ჩელიაბინსკის მეტეორიტის მტვერში აქამდე უცნობი ტიპის კრისტალები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ჩელიაბინსკის მეტეორიტის მტვერში აქამდე უცნობი ტიპის კრისტალები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

მეცნიერებმა მეტეორიტის მტვერში ბრწყინვალედ შემორჩენილი აქამდე უცნობი ტიპის კრისტალები აღმოაჩინეს. მტვერი იმ მასიური კოსმოსური ნამტვრევის ნარჩენია, რომელიც რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკის თავზე ცხრა წლის წინ აფეთქდა.

2013 წლის 15 თებერვალს, 18 მეტრის სიგანის, 12 125-ტონიანი ასტეროიდი დედამიწის ატმოსფეროში დაახლოებით 41 600 კმ/სთ სიჩქარით შემოვიდა.

საბედნიეროდ, მეტეორი ქალაქ ჩელიაბინსკის თავზე დაახლოებით 23,3 კილომეტრის სიმაღლეზე აფეთქდა და მიმდებარე ზონებში ციცქნა მეტეორიტების ნამსხვრევები ჩამოცვივდა.

ექსპერტებმა მოვლენა მაშინ შეაფასეს როგორც დიდ შეხსენება იმ საფრთხისა, რასაც ასტეროიდები წარმოადგენენ ჩვენი პლანეტისთვის.

ჩელიაბინსკის მეტეორის აფეთქება დედამიწის ატმოსფეროში მომხდარი ამ სახის უდიდესი მოვლენა იყო 1908 წლის ტუნგუსკის მეტეორის აფეთქების შემდეგ. NASA-ს მონაცემებით, მისი აფეთქების სიმძლავრე 30-ჯერ აღემატებოდა ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბისას.

მოვლენის ამსახველ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ელვარედ იწვის კოსმოსურ ნამტვრევი, რომელიც წამიერად მზეზე მეტად აკაშკაშდა, შემდეგ კი მოჰყვა მძლავრი ხმოვანი ტალღა, რამაც ჩაამსხვრია მინები, დააზიანე შენობები და ქალაქის 1200-მდე მცხოვრებს სხეულის დაზიანებები მიაყენა.

ახალ კვლევაში მეცნიერებმა შეისწავლეს კოსმოსური ნამტვრევის აფეთქების შედეგად დარჩენილი ციცქნა ფრაგმენტები, რომლებსაც მეტეორიტულ მტვერს უწოდებენ. როგორც წესი, წვისას მეტეორი მცირე ოდენობით მტვერს გამოყოფს, მაგრამ ის იმდენად პატარა ნაწილაკებია, რომ პოვნა შეუძლებელია და მეცნიერებისთვის დაკარგულია — ფანტავს ქარი, ცვივა წყალში ან ბინძურდება გარემოს მიერ.

თუმცა, ჩელიაბინსკის მეტეორის აფეთქების შემდეგ, ატმოსფეროში ოთხ დღეზე მეტი ხნით ჩამოეკიდა მტვრის ჭავლი, რომელიც თანდათან დედამიწაზე დაილექა.

საბედნიეროდ, მტვერი მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე და შემდეგ მოსულ თოვლში შრედ ჩაიჭედა და მეცნიერებმა მისი ნიმუშების აღება შეძლეს.

სტანდარტული მიკროსკოპით კვლევისას, მკვლევრებმა მტვერში ახალი ტიპის კრისტალები აღმოაჩინეს.

ერთ-ერთი ასეთი კრისტალი, რომელსაც საკმარისი ზომა ჰქონდა, რათა მიკროსკოპში გამოჩენილიყო, ფურცლის ცენტრში შემთხვევით აღმოჩნდა, როდესაც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ლინზის ფოკუსს ასწორებდა. ის რომ ფურცლის სხვა ადგილას ყოფილიყო, მკვლევრებს ალბათ გამორჩებოდათ.

უფრო მძლავრი ელექტრონული მიკროსკოპით ამ მტვრის ანალიზის შემდეგ, მეცნიერებმა კიდევ ბევრი ასეთი კრისტალი იპოვეს და გაცილებით დეტალურად შეისწავლეს.

ახალ კრისტალებს ორი სხვადასხვა ფორმა აქვს: კვაზისფერული, ანუ თითქმის სფერული და ექკვსკუთხა; მკვლევართა განცხადებით, ორივე მათგანი „უნიკალურ მორფოლოგიურ თავისებურებებს“ წარმოადგენს.

რენტგენული სხივებით ჩატარებულმა ანალიზებმა ცხადყო, რომ კრისტალები შედგება გრაფიტის შრეებისგან, რომელიც გარს აკრავს კრისტალის შუაგულში არსებულ ცენტრალურ ნანოკლასტერს. გრაფიტი არის ნახშირბადის ფორმა, რომელიც ერთმანეთზე გადადებულ ატომთა ფურცლებისგან შედგება და ძირითადად გამოიყენება ფანქრებში.

მკვლევართა აზრით, ამ ნანოკლასტერთა ყველაზე სავარაუდო კანდიდატია ბუკმინსტერფულერენი (C60), ნახშირბადის ატომების გალიის მსგავსი ბურთი ან პოლიჰექსაციკლოოქტადეკანი (C18H12), მოლეკულა, რომელიც ნახშირბადისა და წყალბადისგან შედგება.

მკვლევართა ვარაუდით, კრისტალები მეტეორის დაშლისას წარმოქმნილი მაღალი ტემპერატურისა და წნევის გარემოშია წარმოქმნილი, მაგრამ ზუსტი მექანიზმი მაინც უცნობია. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მომავალში სხვა კოსმოსურ ნამტვრევთა მეტეორიტული მტვრის ნიმუშების აღებასაც შეძლებენ, რათა დაადგინონ, ეს კრისტალები მეტეორთა დაშლის ჩვეულებრივი ქვეპროდუქტია თუ ჩელიაბინსკის მეტეორის აფეთქების უნიკალური წარმონაქმნი.

კვლევა The European Physical Journal Plus-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი