგიაზე.

როგორც ჩანს, ლისტროზავრი თავის ტანის ზომასთან შედარებით დიდ კვერცხებს დებდა; დიდი კვერცხები კი ნაკლებად უნდა გამომშრალიყო მკაცრ, გვალვიან გარემოში.

დიდი კვერცხები ასევე მიუთითებს, რომ ლისტროზავრის ნაშიერები სავარაუდოდ დიდები და წიწილოვანი იყვნენ — გამოჩეკისთანავე შეეძლოთ დამოუკიდებლად კვება, მტაცებლებისგან გაქცევა და რეპროდუქციულ სიმწიფემდე უფრო სწრაფად მიღწევა.

ამას გარდა, კვერცხების ზომა მიუთითებს, რომ ლისტროზავრს რძე არ ჰქონდა ნაშიერებისთვის, რომლებიც გამოჩეკამდე კარგად უნდა გამოკვებილიყვნენ დიდი კვერცხის გულით.

გარდა გადარჩენისა, აღმოჩენა აძლიერებს იდეებს, რომლებიც მეცნიერებს უკვე ჰქონდათ ლაქტაციის წარმომავლობის შესახებ. შესაძლოა, ის სულაც არ დაწყებულიყო, როგორც ნაშიერების კვების გზა და სინამდვილეში წარმოადგენდა კანის სეკრეციას, რომელიც გამოიყენებოდა კვერცხების დანოტივებისთვის, საკვები ნივთიერებებით უზრუნველსაყოფად, სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციებისგან მათ დასაცავად, ანდაც ჰორმონალური სიგნალიზაციისთვის კვერცხუჯრედის მემბრანის მეშვეობით.

საბოლოო ჯამში, კვლევა ვარაუდობს, რომ ლისტროზავრმა დედამიწის თითქმის დასასრული გადაიტანა სწრაფი ზრდითა და ნაშიერების გამრავლებით, რამაც მას უპირატესობა მისცა დიდი კვდომის შემდეგ.

„ლისტროზავრი გადამწყვეტ ადგილს იკავებს იმის გასაგებად, თუ როგორ განაპირობა რეპროდუქციულმა სტრატეგიებმა გადარჩენა ამ გადაშენების დროს“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა PLOS One-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.