დედამიწაზე ჩამოვარდნილ მეტეორიტში ორი სრულიად ახალი მინერალი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
დედამიწაზე ჩამოვარდნილ მეტეორიტში ორი სრულიად ახალი მინერალი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

სომალიში ჩამოვარდნილი უზარმაზარი კოსმოსური ქვის ანალიზმა გამოავლინა ნივთიერებები, რომლებიც ბუნებაში აქამდე არასოდეს გვენახა.

ორი ახალი მინერალი მეცნიერებმა უკვე შეისწავლეს და სახელიც დაარქვეს, მესამე შესაძლოს კი ამჟამად მინერალოგიის საერთაშორისო ასოციაცია განიხილავს.

აღმოჩენამ მეცნიერებს შეიძლება მნიშვნელოვანი ცნობები მისცეს ასტეროიდებისა და მეტეორიტების წარმოქმნის შესახებ.

მინერალებს ელალიიტი და ელკინსტანტონიტი უწოდეს და მათი აღმოჩენის შესახებ 21 ნოემბერს, კანადაში, ალბერტას უნივერსიტეტში გამართულ კოსმოსის კვლევის სიმპოზიუმზე გვამცნო პლანეტურმა გეოლოგმა კრის ჰერდმა.

„როდესაც ახალ მინერალს პოულობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივი გეოლოგიური გარემო პირობები, ქანის ქიმიური შემადგენლობა განსხვავდება ყველა აქამდე ნანახისგან. სწორედ ამიტომ არის ეს ამაღელვებელი: ამ კონკრეტულ მეტეორიტში ჩვენ წინაშეა ორი ოფიციალურად აღწერილი მინერალი, რომლებიც მეცნიერებაში ახალია“, — ამბობს ჰერდი.

ნამტვრევი სომალის ქალაქ ელ-ალის სიახლოვეს, ქვიშაქვით მდიდარ ხეობაში, ნაწილობრივ ქვიშაში ჩაჭედილი იპოვეს. მხოლოდ ბოლო დროს დადგინდა, რომ ეს 15,2-ტონიანი ლოდი სინამდვილეში მეტეორიტია და მეცხრე ყველაზე დიდი კოსმოსური ქვაა, რაც კი აქამდე გვიპოვია დედამიწის ზედაპირზე.

უცნობია, როდის ჩამოვარდა ის ციდან, მაგრამ ადგილობრივები ქვას „დაღამებას“ უწოდებენ, მოხსენიებულია ფოლკლორში, სიმღერებში და ცეკვებში სულ მცირე 5-7 თაობაში და დანების სალეს ქვად იყენებდნენ.

2019 წელს, მაძიებლები ამ მხარეში ოპალს ეძებდნენ, რა დროსაც მათი ყურადღება მიიპყრო უცნაურმა, ამოღრუტნულმა ქვამ; მას ნიმუშები აატეხეს და ანალიზებისა და კლასიფიცირებისთვის ალბერტას მეტეორიტთა კოლექციაში ჰერდს გაუგზავნეს.

მეტეორიტი

ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტთან და კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ჰერდმა მალევე დაადგინა, რომ „დაღამება“ სინამდვილეში რკინის მეტეორიტი იყო, IAB მეტეორიტთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა და ოფიციალურად ელ-ალი უწოდეს ახლომდებარე ქალაქის მიხედვით.

რკინის IAB მეტეორიტთა კლასიფიკაციაში დაახლოებით 350 მეტეორიტი შედის; სხვა რამეებთან ერთად, გამოირჩევიან ძირითადად რკინა-ნიკელის შემადგენლობით, მცირედით ასევე შეიცავენ სილიკატებს, დაახლოებით ისე, როგორც ფუნთუშა ქიშმიშებს. მიჩნეულია, რომ წარმოქმნილია რკინის ასტეროიდზე დარტყმის შედეგად დნობისას.

მეტეორიტი კლასიფიცირებისთვის, ჰერდს და მის ჯგუფს ესაჭიროებოდა ქიმიური შემადგენლობის შესწავლა, რა დროსაც, ყველაფერი შეიცვალა. მასში არსებული ზოგიერთი ჩანართები უჩვეულო ტექსტურისა და შემადგენლობის ჩანდა, რის გამოც, ჰერდს ალბერტას უნივერსიტეტის მინერალოგ ენდრიუ ლოკოკის დახმარება დასჭირდა; ამ უკანასკნელს სხვა ახალ მინერალთა აღწერაში საკმაო გამოცდილება ჰქონდა.

„პირველივე დღეს მან გარკვეული ანალიზები ჩაატარა და მასში სულ მცირე ორი ახალი მინერალიც აღმოვაჩინეთ. წარმოუდგენელი იყო, რადგან როგორც წესი, ამას გაცილებით დიდი დრო სჭირდება ხოლმე“, — ამბობს ჰერდი.

ორ ახალ მინერალს რკინა-ფოსფორი-ჟანგბადის შემადგენლობა ჰქონდა. ელალიიტს, რომელსაც სახელი ელ-ალის მიხედვით უწოდეს, აქვს ფორმულა Fe2+8Fe3+(PO4)O8; ელკინსტანტონიტს კი, რომელსაც სახელი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერის, ლინდი ელკინს-ტანტონის პატივსაცემად დაარქვეს, აქვს ფორმულა Fe4(PO4)2O. ელკინს-ტანტონს ბევრი წვლილი მიუძღვის პლანეტური ბირთვებისა და რკინის მეტეორიტების წარმოქმნის შესწავლაში.

როგორც წესი, ახალი მინერალის იდენტიფიცირებას შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ ამ ორის მსგავსი მინერალების სინთეზირება 1980-იან წლებში ლაბორატორიაში მოახდინეს, რამაც მათი ამოცნობა გაცილებით გააადვილა. ახლა, როდესაც ისინი უკვე ბუნებაში იპოვეს, მათ ოფიციალური კლასიფიკაცია და სახელებიც მიიღეს.

მესამე პოტენციურად ახალი მინერალი ჯერ კიდევ იდენტიფიკაციისა და კლასიფიკაციის პროცესს გადის. ამას გარდა, მეცნიერები ასევე მუშაობენ პუბლიკაციაზე, რომელშიც აღწერენ წარმოქმნის იმ პროცესებს, რასაც შეიძლება ეს ახალი მინერალები წარმოექმნა; ასევე, რას ნიშნავს ეს თავად ელ-ალის მეტეორიტის წარმოქმნისთვის.

„ეს ჩემი საქმიანობაა — როგორ გაარკვიო იმ ასტეროიდის გეოლოგიური პროცესები და ისტორია, რომლის ნაწილიც ეს ქვა ერთ დროს იყო. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მეტეორიტზე მუშაობისას ახალი მინერალის აღწერაშიც ჩავერთვებოდი“, — ანიშნავს ჰერდი.

თავად „დაღამება“ მიწიდან ამოიღეს და სომალის დედაქალაქ მოგადიშოში გადაიტანეს და აწონეს, შემდეგ კი ის მთავრობის ხელში აღმოჩნდა. უცნობია, რა მოხდა მას შემდეგ, მაგრამ როგორც ჰერდი ამბობს, დადის ხმები, რომ ის ჩინეთში წაიღეს, სადაც ის შეიძლება მეტეორიტებით ვაჭრების ხელში აღმოჩნდა, რომლებიც მას უთუოდ დაჭრიდნენ და ნაწილ-ნაწილ გაყიდდნენ.

მეცნიერები მის კვალზე გასვლას ცდილობენ და იმედი აქვთ, რომ მიაგნებენ რომელიმე ვაჭარს ან კოლექციონერს, რათა უკეთესად შესასწავლად მისი გარკვეული ნაწილები ჩაიგდონ ხელში.