ბოლო 500 მილიონი წლის განმავლობაში დედამიწაზე ჩამოცვენილი მეტეორიტები ერთ ძლიერ უცნაურ მახასიათებელზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება
ბოლო 500 მილიონი წლის განმავლობაში დედამიწაზე ჩამოცვენილი მეტეორიტები ერთ ძლიერ უცნაურ მახასიათებელზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება

ბოლო 500 მილიონი წლის განმავლობაში, კოსმოსიდან ჩვენს პლანეტაზე მეტეორიტები შეიძლება არც ისეთნაირად ცვიოდა, როგორც ვფიქრობდით.

უძველესი ზღვის ფსკერიდან აღებული 8484 კგ დანალექოვანი ქანის ანალიზის შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასტეროიდთა სარტყელში მიმდინარე დიდ შეჯახებებს დიდი წვლილი არ შეუტანია დედამიწაზე ჩამოცვენილ მეტეორიტთა რაოდენობაში; ასეთი თეორია ისედაც არსებობდა.

მკვლევართა განცხადებით, ეს აღმოჩენა შეიძლება დაგვეხმაროს მომავალში ასტროიდთა დაცემებისგან დედამიწის დაცვაში.

„სამეცნიერო საზოგადოებას აქამდე სჯეროდა, რომ დედამიწისკენ მომართულ მეტეორიტთა ნაკადები დაკავშირებული იყო ასტეროიდთა სარტყელში მიმდინარე დრამატულ მოვლენებთან. თუმცა, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ასე არ არის და მეტეორიტთა შემოდინება სინამდვილეში ძალიან სტაბილურია“, — ამბობს შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის გეოლოგი ბირგერ შმიტცი.

დედამიწის მეტეორიტული ისტორიის დადგენა ადვილი არ არის. იშვიათია დიდი მოვლენები, ანუ იმ ზომის სხეულთა დაცემა, რომლებმაც მნიშვნელოვანი კრატერი დატოვეს; მრავალი კოსმოსური ქვა ატმოსფეროში შემოსვლისას იშლება და დედამიწაზე მხოლოდ მისი ნარჩენები ცვივა.

სწორედ ამ ნარჩენებს ეძებდნენ შმიტცი და მისი კოლეგები: დედამიწის ქერქის დანალექოვან შრეებში შემონახულ მიკრომეტეორიტთა ციცქნა ფრაგმენტებს.

ჩინეთში, რუსეთსა და შვედეთში უძველეს ზღვათა ფსკერიდან მათ ათასობით კილოგრამი კირქვა ამოიღეს; ნიმუშები ფანეროზოური ეონის 15 სხვადასხვა პერიოდს ეკუთვნოდა.

ამის შემდეგ, კირქვის ეს ნაჭრები მჟავაში დაშალეს და ქრომის შპინელები მიიღეს — ქრომის ოქსიდის ციცქნა ნაჭრები, დეგრადაციისადმი მდგრადი მინერალი, რომელიც მეტეორიტებში გვხვდება.

„ქრომის მჟავა ჯამში 10 000 სხვადასხვა მეტეორიტიდან ამოვიღეთ. ამის შემდეგ, ქიმიური ანალიზებით განვსაზღვრეთ, რა ტიპის მეტეორიტებს წარმოადგენდა ეს მარცვლები“, — ამბობს შმიტცი.

მათდა გასაკვირად, შედეგებმა აჩვენა სტაბილური შემოდინება, ისიც ძირითადად ქონდრიტი მეტეორიტების (ქვის, არალითონის), ზუსტად ისეთი შემოდინება, როგორიც დღესაა. აშკარა გამონაკლისია ამ სახის მტეორიტთა რაოდენობის ზრდა 466 მილიონი წლის წინ, რაც დაკავშირებულია მათი მშობელი L-ქონდრიტი სხეულის დაშლასთან; ეს მოზრდილი სხეული მიეკუთვნებოდა რკინის ძლიერ დაბალი შემცველობის მეტეორიტის ტიპს.

იმ პერიოდში, მეტეორიტთა შემოდინება 300-ჯერ გაიზარდა, ნამსხვრევების 99 პროცენტი კი ერთი და იმავე მშობელი სხეულიდან იყო წამოსული, მოდიოდა დაახლოებით 40 მლნ წლის განმავლობაში, მაგრამ ბოლომდე არასოდეს შეწყვეტილა. დღესაც კი, დედამიწაზე ჩამოცვენილ მეტეორიტთა დაახლოებით ერთი-მესამედი ამ მშობელი სხეულიდან არის წამოსული.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ასტეროიდები, რომლებიც მარსსა და იუპიტერს შორის გადაჭიმულ ასტეროიდთა სარტყელს ტოვებენ, ძალიან პატარა რეგიონიდან მოდიან.

„გაგვაოცა იმის გარკვევამ, რომ გასული 500 მილიონი წლის განმავლობაში მომხდარ ასტეროიდთა შეჯახებებიდან მხოლოდ 70-მა უდიდესმა ასეთმა მოვლენამ გამოიწვია დედამიწისკენ მეტეორიტთა შემოდინების ზრდა. გარკვეულ მიზეზთა გამო, ამ კლდეების უმეტესობა ასტეროიდთა სარტყელშივე რჩება“, — ამბობს შმიტცი.

არ ვიცით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, მაგრამ აღმოჩენა გვეხმარება იმის გარკვევაში, დედამიწასთან შეჯახების შანსი უფრო მეტად რა სახის ობიექტებს აქვთ და საიდან მოდიან ისინი. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ მკვლევართა ჯგუფის აღმოჩენა მართებულია, რადგან როგორც თავადვე შენიშნავენ, ნიმუშები შეიძლება ყოვლისმომცველი არ იყოს.

მონაცემებში შეიმჩნევა 190 მილიონ წლიანი შუალედი, კარბონული ეპოქიდან ადრეულ იურულ პერიოდამდე, როდესაც ქრომის შპინელი არ გვხვდება; ამავე დროს ვიცით ისიც, რომ ამ პერიოდში იყო ისეთ ასტეროიდთა დაშლებიც, რომლებმაც დედამიწაზე გავლენა მოახდინეს. ჯგუფის მიერ აღებულ ნიმუშთა უმეტესობა ცარცულ პერიოდს ეკუთვნის და ამ პერიოდში გამოჩენილ ასტეროიდთა ოჯახი ასევე არ მიუთითებს ამ ტიპის მეტეორიტთა ნაკადის მნიშვნელოვან ზრდაზე.

ასეთი შეუსაბამობის მიზეზები შეიძლება სამომავლო კვლევებმა გაარკვიოს. ამ ეტაპზე, კვლევა წარმოადგენს მხოლოდ ახალ გზას დედამიწის მეტეორიტულ დარტყმათა ისტორიის შესასწავლად, ასევე იმის დასადგენად, რას შეიძლება ველოდეთ მომავალში.

„კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს მომავალში მცირე ასტეროიდის დაცემასაც კი, თუნდაც ზღვაში, დასახლებული ზონის სიახლოვეს. ეს კვლევა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება გამოვიყენოთ ასეთი რამის თავიდან ასაცილებლად; მაგალითად, ვცადოთ, რომ ტრაექტორია შევუცვალოთ ჩვენი მიმართულებით სწრაფად მოძრავ ციურ სხეულს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ამბობს შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის გეოლოგი ბირგერ შმიტცი.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია lunduniversity.lu.se-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი