მთვარე #კოსმოსი

როდესაც ღამის ცას წარმოიდგენთ, ერთ-ერთი პირველი, რაც ალბათ გახსენდებათ, წყვდიადში მანათობელი მთვარეა. მთვარეს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჩვენს წარმოდგენებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მთვარე დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია. მას საკუთარი სინათლე არ გააჩნია და უბრალოდ, მზის სინათლეს ირეკლავს.

დედამიწიდან ისე ჩანს, თითქოს მთვარე ყოველ ღამით იცვლის ფორმას — ნახევარმთვარიდან სავსე მთვარემდე. სინამდვილეში კი, ის უცვლელია და ნაწილობრივ ჩაბნელებული, ანუ სხვადასხვა ფორმის იმიტომ ჩნდება, რომ მის ზედაპირს დედამიწის ჩრდილი ეცემა.

მთვარე საკუთარი ღერძის გარშემო იმავე სიჩქარით მოძრაობს, რითაც დედამიწას უვლის გარშემო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის მთვარის ერთ მხარეს ვხედავთ. მეორე მხარეს, რომელიც ჩვენიდან არ ჩანს, მთვარის ბნელ მხარეს უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში, ისიც იმდენივე სინათლეს იღებს და სულაც არ არის ბნელი.

მეცნიერთა აზრით, მთვარე მზის სისტემის ადრეულ ისტორიაში წარმოიქმნა, მას შემდეგ, რაც დედამიწას მარსის ზომის ობიექტი შეეჯახა. ამ შეჯახების შედეგად, დედამიწისა და იმ სხეულის დიდი ნაგლეჯები კოსმოსში გაიტყორცნა, სადაც გრავიტაციის ძალით კვლავ შეიკრა და მთვარე წარმოქმნა.

მთვარე ერთადერთი სხვა პლანეტური სხეულია, რომელზედ ადამიანს ფეხი დაუდგამს. 1969 წლის 20 ივლისს, ნასას ასტრონავტები, ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი პირველი ადამიანები გახდნენ, რომლებმაც მთვარეზე ფეხი დადგეს. მას შემდეგ, მთვარეზე ათი სხვა ამერიკელი ასტრონავტიც იმყოფებოდა. მათ დედამიწაზე ათობით კილოგრამი მთვარის ქანი ჩამოიტანეს შესასწავლად.

მთვარე დაფარულია კრატერებით, მტვრითა, კომეტების, ასტეროიდებისა და მეტეორიტების ნარჩენებით. მთვარის ჩაბნელებული ზონები, რომლებიც დედამიწიდან მუქად ჩანს, სინამდვილეში კრატერებია, რომლებიც მილიარდობით წლის წინ ლავით ამოივსო. მთვარეს თითქმის არ აქვს ატმოსფერო და გააჩნია დედამიწის გრავიტაციის მხოლოდ ერთი-მეექვსედი. ასევე ცნობილია, რომ მთვარის პოლუსების სიახლოვეს არსებულ კრატერებში ჩაჭედილია გაყინული წყალი.

მთვარის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ ყველაფერი წინაა. უახლოეს წლებში, ნასა მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნას კვლავ გეგმავს.