კანადაში, მძინარე ქალის საწოლზე, ბალიშის გვერდზე მეტეორიტი დაეცა — #1tvმეცნიერება
კანადაში, მძინარე ქალის საწოლზე, ბალიშის გვერდზე მეტეორიტი დაეცა — #1tvმეცნიერება

კანადის პატარა ქალაქ გოლდენში, რუთ ჰამილტონს ღამით სახლში ეძინა, როდესაც საკუთარი ძაღლის ყეფამ გააღვიძა. რამდენიმე წამიც არ იყო გასული და მის საწოლზე შორეული კოსმოსიდან მოსული ქვა დაეცა.

„იქამდე უზარმაზარი აფეთქების ხმა გავიგე და სახეზე ნაგავი დამეყარა. საწოლიდან წამოვხტი და შუქი ავანთე. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა და 911-ში დავრეკე“, — იხსენებს 66 წლის ქალბატონი.

მისი განცხადებით, ოპერატორმა ყველაფერი გამოკითხა. ტელეფონზე საუბრისას, იმ ორ ბალიშს შორის, რომლებზეც ეძინა, ნახშირისფერი, მონაცრისფრო ქვა შენიშნა.

დაახლოებით ნესვის ზომის ქვა კოსმოსური ნამტვრევია, რომელმაც ჰამილტონის სახლის სახურავი გაარღვია და მის საწოლზე, ბალიშიდან რამდენიმე სანტიმეტრში დაეცა.

„მთლიანად ვცახცახებდი. წარმოიდგინეთ, ფიქრობ, რომ საკუთარ საწოლში უსაფრთხოდ გძინავს და უცბად, მეტეორიტი გეცემა“, — ამბობს ჰამილტონი.

რა თქმა უნდა, თავდაპირველად მან არ იცოდა, რომ ეს მეტეორიტი იყო. ის და პოლიციელი ეჭვობდნენ, რომ ეს ნარჩენი იქვე მიმდინარე ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებიდან იყო გამოტყორცნილი.

როგორც ჰამილტონი იხსენებს, პოლიციელმა მშენებლობის ოფისში დარეკა, სადაც განუცხადეს, რომ ღამით ისინი არანაირ აფეთქებით სამუშაოებს არ აწარმოებდნენ, მაგრამ იქვე დასძენს, რომ მუშებმა დაინახეს მეტეორი, იგივე ვარსკვლავის ჩამოვარდნა, რასაც ცაში აფეთქება მოჰყვა. ამის შემდეგ უკვე მიხვდნენ, რომ სახლს მეტეორიტი დაეცა.

ონტარიოს ლონდონის დასავლეთ უნივერსიტეტის ექსპერტთა ჯგუფმა მალე დაადასტურა, რომ ეს ქვა მართლაც კოსმოსიდან იყო მოსული.

უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტის პროფესორი პიტერ ბრაუნი ამბობს, რომ ამ ამბავში ყველაფერი მეტეორიტის ჩამოვარდნას შეესაბამება, კიდევ უფრო მეტად კი ამას ადასტურებს იმავე დროს ცაში გამოჩენილი ცეცხლოვანი ბურთი.

ჰამილტონი მეტეორიტის გადაცემას ბრაუნის ჯგუფისთვის გეგმავს. პროფესორი ბრაუნი იმედოვნებს, რომ შემდეგ თვეში დაადგენენ მეტეორიტის ტიპს, მაგრამ ეჭვობს, რომ ის მზის სისტემის ასტეროიდთა მთავარი სარტყლიდან არის მოსული.

ბრაუნის განცხადებით, ეს მეტეორიტის საძინებელში ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა არ არის. შარშან ასეთივე ფაქტი დაფიქსირდა ინდონეზიაშიც.

რაც შეეხება რუთ ჰამილტონს, შემთხვევის შედეგად მას რაიმე დაზიანება არ მიუღია, თუ არ ჩავთვლით დიდ შიშს. ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მეცნიერები კვლევას დაასრულებენ, ამ ქვას შეინახავს.

მომზადებულია cbc.ca-ს მიხედვით.