მეტეორი #კოსმოსი

მზის სისტემა სავსეა პლანეტების წარმოქმნისას დარჩენილი მატერიით. პატარა კლდოვან ნამსხვრევებს, რომლებიც კოსმოსში დაჰქრიან, მეტეოროიდებს უწოდებენ. თუ ისინი პლანეტის ატმოსფეროში შევლენ, იწვებიან და მეტეორებს წარმოქმნიან. ზოგჯერ, როდესაც ატმოსფეროში ცოტა მოზრდილი ასეთი ნამტვრევი შემოდის, მისი გარკვეული ნაწილი დაწვას ვერ ასწრებს და პლანეტის ზედაპირზე ეცემა. მას მეტეორიტს უწოდებენ.

მეტეორები, რომლებსაც ხშირად ვარსკვლავის ჩამოვარდნასაც უწოდებენ, ცაში ძალიან ხშირად ხდება. მოწმენდილ ცაში ახედვისას, თუ ცოტა ხანს დააკვირდებით, სინათლის ასეთ გაელვებას აუცილებლად დაინახავთ. მეტეორს წარმოქმნის დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში წამში 15 კილომეტრის სიჩქარით შემოსული მეტეორიტი. როგორც წესი, ეს მოვლენა ცაში წამზე ნაკლებ პერიოდს გრძელდება. დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 100 კილომეტრის სიმაღლეზე, გაუხშოებულ ჰაერთან ხახუნი მეტეორიტს აცხელებს, წვავს და სწორედ ამ სინათლეს ვხედავთ ცაში.

მეტეორების დანახვა ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ ამისათვის საუკეთესო დროა ეგრეთ წოდებული მეტეორული წვიმის პერიოდები. ისინი წლის ერთსა და იმავე დროს დგება, მაშინ, როდესაც დედამიწა გამავალი კომეტის მიერ დატოვებულ მტვრის ნაკადში გაივლის.

ზოგიერთი მეტეორი ზედმეტად მკრთალია და ვერ ვხედავთ, მაგრამ მათ ადვილად აფიქსირებენ რადარები. მეტეორები სხვა პლანეტებზეც ხდება. ისინი მარსის შემთხვევაშიც ცაში იწვება, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს მთვარეს, ვინაიდან მას ატმოსფერო საერთოდ არ აქვს, კლდოვანი ნამსხვრევები პირდაპირ ზედაპირზე ეცემიან და აფეთქებებს წარმოქმნიან.

დატოვე კომენტარი