ადამიანთა შორეული წინაპარი დინოზავრების მკვლელ ასტეროიდს გადაურჩა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ადამიანთა შორეული წინაპარი დინოზავრების მკვლელ ასტეროიდს გადაურჩა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

უკვე დიდი ხანია, სამეცნიერო საზოგადოებაში აქტიური დებატები მიმდინარეობს ერთი უცნაური საკითხის ირგვლივ: პლაცენტიანი ძუძუმწოვრების (მათ შორის ჩვენი) განმსაზღვრელი საკვანძო მახასიათებლები ჩვენს წინაპრებში დინოზავრების გადაშენებამდე ჩამოყალიბდა თუ მას შემდეგ.

ბრიტანეთის ბრისტოლის უნივერსიტეტისა და შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებული ახალია ანალიზების შემდეგ, ეს დებატები შეიძლება საბოლოოდ გადაიჭრას.

ამ დროისათვის, 66 მილიონი წლის წინ მომხდარი ცარცულ-პალეოგენურ მასობრივ გადაშენებამდელი (როცა დინოზავრები გადაშენდნენ) პლაცენტიანი ძუძუმწოვრის ნამარხი აღმოჩენილი არ არის. თუმცა, ნამარხი ჩანაწერებით მოიპოვეს მოლეკულური საათის მონაცემები, რომელიც მიუთითებს, რომ გენეალოგია დროში ძალიან შორს მიდის, დინოზავრების კვალდაკვალ.

მოლეკულური საათის მონაცემები დროთა განმავლობაში სტაბილურად მომხდარ გენეტიკურ ცვლილებებს აანალიზებს, რათა ზუსტად განსაზღვროს სახეობათა საერთო წინაპარი.

სტატისტიკური ანალიზის ახალი მიდგომის გამოყენებით, მკვლევრებმა აჩვენეს, როგორ შეიძლებოდა გაჩენილიყო პლაცენტიან ძუძუმწოვართა ყველაზე ადრეული ფორმები ცარცულ პერიოდში, მცირე პერიოდით დინოზავრების გვერდიგვერდ.

„პლაცენტიან ძუძუმწოვართა ათასობით ნამარხს მოვუყარეთ თავი და შევძელით სხვადასხვა ჯგუფების წარმოშობისა და გადაშენების მახასიათებელთა დანახვა. ამის საფუძველზე, შეგვიძლია გამოვთვალოთ, როდის ჩამოყალიბდნენ პლაცენტიანი ძუძუმწოვრები“, — ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის პალეობიოლოგი ემილი კარლაილი.

მკვლევართა მიერ გამოყენებულმა მოდელმა ასევე აჩვენა, რომ პლაცენტიან ძუძუმწოვართა უფრო თანამედროვე ხაზმა ჩამოყალიბება მხოლოდ ასტეროიდის დაცემის შემდეგ დაიწყო. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ გამრავალფეროვნებისთვის უკეთესი გარემო დინოზავრების გადაშენების შემდეგ გაჩნდა.

კლადების, ანუ საერთო წინაპრის მქონე ორგანიზმთა ჯგუფების ასაკთა შესაფასებლად გამოიყენეს ე. წ. ბაიეს-ბრაუნის ხიდის მოდელი. ამ ტიპის სტატისტიკური მოდელი ალბათობებს მიმართავს, რათა გაარკვიოს ევოლუციური მახასიათებლები დროის ისეთ მონაკვეთებში, სადაც არ არსებობს მყარი მტკიცებულებები.

380 პლაცენტიანი ძუძუმწოვრის ოჯახისგან შემდგარი მონაცემთა ბაზის საფუძველზე, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მათი 21,3 პროცენტი ცარცულ ხანაშიც უნდა ყოფილიყო გავრცელებული.

მათ შორის არის ჯგუფები, რომელთაგანაც წარმოიშვნენ პრიმატები, ძაღლები და კატები, კურდღლები, ბოცვრები და ა. შ. ამას გარდა, სიმულაციები კარგად დაემთხვა წინა მოლეკულური საათის მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, პლაცენტიან ძუძუმწოვრებს ასეთივე უძველესი ფესვები აქვთ.

„ჩვენ მიერ გამოყენებული მოდელი წარმოშობის თარიღებს იმის მიხედვით აფასებს, თუ როდის ჩნდება მოდგმა ნამარხ ჩანაწერებში, ასევე დროთა განმავლობაში ამ მოდგმის სახეობათა მრავალფეროვნების გათვალისწინებით. ბოლო გამოჩენის საფუძველზე, ასევე შეუძლია ივარაუდოს გადაშენების თარიღიც“, — ამბობს ფრიბურგის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი დენიელ სილვესტრო.

მკვლევართა ვარაუდით, სახეობათა ევოლუციური გზების შესასწავლად, მათ მიერ გამოყენებული მოდელი უფრო ზუსტია, ვიდრე ნამარხი ჩანაწერების ან მოლეკულური მონაცემების გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მცირეა ხელმისაწვდომ ნამარხთა რაოდენობა.

ნამარხებს მხოლოდ ძალიან ცოტა ცხოველი ტოვებს — იმისათვის, რათა ორგანიზმი განმარხდეს, საჭიროა ძლიერ განსაკუთრებული გარემო პირობები; შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ პლაცენტიან ძუძუმწოვართა ადრეული ფორმების ნამარხები შემორჩენილი არ არის.

მკვლევრებს ახლა იმედი აქვთ, რომ მათ მიერ შექმნილი მოდელის გამოყენება სხვა კვლევებშიც იქნება შესაძლებელი. რაც უფრო მეტი სამუშაო სრულდება ნამარხების გაციფრულებისა და ორგანიზმების კლასიფიკაციის მიმართულებით, მით უფრო გაუმჯობესდება ასეთი სტატისტიკური მიდგომის მიერ დადებული შედეგები.

„როგორც წარმოშობის, ისე გადაშენებათა შესწავლით, უფრო თვალნათლივ შეგვიძლია დავინახოთ ისეთი მოვლენების გავლენა, როგორიც იყო ცარცულ-პალეოგენური მასობრივი გადაშენება ან პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმი“, — ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის პალეობიოლოგი ფილ დონოგი.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია bristol.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.