ასტრონომები დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტის კვალს მიჰყვნენ და მისი წარმომავლობაც დაადგინეს — #1tvმეცნიერება
14:33, 26.04.2021
2018 წლის 2 ივნისს, დედამიწას ასტეროიდი 2018 LA შეეჯახა, რომლის ნამსხვრევებიც კალაჰარის უდაბნოში ჩამოცვივდა. ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, მეცნიერები მის მიერ 22 მილიონი წლის განმავლობაში გავლილ გზას მიჰყვნენ და მისი წარმოშობის ადგილიც დაადგინეს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეტეორიტის მთელი გზა დედამიწამდე ასე შეისწავლეს და მხოლოდ მეორე შემთხვევა, როდესაც ასტეროიდზე კოსმოსში დაკვირვების შანსი დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლამდე მოგვეცა, ვიდრე ის მეტეორი გახდებოდა.
ამ ადრეულ დაკვირვებებზე, მეტეორიტის ფრაგმენტების ანალიზსა და სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით, ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ 2018 LA-ს წარმოშობის ადგილია ვესტა — მზის სისტემის მეორე უდიდესი ასტეროიდი და ერთადერთი, რომელიც ხანდახან დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
„მეტეორიტის ანალიზები მიუთითებს, რომ ის ვესტას სიღრმეში უნდა ყოფილიყო ჩამარხული იქამდე, ვიდრე წლების წინ იქიდან ამოიტყორცნებოდა“, — ამბობს ავსტრალიის კურტენის უნივერსიტეტის ასტრონომი ადრიან დევილპუა.
მისივე განცხადებით, ეს კვლევა ასტეროიდებიდან ნიმუშის ჩამოტანას ჰგავს, ისეთს, რაც ცოტა ხნის წინ იაპონურმა ხომალდმა ჰაიაბუსა-2-მა განახორციელა. ამ კვლევის საშუალებით, შესაძლებელი ხდება ასტეროიდთა სარტყლის შემადგენლობის გარკვევა და იმის უკეთესად დადგენა, რა ტიპის მასალისგან შედგება დედამიწისთვის სახიფათო ასტეროიდები.
მეტეორიტის წარმომავლობის მიზნით ჩატარებული ანალიზის საკვანძო დეტალი იყო 2018 LA-სთვის ავსტრალიის ეროვნული უნივერსტიეტის ტელესკოპ SkyMapper-ის მიერ კოსმოსში გადაღებული ფოტოები. ეს სურათები დაამატეს სხვა ტელესკოპთა მიერ შეგროვებულ მონაცემებსა და ადგილობრივი კამერების მიერ დაფიქსირებულ კადრებს, რომლებზეც ამ კოსმოსური ფრაგმენტის ბოტსვანაში ჩამოვარდნის უკანასკნელი მომენტები იყო აღბეჭდილი.
უფრო მეტ გასაღებს ფლობდა უშუალოდ ველზე აღმოჩენილი ფრაგმენტები: სპექტროსკოპიისა და მიკროტომოგრაფიის გამოყენებით სცადეს დაედგინათ, დაემთხვეოდა თუ არა ნამსხვრევების ქანები 2015 წელს თურქეთის სოფელ სარიჩიჩექში ჩამოვარდნილი მეტეორიტისას, რომელიც ასევე ასტეროიდ ვესტადან იყო წამოსული.
„მილიარდობით წლის წინ, ვესტაზე მომხდარმა ორმა გიგანტურმა დარტყმამ წარმოქმნა მოზრდილ, უფრო სახიფათო ასტეროიდთა ოჯახი. ახლად აღმოჩენილი მეტეორიტები საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, როდის შეიძლება მომხდარიყო ეს შეჯახებები“, — განსაზღვრავს მკვლევართა ჯგუფის წევრი, ასტრონომი პიტერ ჯენისკენსი.
როგორც 2015, ისე 2018 წლების ობიექტები ე. წ. HED მეტეორიტებს მიეკუთვნება, რომლებსაც ეს სახელი მათი ქიმიური და მინერალური შემადგენლობის გამო ჰქვიათ.
ქიმიური ანალიზებითა და კომპიუტერული მოდელირებით ამ მეტეორიტების კოსმოსური კვალის გარკვევა უფრო მეტს გვეუბნება მათი წარმომავლობის შესახებაც — ეს გახლავთ ვესტას აუზი, სახელად ვენენეია, საიდანაც ეს ასტეროიდები მოსწყდნენ.
„ჩვენთვის ცნობილი უძველესი მასალები როგორც ვესტაზე, ისე ამ მეტეორიტში, არის ცირკონის მარცვლები, რომელთა ასაკიც 4,5 მილიარდი წელია, ანუ მზის სისტემის ადრეული ფაზა“, — ამბობს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასტრონომი კრისტოფერ ონკენი.
მონაცემები აჩვენებს, რომ დედამიწის ატმოსფეროსთან დარტყმის დროს, ასტეროიდი 2018 LA მოძრაობდა 60 000 კმ/სთ სიჩქარით. მისი დიამეტრი 1,5 მეტრი უნდა ყოფილიყო, წონა კი დაახლოებით 5700 კგ.
მკვლევართა გათვლებით, მეტეორიტი დედამიწის ზედაპირიდან 72 კმ სიმაღლეზე უნდა დამსხვრეულიყო, რამაც დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას სავსე მთვარეზე 20 000-ჯერ კაშკაშა ნათება წარმოქმნა.
მას შემდეგ, რაც მკვლევრებმა დაცემის ადგილი დაადგინეს — ცენტრალური კალაჰარის ნაკრძალი, იქ მეტეორიტის 23 ფრაგმენტი იპოვეს.