დედამიწასა და მთვარეს შორის მოზრდილი ასტეროიდი უსაფრთხოდ გაივლის — #1tvმეცნიერება
მოზრდილი ასტეროიდი დედამიწასა და მთვარეს შორის უსაფრთხოდ გაივლის. ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) განცხადებით, ეს მოვლენა კარგი შანსია პლანეტური თავდაცვის ძალისხმევის სასწავლო სავარჯიშოდ გამოსაყენებლად.
ასტეროიდი, სახელად 2023 DZ2, სიგანეში 40-70 მეტრია და საკმარისია დიდი ქალაქის გასანადგურებლად, თუკი პლანეტას დაეცემა.
25 მარტის ღამეს, ის ჩვენგან მთვარემდე მანძილის მესამედზე გაივლის. მიუხედავად ასეთი სიახლოვისა, ESA-ს პლანეტური თავდაცვის ოფისის ხელმძღვანელი რიჩარდ მოისლი აცხადებს, რომ საშიში არაფერია.
მთვარეზე უფრო ახლო მანძილზე დედამიწასთან ყოველდღიურად გაივლიან მცირე ასტეროიდები, მაგრამ ამ ზომის სხეულები ასეთ მანძილზე დაახლოებით ათ წელიწადში ერთხელ გაივლიან.
ასტეროიდი დედამიწას 175 000 კილომეტრის მანძილზე, 28 000 კმ/სთ სიჩქარით გაუვლის. მთვარე ჩვენგან დაახლოებით 385 000 კილომეტრით არის დაშორებული.
კანრის კუნძულებზე მდებარე ლა-პალმის ობსერვატორიამ ის პირველად 2023 წლის 27 თებერვალს შენიშნა.
გასულ კვირაში, გაერო-ს მიერ მხარდაჭერილმა ასტეროიდთა გამაფრთხილებელმა საერთაშორისო ქსელმა გადაწყვიტა, ეს შანსი ხელიდან არ გაეშვა და ასტეროიდს „სწრაფი დახასიათება“ ჩაუტაროს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ასტრონომები მთელი მსოფლიოდან, ასტეროიდს სხვადასხვა ინსტრუმენტით შეისწავლიან, მათ შორის, სპექტრომეტრებითა და რადარებით.
მათი მიზანია გაიგონ, რამდენად შეგვიძლია შევისწავლოთ ასეთი ასტეროიდი მხოლოდ ერთ კვირაში.
ასევე შემოწმდება, რამხელა რეაგირება ექნება ქსელს საფრთხისადმი, თუკი მომავალში ის ჩვენი მიმართულებით წამოვა.
როგორც პირველად მონაცემები მიუთითებს, 2023 DZ2 „მეცნიერულად საინტერესო“ ობიექტია, რადგან გარკვეულწილად უჩვეულო ტიპის ასტეროიდი უნდა იყოს. თუმცა, მოისლი აღნიშნავს, რომ დამატებითი მონაცემების გარეშე ვერაფერს ვიტყვით მისი ზუსტი შემადგენლობის შესახებ.
ასტეროიდი დედამიწას 2026 წელს კვლავ ჩაუვლის, მაგრამ მისგან არავითარ საფრთხეს არ უნდა ველოდოთ სულ მცირე მომდევნო 100 წლის განმავლობაში; სწორედ ამ ხნის მანძილზეა გამოთვლილი მისი ტრაექტორია.
ცოტა ხნის წინ ივარაუდეს, რომ ამავე ზომის ასტეროიდს, სახელად 2023 DW, 2046 წლის 14 თებერვალს, დედამიწასთან შეჯახების 432-დან ერთი შანსი ჰქონდა.
თუმცა, შემდეგი გამოთვლებით შეჯახების ყოველგვარი შანსი გამოირიცხა. მეცნიერთა გათვლებით, ეს ასტეროიდი დედამიწას 4,3 მილიონი კილომეტრის მანძილზე გაუვლის.
თუნდაც დადგინდეს, რომ ასეთი ასტეროიდი დედამიწისკენ მოემართება, ჩვენი პლანეტა უკვე აღარ არის ბოლომდე დაუცველი.
შარშან, NASA-ს მისია DART-ის აპარატი მიზანმიმართულად შეეჯახა პირამიდის ზომის ასტეროიდ დიმორფოსს და მნიშვნელოვნად შეუცვალა ტრაექტორია. ეს გახლდათ პლანეტური თავდაცვის სისტემის პირველი ასეთი ტესტი.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.