მეტეორიტში არამიწიერი წარმოშობის ცილები აღმოაჩინეს — პირველად ისტორიაში
მეტეორიტში არამიწიერი წარმოშობის ცილები აღმოაჩინეს — პირველად ისტორიაში

ახალი აღმოჩენა შესაძლოა ნამდვილი გასაღები გახდეს იმის გასარკვევად, არის თუ არა სიცოცხლე აღმოცენებული სამყაროში სხვაგანაც, მზის სისტემის მიღმა. ანალიზის ახალი მეთოდის გამოყენებით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ აღმოაჩინეს არამიწიერი წარმოშობის ცილა, რომელსაც დედამიწაზე 30 წლის წინ ჩამოვარდნილ მეტეორიტში მიაგნეს.

თუ აღმოჩენა მართლად დამტკიცდა, ეს იქნება ამ დრომდე იდენტიფიცირებული პირველი ცილა, რომელიც დედამიწისეული წარმოშობის არ არის.

კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის, მაგრამ არის საკმაოდ დამაჯერებელი.

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, მეტეორიტებში აღმოაჩინეს სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისათვის გადამწყვეტი სამშენებლო ბლოკები. მათ შორის არის ციანიდი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს სიცოცხლისთვის საჭირო მოლეკულების მშენებლობაში; რიბოზა — შაქრის ტიპი, რომელიც რნმ-ში გვხვდება; და ამინომჟავები — ორგანული ნაერთები, რომლებიც ცილებს წარმოქმნიან.

მკვლევრებმა ამჯერად ხელახლა შეისწავლეს მეტეორიტები, რომლებშიც წარსულში ამინომჟავები აღმოაჩინეს. მკვლევართა ჯგუფმა ფიზიკოს მალკოლმ მაკგეოჩის ხელმძღვანელობით, ფოკუსირება სულ სხვა რაღაცის პოვნაზე მოახდინა.

მოწინავე მას-სპექტრომეტრის გამოყენებით, მეტეორიტში სახელად Acfer 086, აღმოაჩინეს ის, რაც მათი აზრით უნდა იყოს ცილა; თავად მეტეორიტი 1990 წელს ალჟირში აღმოაჩინეს.

მართალია, არამიწიერი ცოცხალი ორგანიზმები ჯერ არ გვიპოვნია, მაგრამ ეს ცილა სიცოცხლის კიდევ ერთი სამშენებლო ბლოკია, რომელიც კოსმოსიდან ჩამოვარდნილ ნამსხვრევში ვიპოვეთ. ცილის წარმოქმნა მრავალ სხვადასხვა პროცესს შეუძლია, მაგრამ სიცოცხლე, ყოველ შემთხვევაში ისეთი, როგორიც ჩვენ ვიცით, ცილის გარეშე შეუძლებელია.

ახალი მეთოდით, ჯგუფმა მეტეორიტში გლიცინის ამინომჟავის წინა ანალიზზე უფრო ძლიერი სიგნალი იპოვა და ამავ დროს, გაარკვიეს, რომ ის გადაბმული იყო სხვა ელემენტებთან, მაგალითად, რკინასთან და ლითიუმთან. როდესაც მათ მოდელირება ჩაატარეს იმის გასარკვევად, თუ რასთან ჰქონდათ საქმე, აღმოაჩინეს, რომ გლიცინი სულაც არ იყო იზოლირებული — ის ცილის ნაწილი გახლდათ.

ახლად აღმოჩენილ ცილას მკვლევრებმა ჰემოლითინი უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰემოლოთინი სტრუქტურულად დედამიწაზე არსებულ ცილებს ჰგავს, მისი პროპორცია მძიმე წყალბადთან (დეიტერიუმი) დედამიწაზე არსებულისას არ დაემთხვა. სამაგიეროდ, ემთხვევა გრძელპერიოდიანი კომეტებისას.

მკვლევართა აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ მიერ ცილად იდენტიფიცირებული სტრუქტურა არამიწიერი წარმოშობისაა და სავარაუდოდ, წარმოქმნილია მზის სისტემის პროტოდისკოში, 4,6 მილიარდი წლის წინ.

თუმცა, ისინი ასევე შენიშნავენ, რომ არსებობს შესაძლებლობა, მათ მიერ ნაპოვნი სტრუქტურა სულაც არ იყოს ცილა. მართალია, ჯგუფის ვარაუდით ცილა ყველაზე მეტად შესაძლო ვარიანტია, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ მათი აღმოჩენა სინამდვილეში იყოს პოლიმერი — მოლეკულების ფართო კლასი, რომლებშიც ცილები მხოლოდ ერთ-ერთია.

საბოლოო პასუხის მისაღებად, საჭიროა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი. ასტრონომი და ქიმიკოსი ჩეონა ტრემბლი განმარტავს, რომ როგორც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ბოლო დროს ჩატარებული კვლევები მიუთითებს, მცირე გრავიტაციის გამო, კოსმოსში ცილის წარმოქმნა ადვილი უნდა იყოს. ასტრონავტმა მეცნიერებმა მართლაც შეძლეს საკმაოდ დიდი ცილის მოლეკულების მიღება, რომელთა დედამიწაზე მოხვედრაც სავსებით შესაძლებელია.

გამომდინარე აქედან, ტრემბლი დარწმუნებულია, რომ კოსმოსში ცილები არსებობს და ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელება საკმაოდ საინტერესოა.

კვლევა ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.