ასტეროიდი არის პატარა, კლდოვანი ობიექტი, რომელიც მზის გარშემო მოძრაობს. მიუხედავად იმისა, რომ ასტეროიდები მზეს პლანეტების მსგავსად უვლიან გარს, ისინი გაცილებით პატარებია, ვიდრე პლანეტები.
მზის სისტემაში უამრავი ასტეროიდია. მათი უმეტესობა მოქცეულია ასტეროიდთა მთავარ სარტყელში, მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის.
თუმცა, ასტეროიდები სხვა ადგილებშიც არის. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი პლანეტების ორბიტულ გზაზეც გვხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ასტეროიდი და პლანეტა მზის გარშემო ერთსა და იმავე გზას მიუყვება.
ასტეროიდები მზის სისტემის დაბადების დროინდელი ნარჩენებია. ჩვენი მზის სისტემა დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის წინ გაჩნდა, როდესაც გაზისა და მტვრის დიდი ღრუბელი კოლაფსირდა. როდესაც ეს მოხდა, მატერიის უმეტესი ნაწილი ამ ღრუბლის ცენტრში მოექცა და წარმოიქმნა მზე.
ამ ღრუბლის მტვრის ნაწილი კონდენსირდა და პლანეტებად გადაიქცა. ასტეროიდთა სარტყელში მოქცეულ ობიექტებს პლანეტებად გადაქცევის შანსი არასოდეს მიეცათ. ისინი დიდი ხნის წინანდელი ნარჩენებია, იმ პერიოდის, როდესაც პლანეტები იბადებოდნენ.
ყველა ასტეროიდი ერთნაირი არ არის. ვინაიდან ისინი სხვადასხვა ადგილას, მზისგან სხვადასხვა მანძილზე წარმოიქმნა, არც ერთი ორი ასტეროიდი ერთნაირი არ არის. აი, რამდენიმე განსხვავებაც:
- 1) ასტეროიდები პლანეტების მსგავსად მრგვალები არ არიან. მათ უსწორმასწორო, არარეგულარული ფორმა აქვთ.
- 2) ზოგიერთი ასტეროიდის დიამეტრი ასობით კილომეტრია, მაგრამ ბევრიც ციცქნა კენჭების ზომისაა.
- 3) ასტეროიდთა უმეტესობა სხვადასხვა სახის ქანებისგან შედგება, მაგრამ ზოგიერთი შეიცავს თიხას ან ლითონებს, მაგალითად, რკინას და ნიკელს.
გამომდინარე იქიდან, რომ ასტეროიდები იმავე პერიოდში წარმოიქმნა, როდესაც მზის სისტემის სხვა ობიექტები, ამ კოსმოსურ ნატეხებს ასტრონომთათვის ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლიათ პლანეტებისა და მზის ისტორიის შესახებ. ასტრონომები ასტეროიდების შესწავლას მეტეორიტებით ახერხებენ: მათი ციცქნა ნამტვრევებით, რომლებმაც დედამიწის ატმოსფეროში შემოაღწიეს და ზედაპირზე დაეცნენ.
ასტეროიდებს გადაუფრინა და დააკვირდა NASA-ს რამდენიმე მისიაც. მაგალითად, 2011 წელს, კოსმოსური ხომალდი „დაუნი“ ასტეროიდთა სარტყელში შევიდა და მოძრაობა დაიწყო იქ არსებული მეორე უდიდესი ობიექტის, ასტეროიდ ვესტას გარშემო. ვესტა იმდენად დიდია, რომ პატარა პლანეტას ჰგავს. ამის შემდეგ, ხომალდი დაუნი ასტეროიდთა სარტყლის უდიდესი ობიექტის, ჯუჯა პლანეტა „ცერერას“ ორბიტაზე გავიდა.
2016 წელს OSIRIS-REx-მ გაუშვა ხომალდი „ოსირის რექსი“, რომელიც 2020 წელს ასტეროიდ ბენუს ზედაპირზე დაჯდა, ნიმუშები აიღო და დედამიწისკენ გამოეშურა. ამ ნიმუშებს ხომალდი 2023 წელს დედამიწაზე ჩამოიტანს. 2020 წლის დეკემბერში კი, ასტეროიდ „რიუგუს“ ნიმუშები დედამიწაზე იაპონიის კოსმოსური სააგენტოს ხომალდმა ჩამოიტანა.