რას წარმოადგენდა სინამდვილეში ტუნგუსკის მეტეორიტი — საზარელი მოვლენის ახსნის ახალი ვერსია
რას წარმოადგენდა სინამდვილეში ტუნგუსკის მეტეორიტი — საზარელი მოვლენის ახსნის ახალი ვერსია

1908 წლის 30 ივნისის ერთ მშვენიერ დილას, ციმბირის თავზე რაღაც აფეთქდა. მოვლენამ მეჩხრად დასახლებული ტაიგის ტრადიციული სიმშვიდე იმდენად დაარღვია, რომ მიწასთან გაასწორა 2150 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტყე, გაანადგურა 80 მილიონამდე ხე.

თვითმხილველები აღწერდნენ სინათლის კაშკაშა ბურთს, ჩამსხვრეულ ფანჯრებსა და ჩამოყრილ ბათქაშს, რაც ადგილობრივი მდინარის სიახლოვეს მომხდარ აფეთქებას მოჰყვა. ტუნგუსკის მოვლენა, როგორც ეს მოგვიანებით ეწოდა, წარმოადგენდა 30 მეგატონიანი მეტეორის, იგივე ბოლიდის აფეთქებას, რომელიც ცაში 10-15 კმ სიმაღლეზე მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ დარტყმითი კრატერი არ წარმოქმნილა, მას ხშირად უწოდებენ უდიდეს დარტყმით მოვლენას აღწერილ ისტორიაში. მოგვიანებით მეცნიერებმა იპოვეს კლდის ნამსხვრევები, რომლებიც შეიძლება მეტეორისეული წარმოშობის იყოს, თუმცა ამ მოვლენის ირგვლივ დღემდე ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. იყო თუ არა ის ბოლიდი (უკიდურესად კაშკაშა მეტეორი)? და თუ არ იყო, რა შეიძლება ყოფილიყო?

შეიძლება ეს ვერც ვერასოდეს გავიგოთ, მაგრამ ახალი კვლევის მიხედვით, ის უნდა ყოფილიყო დედამიწის ატმოსფეროში შემოსული რკინის ასტეროიდი, რომელმაც პლანეტას ზედმეტად ახლოს გაუქროლა, შემდეგ კი კვლავ უკან, კოსმოსში გაფრინდა. ამას კი უნდა წარმოექმნა შოკური ტალღა, რომელმაც თავის მხრივ, ზედაპირი გაანადგურა.

„ჩვენ შევისწავლეთ 200, 100 და 50 მეტრის დიამეტრის მქონე ასტეროიდის გავლის გარემოებები დედამიწის ატმოსფეროს გასწვრივ, დედამიწის ზედაპირიდან სულ მცირე 10-15 კმ სიმაღლის ტრაექტორიით, გავითვალისწინეთ სამი ტიპის მატერია — რკინა, ქვა და წყლის ყინული“, — წერენ კვლევაში ციმბირის ფედერალური უნივერსიტეტის მკვლევრები.

მათი განცხადებით, შედეგები მხარს უჭერს მათ მოსაზრებას, რომელიც კარგად ხსნის ასტრონომიის დიდი ხნის პრობლემას — ტუნგუსკის ფენომენს, რომელსაც ამ დრომდე არ ექცევა სათანადო და ყოვლისმომცველი ყურადღება.

„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ტუნგუსკის მოვლენა გამოწვეული იყო ასტეროიდული რკინის სხეულით, რომელმაც დედამიწის ატმოსფეროში გაიარა და მზესთან ახლო ორბიტა გააგრძელა“, — წერენ მკვლევრები.

იმის დასადგენად, იყო თუ არა შესაძლებელი მსგავსი მოვლენა, ჯგუფმა ჩაატარა სამი სხვადასხვა ზომისა და შემადგენლობის ასტეროიდის გავლის მათემატიკური მოდელირება.

ყინული სხეული, რომელზეც რუსი მკვლევრები 1970-იან წლებში ეჭვობდნენ, ძალიან მარტივი აღმოჩნდა და იმთავითვე გამოირიცხა. სიჩქარით წარმოქმნილი სიცხე ყინულის სხეულს სრულიად დაადნობდა ზედაპირიდან იმ მანძილზე მისვლამდე, რაზეც ტუნგუსკის მოვლენა მოხდა.

ნაკლებად სავარაუდოა კლდოვანი სხეულის გადარჩენაც. მიჩნეულია, რომ მეტეორები ფეთქდება მაშინ, როდესაც ჰაერი შედის მეტეორიტის პატარა ნაბზარებში, რაც ჰაერში სწრაფად მოძრაობისას იწვევს წნევის აწევას. რკინის სხეულების დაშლა კი გაცილებით ძნელია.

ჯგუფის გაანგარიშებების მიხედვით, ყველაზე სავარაუდო დამნაშავეა 100-200 მეტრის სიგანის რკინის მეტეორიტი, რომელმაც ატმოსფეროში 3000 კმ მანძილზე გაიქროლა. გათვლები მეტყველებს იმასაც, რომ მისი სიჩქარე არასოდეს დაეცემოდა 11,2 კმ/წმ-ზე დაბლა და არ ჩამოვიდოდა დედამიწის ზედაპირიდან 11 კილომეტრზე დაბლა.

ეს მოდელი კარგად ხსნის ტუნგუსკის მოვლენის რამდენიმე მახასიათებელს. მაგალითად, დარტყმითი კრატერის არარსებობას, რადგან მეტეორს დაცემის გარეშეც უნდა მოეცილებინა ზედაპირი აფეთქების ეპიცენტრის თავზე.

რკინის ნარჩენების ნაკლებობა აიხსნება მაღალი სიჩქარით, რადგან ამ სიჩქარით მოძრავი ობიექტი ზედმეტად ცხელი უნდა ყოფილიყო, რათა ბევრი ნარჩენი ჩამოცვენილიყო. მკვლევართა თქმით, მასის დანაკარგი მოხდებოდა ინდივიდუალურ ატომთა სუბლიმირების გზით, რაც ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც ჩვეულებრივი, დედამიწისეული ოქსიდები.

„ამ ვერსიით, ჩვენ ასევე შეგვიძლია ავხსნათ ევროპის თავზე ატმოსფეროს ზედა ფენების ძლიერ დამტვერიანებასთან დაკავშირებული ოპტიკური ეფექტები, რომლებმაც ღამის ცაზე კაშკაშა ელვარება გამოიწვია“, — წერენ მკვლევრები.

მართალია, კვლევის ასეთ შედეგები არსებითად საკამათოა, მაგრამ მკვლევრები შენიშნავენ, რომ მათ კვლევას ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები, რომელთა გადაჭრასაც სამომავლო კვლევის ფარგლებში გეგმავენ. მაგალითად, ისინი არ ეხებიან შოკური ტალღის წარმოქმნის პრობლემას.

რაც არ უნდა იყოს, ჩვენს ატმოსფეროში რკინის მოზრდილი სხეულის გასრიალების იდეა მაინც ძალიან დამაინტრიგებელია და ამ მიმართულებით მომავალში კვლევა ალბათ აუცილებლად გაგრძელდება.

კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.