ასტეროიდთან შეჯახების შემდეგ, NASA-ს ხომალდმა უზარმაზარი ლოდები მოწყვიტა და კოსმოსში მიმოფანტა — #1tvმეცნიერება
ასტეროიდთან შეჯახების შემდეგ, NASA-ს ხომალდმა უზარმაზარი ლოდები მოწყვიტა და კოსმოსში მიმოფანტა — #1tvმეცნიერება

ახალი დაკვირვებები ცხადყოფს, რომ გავლენა, რომელიც შარშან კაცობრიობამ მოახდინა მზის გარშემო მოძრავ კოსმოსურ ქვაზე, დღემდე გრძელდება.

2022 წლის სექტემბერში, NASA-მ ასტეროიდ დიმორფოსს კოსმოსური ხომალდი შეაჯახა. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის უახლესი დაკვირვებები აჩვენებს, რომ ლოდების გიგანტური გროვა, რომელიც დარტყმის შემდეგ ასტეროიდიდან ამოცვივდა, მას კვალდაკვალ მიჰყვებიან ვარსკვლავებივით.

ორმაგი ასტეროიდის გადამისამართების მისიის (DART) შედეგების ახალი სურათები ასტეროიდთა კვლევის მომავალ მისიებს დიდ დახმარებას გაუწევს, რათა მომავალში ასეთი დარტყმები უკეთესად და უფრო დიდი სიზუსტით შესრულდეს.

„სანახაობრივი დაკვირვებაა, უკეთესი, ვიდრე ველოდებოდი. ვხედავთ, რომ ლოდების ღრუბელს მასა და ენერგია აქვს აღებული დარტყმის სამიზნიდან. ლოდების რაოდენობა, ზომა და ფორმა შეესაბამება მათ, რომლებიც დარტყმის შედეგად ასტეროიდ დიმორფოსის ზედაპირიდან ამოცვივდა“, — ამბობს ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი დევიდ ჯეუიტი.

მისი განცხადებით, ეს ყველაფერი გვეუბნება, თუ რა ხდება, როდესაც ასტეროიდს დაარტყამ და ხედავ, როგორ ამოდის მისგან დიდი ზომის მასალები.

„ეს ლოდები ერთ-ერთი ყველაზე მკრთალი ობიექტებია, რაც კი ოდესმე გადაგვიღია მზის სისტემაში“.

მისია DART-ზე შეიძლება გაგეცინოთ კიდეც, მაგრამ მას ძალიან სერიოზული მიზანი ჰქონდა. მისი დანიშნულება იყო, ოდნავ ამოეგდო უფრო დიდი ასტეროიდის, დიდიმოსის გარშემო ორბიტიდან, რათა შეემოწმებინა, რამდენად შეგვიძლია, რომ დედამიწისკენ მომავალ პოტენციურად საშიშ ასტეროიდებს მიმართულება შევუცვალოთ.

ტესტი უდიდესი წარმატებით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ დიმორფოსი და დიდიმოსი ერთმანეთთან გრავიტაციულ ბმაში დარჩნენ და ორმაგი ასტეროიდის სტატუსი შეინარჩუნეს, მათი 7,9-საათიანი ორბიტული პერიოდი 33 წუთით შემცირდა. ასეთი შედეგი იმაზე კარგია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით დარტყმის შედეგად გამოწვეულ, ამჟამად მიმდინარე ეფექტთა შესახებ, თუმცა, მეცნიერები ორმაგ (ბინარულ) ასტეროიდზე დაკვირვებას განაგრძობენ; რაიმე ოდნავი ცვლილებაც კი რომ არ გამორჩეთ, იყენებენ ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს.

2022 წლის 19 დეკემბერს, ერთ-ერთ ასეთ ობიექტს ჰაბლი ასტეროიდიდან მოწყვეტისთანავე აკვირდებოდა. სურათებში გამოჩნდა, რომ დიმორფოსისა და დიდიმოსის გარშემო ლოდების მთელი ღრუბელი იყო მიმოფანტული.

მეცნიერებმა ჯამში 37 ლოდი დაითვალეს. ზომები სხვადასხვა იყო, მეტრიდან 6,7 მეტრამდე. ისინი ასტეროიდს ნელ-ნელა სცილდებოდნენ, დაახლოებით 1 კმ/სთ სიჩქარით.

მიუხედავად იმისა, რომ ხომალდი DART-ი დიმორფოსს დაახლოებით 22 500 კმ/სთ სიჩქარით შეეჯახა, ეს ლოდები სავარაუდოდ ასტეროდის დამსხვრევის შედეგი არ არის.

DART-ის მიერ შეჯახებამდე გადაღებულ სურათებში ჩანდა, რომ ასტეროიდის ზედაპირზე ბევრი ლოდია. სავარაუდოდ, დარტყმამ ისინი უბრალოდ ამოყარა. ასევე შესაძლებელია, რომ ისინი სეისმური ბიძგების შედეგად წარმოიქმნა და ასტეროიდს მოგვიანებით მოწყდნენ.

2024 წელს, ასტეროიდს ესტუმრება და დარტყმის შედეგებს შეისწავლის კოსმოსური ხომალდი, სახელად „ჰერა“.

„ჰერას მისვლისას, ლოდები შეიძლება ჯერ კიდევ იყოს მიმოფანტული. ეს გროვა ძალიან ნელა ფართოვდება და საბოლოოდ, ამ ასტეროიდთა წყვილის გასწვრივ მოექცევიან მზის გარშემო ორბიტაზე“, — ამბობს ჯეიუტი.

ამასობაში, ჰაბლი დაკვირვებებს აგრძელებს და მეცნიერები ასტეროიდიდან წამოსული ლოდების ტრაექტორიას გამოთვლიან. სწორედ მაშინ გავიგებთ, ზუსტად საიდან არის გამოტყორცნილი ლოდები.

ჰაბლის ფოტო სრული რეზოლუციით შეგიძლიათ გადმოწეროთ ამ ბმულიდან.

მომზადებულია hubblesite.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.