ახალგამოჩეკილი დინოზავრები იურული პერიოდის მტაცებელთა ძირითადი საკვები იყო — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ახალგამოჩეკილი დინოზავრები იურული პერიოდის მტაცებელთა ძირითადი საკვები იყო — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ახალგამოჩეკილი გრძელკისერა დინოზავრები შეიძლება „ფასტფუდის“ როლს ასრულებდნენ იურულ პერიოდში. ნამარხებზე დაყრდნობით აღდგენილი იმ პერიოდის დეტალური კვების ჯაჭვი აჩვენებს, რომ ეს ახალგაზრდა დინოზავრები იმ ზონის მტაცებელთა პოპულაციების თითქმის ერთადერთი საკვები იყვნენ.

ტლანქი სხეულითა და საოცრად გრძელი კისრითა და კუდით, ზავროპოდები დინოზავრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეობაა. მათ რიგებს ეკუთვნოდა ხმელეთის ყველაზე დიდი ცხოველები დედამიწის ისტორიაში, რაც მათ სავარაუდოდ კარგად გამოიყენეს მტაცებლებისგან თავის დასაცავად.

თუმცა, ასეთ ზომამდე გასაზრდელად დიდი დრო იყო საჭირო და ამას ძალიან ცოტა ახერხებდა. იმდენად ცოტა, რომ ახალგამოჩეკილი ზავროპოდები შეიძლება საკვების ყველაზე უხვი წყარო იყო იურული მტაცებლებისთვის. მართლაც, რატომ უნდა ებრძოლათ ვთქვათ ეკლებიან სტეგოზავრებთან, როცა გზად შეეძლოთ მარტივად დაეჭირათ ახალგაზრდა ბრაქიოზავრი?

„ჯერ მხოლოდ ზომის გამო გაუჭირდებოდათ ზავროპოდებს კვერცხების მოვლა დამტვრევის გარეშე და როგორც მტკიცებულებები მიუთითებს, ახალგამოჩეკილი კუების მსგავსად, არც პატარა ზავროპოდებს პატრონობდნენ მშობლები. ამ ეკოსისტემაში ცხოვრება იაფი იყო და სავარაუდოდ, ისეთი მტაცებლები, როგორიც ალოზავრები იყვნენ, ძირითადად პატარა ზავროპოდებს ჭამდნენ“, — ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პალეოეკოლოგი კასიუს მორისონი.

შემდეგ მკვლევრებმა შეისწავლეს პრეისტორიული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დეტალური ეკოლოგიური სურათი — დრაი-მესას დინოზავრთა კარიერი კოლორადოს შტატში, სადაც იურული პერიოდის, ანუ დაახლოებით 150 მილიონი წლის წინანდელი ათეულობით სახეობის დინოზავრის ათასობით ნამარხია აღმოჩენილი.

მკვლევრებმა სხვადასხვა ცხოველთა კვების შესახებ უკვე არსებული მონაცემებით დაიწყეს და შექმნეს კომპლექსური კვების ჯაჭვი — არსებითად, ყველა შესაძლო კავშირი მტაცებლებს, მსხვერპლსა და მცენარეებს შორის იმ დროს არსებულ ტერიტორიაზე.

ასე დაადგინეს, რომ ზავროპოდებს იმაზე გაცილებით მეტი კავშირი ჰქონდათ ჯაჭვში, ვიდრე ბალახისმჭამელ დინოზავრთა მეორე უდიდეს კლადს — ფრინველმენჯა დინოზავრებს (Ornithischia). სავარაუდოდ იმიტომ, რომ ფრინველმენჯა დინოზავრების შეჭმა რთული იყო — რატომ უნდა ეჭამათ ეკლებიანი კუდის მქონე სტეგოზავრები ან ჯავშნოსანი გარგიოილოზავრები, როცა იქაურობა სავსე იყო შედარებით დაუცველი, უყურადღებოდ მოხეტიალე პატარა ზავროპოდებით?

თუმცა, კვების ჯაჭვის კვლევის ყველაზე მომაჯადოებელი დაკვირვება იყო ის, რომ ადვილად ხელმისაწვდომი საკვების სიუხვემ შეიძლება ახსნას, რატომ იყო მათი ევოლუცია ცოტათი შენელებული. იმ დროის მთავარი მტაცებლები პატარები და ნაკლებად ძლიერები იყვნენ, ვიდრე ათეულობით მილიონი წლით შემდეგ გამოჩენილები, თუნდაც სახელგანთქმული ტირანოზავრი რექსი.
ტირანოზავრი რექსის პერიოდში ზავროპოდები ცოტა იყვნენ და შესაბამისად, მისთვის საკვების მოპოვება უფრო რთული იყო — ჩამოუყალიბდათ დიდი ზომა, უკეთესი ხედვა და საოცრად მძლავრი საკბენი ძალა ისეთ ცხოველებზე სანადიროდ, რომლებიც შეებრძოლებოდნენ, მაგალითად, სამრქიანი ტრიცერატოფსი.

კვლევა New Mexico Museum of Natural History and Science Bulletin-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ucl.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.