ანტარქტიდის ყინულებში 430 000 წლის წინ აფეთქებული მეტეორის ნაწილაკები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ანტარქტიდის ყინულებში 430 000 წლის წინ აფეთქებული მეტეორის ნაწილაკები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

დაახლოებით 430 000 წლის წინ, ანტარქტიდის თავზე მეტეორიტი აფეთქდა.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ ამბის შესახებ ვიცით არის ის, რომ მეცნიერებმა ახლახან იპოვეს ციცქნა, ერთ დროს გამდნარი კოსმოსური ნამტვრევის ნაწილაკები, რომლებიც მას შემდეგ ყინულებში იყო ჩამალული.

ამ ნაწილაკთა ანალიზებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მოვლენა საკმაოდ უჩვეულო უნდა ყოფილიყო, არც იმდენად ძლიერი, რომ დარტყმითი კრატერი წარმოექმნა, მაგრამ არც ზედმეტად მსუბუქი. ატმოსფეროს შუა ფენებში მომხდარი აფეთქებისას წარმოქმნილი გამდნარი და აორთქლებული მასალების ჭავლი უფრო სახიფათო უნდა ყოფილიყო, ვიდრე 1908 წლის ტუნგუსკის მეტეორიტისა, რომელმაც ციმბირის ტყის საკმაოდ დიდი მონაკვეთი გაანადგურა.

მიუხედავად იმისა, რომ კრატერის წარმომქმნელი დარტყმები საკმაოდ იშვიათია, ასე ვერ ვიტყვით დედამიწის ატმოსფეროში ნამსხვრევების შემოჭრა-აფეთქებაზე. მათ ბოლიდებს უწოდებენ და 1988 წლიდან დღემდე, NASA-ს 861 ასეთი მოვლენა აქვს აღრიცხული. საუკუნეში რამდენჯერმე ხდება სუპერბოლიდებიც, მაგალითად, ასეთი იყო 2013 წელს ჩელიაბინსკის მეტეორი და 2018 წელს კამჩატკის მეტეორი.

კიდევ უფრო იშვიათია ტუნგუსკის მოვლენაზე ძლიერი აფეთქებები, მაგრამ დედამიწის ისტორიაში ისინი უფრო ხშირად ხდება, ვიდრე კრატერის წარმომქმნელი დარტყმები. ეს კი საკმაოდ გამოსაფხიზლებლად მიაჩნია ბრიტანეთის კენტის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფს.

„მიუხედავად იმისა, რომ დაცემის მოვლენები ადამიანთა საქმიანობას ვერაფერს დაუშავებს, თუ ისინი ანტარქტიდაზე მოხდა, ასეთი რამ რომ მჭიდროდ დასახლებული ზონის თავზე მოხდეს, ასობით კილომეტრის რადიუსში გამოიწვევს მილიონობით ადამიანის მსხვერპლს და მძიმე დაზიანებებს“, — ამბობს კვლევის ავტორი, კენტის უნივერსიტეტის კოსმოქიმიკოსი მათიას ვან გინკენი.

პრობლემა ის არის, რომ რადგან ეს მოვლენები კრატერს არ ტოვებს, ძალიან ძნელია მათი იდენტიფიცირება (რომ აღარაფერი ვთქვათ თავად კრატერების იდენტიფიცირების პრობლემაზეც), შესაბამისად, უცნობია, რამდენად ხშირია ისინი.

აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე, ვალნუმფიელეტის მწვერვალზე, 17 ციცქნა ნაწილაკი აღმოაჩინეს. მათ შორის უდიდესი სიგანეში ნახევარი მილიმეტრია.

შეუიარაღებელი თვალით შეიძლება მიწის ჩვეულებრივ ნამცეცებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვან გინეკენმა და მისმა ჯგუფმა ისინი ელექტრონული მიკროსკოპით შეისწავლა და დაადგინა, რომ წარმოადგენს ბოლიდის პროდუქტს, რომელსაც კონდენსაციის სფერულების უწოდებენ.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს სფერულები ძირითადად რკინისა და ოლივინისგან შედგება, მაღალია ნიკელის შემცველობაც, რაც ზუსტად შეესაბამება უიშვიათესი სახის მეტეორიტს, სახელად პალასიტს; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი დედამიწისეული წარმოშობის არ არის.

მათში ასევე დაბალია ჟანგბადი-18-ის შემცველობა — ჟანგბადის იზოტოპის, რომელიც ცივ გარემოში დაბალი კონცენტრაციით გვხვდება, მაგალითად, პოლარულ ყინულსა და წყალში. მას შემდეგ, რაც ანტარქტიდის სხვა რეგიონებში აღმოჩენილ კონდენსაციის სფერულებს შეადარეს, 480 000 და 430 000 წლებით დათარიღებულს, მკვლევრებმა მათ შორის საოცარი მსგავსება აღმოაჩინეს.

ასე მსგავსი ქიმიური პროფილი იმაზე მიუთითებს, რომ ყველა ეს სფერულა წარმოქმნილია 430 000 წლის წინ მომხარი ერთი და იგივე მოვლენისგან. ასევე შეიცავს დეტალებს თავად აფეთქების შესახებაც.

მკვლევართა განცხადებით, მარტივი საჰაერო აფეთქების შედეგად წარმოქმნილი კონდენსაციის სფერულები იშვიათია; ისინი ძირითადად კრატერის წარმომქმნელ მოვლენებთან არის დაკავშირებული. თუმცა, ჯგუფმა ამ მარცვლებთან დაკავშირებულ კრატერს ვერსად მიაგნო. ის ფაქტი, რომ ისინი საკმაოდ ვრცელ არეალზე იყო მიმოფანტული, მიუთითებს, რომ მოვლენა, რომელმაც ეს სფერულები წარმოქმნა, საჰაერო აფეთქება იყო, მაგრამ იმაზე გაცილებით ძლიერი, რომელსაც ძირითადად ვხედავთ ხოლმე.

ასი პროცენტით არ ვიცით, როგორ ფეთქდება მეტეორები ჰაერში, მაგრამ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ატმოსფეროში შემოჭრილი მეტეორიტის შემხვედრი მაღალი წნევის ჰაერი კოსმოსური ნამტვრევის ბზარებში შედის, ზრდის შიდა წნევას და იწვევს მის დაშლას.

ამ პროცესის თანმხლებ სიცხეს მეტეორიტის შემადგენელი მასალა უნდა აეორთქლებინა. აფეთქებას მისი ნაკადი ზედაპირისკენ უნდა მოემართა. უკვე იქ, აორთქლებული მასალა კიდევ ერთხელ კონდენსირდა, შეერია ანტარქტიდის ყინულის საფარს და სწორედ ასე მოხვდა სფერულებში იზოტოპი ჟანგბადი-18.

ვინაიდან ეს მოვლენა ტუნგუსკის მოვლენაზე უფრო მძლავრი უნდა ყოფილიყო (ტუნგუსკის აფეთქება სულ მცირე 3 მეგატონას შეადგენდა), აღმოჩენა მიანიშნებს, რომ ასეთ „შუალედურ“ მეტეორულ მოვლენებს გამანადგურებელი პოტენციალი აქვთ; ტუნგუსკის მოვლენამ დარტყმის გარეშე გააბრტყელა 2150 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტყე და დაახლოებით 80 მილიონი ხე გაანადგურა.

გამომდინარე აქედან, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია წარსულის სუპერბოლიდური მოვლენების კვლევა.

„დედამიწაზე ასტეროიდული დარტყმების ისტორიის შესავსებად, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სამომავლო კვლევები ფოკუსირდეს ასეთი მოვლენების იდენტიფიცირებაზე სხვადასხვა სამიზნეზე, მაგალითად, ოკეანის თავთხელ ან კლდოვან საძირკვლებზე, რადგან ანტარქტიდის ყინულის საფარი დედამიწის ხმელეთის ზედაპირის მხოლოდ 9 პროცენტს ფარავს“, — ამბობს კვლევის ავტორი, კენტის უნივერსიტეტის კოსმოქიმიკოსი მათიას ვან გინკენი.

მისივე განცხადებით, მათი კვლევა შეიძლება ასევე გამოსადეგი იყოს ზღვის ფსკერიდან აღებულ ნიმუშებში ამ მოვლენათა იდენტიფიცირებისთვისაც.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.