ზავროპოდი დინოზავრის ნამარხში მისი უკანასკნელი „სადილი“ აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა ისტორიაში პირველად შეისწავლეს ზავროპოდი დინოზავრის განმარხებული ნაწლავის შემცველობა. ირკვევა, რომ დედამიწის ისტორიაში უდიდესი ხმელეთის ცხოველები ბალახისმჭამელები იყვნენ და საკვებს ძლივს ღეჭავდნენ.
ნამარხი, რომელსაც ზედმეტსახელად ჯუდი უწოდეს, Diamantinasaurus matildae-ს სახეობას ეკუთვნის და ავსტრალიაში, ქვინზლენდის სიახლოვეს აღმოაჩინეს 2017 წლის მაისში.
ჯუდის სხეული სიკვდილიდან მალევე მიმოუფანტავთ ლეშისმჭამელებს, დაახლოებით 94-101 მილიონი წლის წინ. თუმცა, დინოზავრის სხეულის დიდი ნაწილი ხელუხლებელია, მათ შორის, მისი კანის მინერალიზებული ნაწილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემონახულია მისი ნაწლავის შემცველობაც, სადაც სხვადასხვა სახის მცენარეულობა აღმოჩნდა.
ზავროპოდების თავის ქალასა და ყბებზე დაყრდნობით, ამ დრომდე მიიჩნეოდა, ისინი ვეგეტარიანელები იყვნენ, მაგრამ პალეონტოლოგებს არ ჰქონდათ იმის პირდაპირი მტკიცებულებები, თუ რა შედიოდა მათ რაციონში.
„ძნელია, ჯუდის აღტაცებით არ შეხედო, რაც შეიძლება, სხვა ზავროპოდების შემთხვევაში ვერ იგრძნო“, — ამბობს ავსტრალიის კერტინის უნივერსიტეტის მკვლევარი, არქეოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელი სტივენ პოროპატი.

ჯუდის სიგრძე 11 მეტრია, საიდანაც 4 მეტრი კისერია, 3,3 მეტრი კუდი და სავარაუდოდ, სიკვდილის დროს ჯერ ზრდასრული არ იყო.
დინოზავრის მუცელი მცენარეულობით იყო სავსე.
კანი და სხეულის სიღრუეები სავსე იყო მცენარეებით. დარწმუნებული ვიყავით, რომ ნაწლავებიც სავსე იქნებოდა“, — ამბობს პოროპატი.
ნაწლავებში აღმოჩნდა ფოთლები და წიწვოვანი ხეების ნაყოფები, მათ შორის Araucaria-სი და Austrosequoia wintonensis-ის, ასევე გაურკვეველი მოყვავილე მცენარის ფოთლები.

მიუხედავად იმისა, რომ მცენარეულობა მოძოვილი ჩანდა, ის დაუღეჭავი და იმდენად ფართო დიაპაზონის იყო, რომ ჯგუფის აზრით, ჯუდი განურჩევლად, დაუღეჭავად ყლაპავდა ყველაფერს.
„საერთოდ არ ღეჭავდა, უბრალოდ ძოვდა და ყლაპავდა“, — აღნიშნავს პოროპატი.
ჯუდის მუცელში აღმოჩენილი დაუღეჭავი მცენარეულობის ასეთი მრავალფეროვნება გვაფიქრებინებს, რომ ზავროპოდები დიდი ოდენობით მეთანს გამოყოფდნენ, როგორც სპილოები და მარტორქები.
„ყოველთვის საინტერესოა იმის დადგენა, თუ რას ჭამდნენ გადაშენებული ცხოველები, მაგალითად, გიგანტური ზავროპოდები. პანდა დათვების მხოლოდ თავის ქალა რომ გვქონდეს, ალბათ დავიჯერებთ, რომ ისინიც იმავეს ჭამენ, რასაც სხვა დათვები და ვერ ვიფიქრებთ, რომ სინამდვილეში, მხოლოდ ბამბუკს მიირთმევენ“, — ამბობს ფლინდერსის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯონ ლონგი.
მისი განცხადებით, ამ დრომდე, მხოლოდ ვვარაუდობდით, რომ ეს გიგანტები მცენარეებს ჭამდნენ. ახლა კი უკვე ვიცით, რომ ისინი არა მხოლოდ ჭამდნენ მცენარეებს, არამედ ჭამდნენ ძალიან ბევრ სახეობას, როგორც მიწაზე, ისე ხის ტოტებზე.
კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.