დინოზავრები შეიძლება გადარჩენილიყვნენ, თუ ასტეროიდი დედამიწას სხვა ნებისმიერ ადგილას დაეცემოდა - ახალი კვლევა
დინოზავრები შეიძლება გადარჩენილიყვნენ, თუ ასტეროიდი დედამიწას სხვა ნებისმიერ ადგილას დაეცემოდა - ახალი კვლევა

66 მილიონი წლის წინ, დედამიწას 10-კილომეტრიანი ასტეოროიდი დაეცა. შეჯახებისას წარმოქმნილი ენერგია მილიარდობით ატომური ბომბის აფეთქებას უდრიდა.

ამ კატაკლიზმის ყველაზე ცნობილი მსხვერპლნი დინოზავრები აღმოჩნდნენ, თუმცა მათ გვერდით მოხვდნენ ზღვის ქმნილებები, მცენარეები და მიკროორგანიზმებიც. ამ მოვლენას ცარცულ-პალეოგენურ გადაშენებას უწოდებენ, რამაც დედამიწის ბიომრავალფეროვნება 75%-ით შეამცირა.

მოზრდილი ასტეროიდი ჩვენს პლანეტას დაახლოებით 100 მილიონ წელიწადში ერთხელ ეჯახება. როგორც ახალი, საკამათო კვლევა გვთავაზობს, ცარცულ-პალეოგენურ გადაშენების ეს მოვლენა განსაკუთრებით ნაკლებ სარწმუნო იყო.

რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, მკვლევართა წყვილმა გამოთვალა, რომ ამ ასტეროიდს 10-დან 1-ზე ნაკლები შანსი ჰქონდა, რომ მასობრივი გადაშენება გამოეწვია.

თუმცა, ჩვენ, ძუძუმწოვრები განსაკუთრებით მოხარულნი უნდა ვიყოთ, რომ ასე მოხდა: მას შემდეგ, რაც დონოზავრები გადაშენდნენ, დღის სინათლეზე გამოვიდნენ ჩვენი წინაპრები და თანდათან პლანეტაც დაიპყრეს. დინოზავრთა ერთი შტო მაინც გადარჩა და დღემდე არსებობს ფრინველების სახით.

დარტყმის ყველაზე საბედისწერო სიმპტომი ჭვარტლი აღმოჩნდა — ამტკიცებენ ტოჰოკუს უნივერსიტეტის პალეონტოლოგი კუნიო კაიჰო და იაპონიის მეტეოროლოგიური კვლევითი ინსტიტუტის ატმოსფეროს ქიმიკოსი ნაგა ოშიმა.

ასტეროიდი დედამიწას თანამედროვე მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულის სიახლოვეს დაეცა. მკვლევართა თქმით, ამ ადგილას, თავთხელი ზღვის ქვეშ, გაწოლილი იყო ნედლი ნავთობისა და ნახშირწყალბადების ვრცელი რეზერვუარი, რომელიც ცეცხლის ალში გახვევას უცდიდა.

2016 წელს გამოქვეყნებულ თავიანთ წინა კვლევაში, კაიჰომ და ოშიმამ მოახდინეს მოდელირება, თუ რა მოხდებოდა, თუკი ასტეროიდი დიდი ოდენობით ორგანულ მასალას ჭვარტლად გარდაქმნიდა, რომელიც მილიონობით ტონით გაიტყორცნებოდა სტრატოსფეროში.

ამ სცენარის მიხედვით, ჭვარტლის ღრუბელმა დაბლოკა მზის რადიაცია და დედამიწის ტემპერატურა დაეცა. ნახშირბადის ამ ხაფანგში მოქცეული მცენარეულობა დაჭკნა და გახმა. თანდათან მათ გზას გაუყვნენ გადარჩენილი ცხოველებიც.

66 მილიონი წლის წინ, დედამიწის ზედაპირის მხოლოდ 13% შეიცავდა ასეთი აპოკალიფსისთვის საკმარის ორგანულ მასალას — ასკვნიან ავტორები ახალ კვლევაში.

თუკი ასტეროიდი დედამიწას დანარჩენი 87%-ის ნებისმიერ სხვა ადგილას დაეცემოდა, „ვფიქრობ, დინოზავრები დღესაც ცოცხლები უნდა იყვნენ“, — ამბობს კაიჰო.

პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პალეოოკეანოგრაფი ტიმოთი ბრალოუერი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, მკვლევართა ნაშრომს მიესალმება „ინოვაციური გზით ფიქრისთვის“. მაგრამ მისი აზრით, საეჭვოა, რომ ასტეროიდის ასეთი მომაკვდინებლობა მხოლოდ ჭვარტლის ბრალი ყოფილიყო.

„მათ მიერ დასახელებული 13 პროცენტი ძალიან ბევრ ვარაუდს ეფუძნება“, — ამბობს ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი სინ გულიკი.

ასტეროიდმა ამოტყორცნა ჭვარტლი, „მაგრამ ეს ჭვარტლი არ ყოფილა დინოზავრთა მთავარი მკვლელი“.

ასტეროიდით გადაშენების თეორია, რომელიც ფართოდ მიღებულია, როგორც დინოზავრთა გაუჩინარების ყველაზე შესაძლო ახსნა, ათწლეულობით კვლევას ეფუძნება.

1970-იანი წლების ბოლოს, ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, მამა-შვილმა ლუის და ვალტერ ალვარესებმა დაიწყეს ცარცულ და პალეოგენურ გეოლოგიურ ეპოქებს შორის არსებული პერიოდის ქანების კვლევა.

ალვარესების ჯგუფმა იტალიაში, თიხაში აღმოაჩინა ქიმიური ელემენტი ირიდიუმი, რომელიც ამ მოცულობით მხოლოდ ასტეროიდებში იყო ნაპოვნი; თიხა სწორედ ამ უძველეს გამყოფ ეპოქას მიეკუთვნებოდა. წითელ თიხაში ასევე შერეული იყო ცარცული პერიოდის ჭვარტლი.

66 მილიონი წლის წინანდელ თიხაში, ირიდიუმი მთელ მსოფლიოშია აღმოჩენილი, ერთმანეთისგან ისე შორს მდებარე ქვეყნებში, როგორებიცაა ტუნისი და ახალი ზელანდია. 1990 წელს, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ნაპოვნია მთლიანი „ჭრილობა“. ეს გახლდათ გიგანტური ნაწიბური იუკატანის ნახევარკუნძულზე, „აპოკალიფსის კრატერი“ მექსიკის პატარა ქალაქ ჩსიკულუბის სიახლოვეს.

კაიჰომ და ოშიმამ თავიანთ ჭვარტლის ღრუბლის გამოთვლები დააფუძნეს ჰაიტის გეოლოგიურ ფენას, რომელიც ნახევარკუნძულთან შედარებით ახლოს მდებარეობს. ცარცული ეპოქის გვიანდელ პერიოდში, ეს ქანები მდიდარი იყო ნახშირწყალბადებით.

ეს კი მათი თქმით, ასტეროიდისთვის საჭირო ჭურვი იყო.

„თუკი ასტეროიდი დაეცემოდა დედამიწის ნახშირწყალბადთა დაბალ-საშუალო ზონას (რომელიც დედამიწის ზედაპირის 87%-ს იკავებს), არ უნდა მომხდარიყო მასობრივი გადაშენება“, — ამბობს კაიჰო.

მაგრამ გულიკი, რომელიც 2016 წელს ასტეროიდის კრატერის გათხრების პროექტის მონაწილე იყო, აღნიშნავს, რომ ჩისკულუბის დარტყმით კრატერთან საკმარისი ოდენობის ორგანულ ნივთიერებათა არსებობის მხოლოდ მცირე მტკიცებულებები არსებობს.

მეცნიერებმა იპოვეს შეჯახების ეპოქის ქანებში დამარხული საშინელებათა დღიური. ჰიპოთეტური „მკვლელი მექანიზმი“ ასევე მოიცავს ასტეროიდის მიერ მოტანილ მძიმე ტოქსიკურ მეტალებს, მჟავურ ოკეანეებსა (იმდენად კოროზიულს, რომ ცხოველთა ნეშტებიც კი დაშალა) და გლობალურ ცეცხლოვან ქარიშხლებს.

ასტეროიდის მიერ გატყორცნილი ცეცხლოვანი ნამსხვრევები უკან წვიმასავით უნდა ჩამოცვენილიყო და ცეცხლის ალში გაეხვია პლანეტის ტყეები. სწორედ ამას შეუძლია ახსნას თიხაში ნაპოვნი ჭვარტლი, ამბობს ბრალოუერი.

მისი აზრით, ცარცულ-პალეოგენურ გადაშენება არ იყო მხოლოდ ერთი დარტყმის შედეგი.

„სიცოცხლის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ მასობრივ გადაშენებას მხოლოდ ერთი მექანიზმი გამოიწვევდა“.

ყველა მკვლევარი თანხმდება, რომ შეჯახების ადგილი, ჩისკულუბი, გადამწყვეტი აღმოჩნდა, რათა მოვლენა განამადგურებელი ყოფილიყო.

„კვლევის ავტორები მართლები არიან იმ თვალსაზრისით, რომ დარტყმა სხვა ადგილას არ ყოფილა“, — ამბობს გულიკი.

ბრალოუერიც და გულიკიც მიეკუთვნებიან მკვლევართა იმ ჯგუფს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ასტეროიდმა გამოყო სასიკვდილო ოდენობის არა ჭვარტლი, არამედ გაზები.

ატმოსფეროში ასული ნახშირორჟანგისა და გოგირდის უკიდურესად მაღალ ოდენობას უნდა გამოეწვია სათბურის ეფექტის საპირისპირო: ზედაპირის ტემპერატურა 20 გრადუს ცელსიუსზე მეტით დაეცა.

„თუკი პლანეტას სულ რაღაც ხუთ წელიწადში 26 გრადუსით გააციებთ, დაიწყება სასტიკი გადაშენება“, — ამბობს ბრალოუერი.

კლიმატის შეცვლისათვის საჭირო აირების გამოყოფისათვის, საჭირო იყო ასტეროიდი დაცემულიყო დანალექი ქანების თავზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასტეროიდი სწორედ ჩისკულუბის სიახლოვეს უნდა ჩამოვარდნილიყო.

 

 

 

 

 

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით