მეტეორიტებში სიცოცხლისათვის აუცილებელი შაქრები აღმოაჩინეს — პირველად ისტორიაში
მეტეორიტებში სიცოცხლისათვის აუცილებელი შაქრები აღმოაჩინეს — პირველად ისტორიაში

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა მეტეორიტებში სიცოცხლისთვის აუცილებელი შაქრები იპოვა. ამ აღმოჩენით კიდევ უფრო გაიზარდა მეტეორიტებში ნაპოვნი ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ქიმიური ნაერთების სია. შედეგად, უფრო მეტად მყარდება ჰიპოთეზა, რომ მრავალი მეტეორიტის მშობელ სხეულებში — ასტეროიდებში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებს სიცოცხლისათვის გადამწყვეტი ინგრედიენტების წარმოქმნა შეუძლია. მარტივად რომ ვთქვათ, უძველესი დედამიწა მეტეორიტებით იბომბებოდა და შეიძლება, სწორედ ეს მოვლენა დაეხმარა ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის აღმოცენებას, რადგან მეტეორიტებმა სიცოცხლის სამშენებლო ბლოკები მოიტანეს.

ნახშირბადით მდიდარ ორ მეტეორიტში, NWA 801-სა (ტიპი CR2) და მურჩისონში (ტიპი CM2), მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა რიბოზა და ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი სხვა შაქრები, მათ შორის არაბინოზა და ქსილოზა. რიბოზა რნმ-ის (რიბონუკლეინის მჟავა) გადამწყვეტი კომპონენტია. თანამედროვე ცხოვრებაში, რნმ კურიერი მოლეკულაა, დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინმჟავა) აკოპირებს გენეტიკურ ინსტრუქციებს და მიაქვს უჯრედის მოლეკულურ ქარხნებში — რიბოსომებში; ამის შემდეგ, ეს უკანასკნელი კითხულობს რნმ-ს და აშენებს სიცოცხლის პროცესისთვის საჭირო სპციფიკურ ცილებს.

კვლევის ავტორის, იაპონიის ტოჰოკუს უნივერსიტეტის მკვლევრის, იოშიჰირო ფურუკავას განცხადებით, სიცოცხლის სხვა მნიშვნელოვანი სამშენებლო ბლოკები მეტეორიტებში აქამდეც არის აღმოჩენილი, მათ შორის ამინომჟავები (ცილების კომპონენტები) და აზოტოვანი ფუძეები (დნმ-ისა და რნმ-ის კომპონენტები), მაგრამ შაქრები ნაკლული რგოლი იყო სიცოცხლის უმთვრეს სამშენებლო ბლოკებს შორის.

მისივე თქმით, ეს გახლავთ კოსმოსში რიბოზას არსებობის და შაქრის დედამიწაზე მოტანის პირველი პირდაპირი მტკიცებულება. არამიწიერმა შაქარმა პრებიოტურ დედამიწაზე შეიძლება წვლილი შეიტანა რნმ-ის ფორმაციაში, რასაც თავის მხრივ, სიცოცხლის აღმოცენება უნდა მოჰყოლოდა.

როგორც კვლევის თანაავტორი, ნასას გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის მკვლევარი ჯეისონ დუორკინი აღნიშნავს, უმნიშვნელოვანესია, რომ ასეთ უძველეს მასალაში აღმოვაჩინეთ ისეთი არამყარი მოლეკულა, როგორიც არის რიბოზა. მისი თქმით, ეს ფაქტი დაგვეხმარება პირველყოფილი ასტეროიდებიდან, რიუგუდან და ბენუდან აღებული ხელუხლებელი ნიმუშების ანალიზში. გეტყვით, რომ ასტეროიდ რიუგუსთან უკვე მივიდა, ნიმუშები აიღო და დედამიწაზე ჩამოიტანს იაპონიის კოსმოსური სააგენტოს ხომალდი „ჰაიაბუსა2“, ბენუსკენ კი ახლა მიემართება ნასას ხომალდი „ოსირის-რექსი“.

როგორ აღმოცენდა ბიოლოგია არაბიოლოგიური ქიმიური პროცესებიდან — ეს სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებულ უდიდეს საიდუმლოა. დნმ სიცოცხლის თარგია, რომელიც ატარებს ინფორმაციას, თუ როგორ აშენოს და იმოქმედოს ცოცხალმა ორგანიზმმა. ინფორმაციას რნმ-იც ატარებს და მრავალი მკვლევრის აზრით, პირველად სწორედ ის წარმოიქმნა, შემდეგში კი დნმ-მ ჩაანაცვლა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ აქვს რნმ-ის მოლეკულებს ის უნარები, რაც დნმ-ს აკლია. რნმ-ს საკუთარი თავის ასლების გაკეთება სხვა მოლეკულების „დახმარების“ გარეშე შეუძლია, მას, როგორც კატალიზატორს, ასევე ქიმიურ რეაქციათა სტიმულირება და დაჩქარება. ახალი კვლევის ფარგლებში იკვეთება გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ დნმ-ს გამოჩენამდე, სიცოცხლის მექანიზმს კოორდინირებას რნმ უწევდა.

კვლევის თანაავტორის, ნასას მკვლევრის, დანი გლავინის განცხადებით, დნმ-ში შაქარი (2-დეზოქსირიბოზა) მეტეორიტების არც ერთ ანალიზში აქამდე არ გამოვლენილა. ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან ადრეულ დედამიწაზე არამიწიერი რიბოზის კოსმოსიდან მოტანა თანხვედრაშია ჰიპოთეზასთან, რომლის მიხედვითაც, პირველად რნმ გაჩნდა.

ჯგუფმა მეტეორიტების დაფხვნილ ნიმუშებში შაქრები აღმოაჩინა აირთა ქრომატოგრაფიისა და მასის სპექტრომეტრიული ნალიზებით, რაც გულისხმობს მოლეკულების სორტირებასა და იდენტიფიცირებას მათი მასისა და ელექტრული მუხტების მიხედვით. მეტეორიტ NWA 801-ში რიბოზას და სხვა შაქრების წილი მილიარდში 2,3-11-მდე აღმოჩნდა, მურჩისონში კი მილიარდში 6,7-180.

გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწა წალეკილი აქვს სიცოცხლეს, ჯგუფი უშვებს შესაძლებლობასაც, რომ მეტეორიტებში ნაპოვნი შაქრები დედამიწისეული სიცოცხლის მიერ დაბინძურების შედეგია. თუმცა, მრავალი მტკიცებულება, მათ შორის იზოტოპთა ანალიზი ასეთ დაბინძურებას გამორიცხავს. იზოტოპები ქიმიური ელემენტების ვერსიებია სხვა მასით, რასაც მათ ატომბირთვში ნეიტრონების რაოდენობა განსაზღვრავს. მაგალითად, დედამიწაზე სიცოცხლე ნახშირბადის უფრო მსუბუქი ნაირსახეობის (12C) გამოყენებას ამჯობინებს და არა მძიმესი (13C). მეტეორიტების შაქრებში არსებული შაქრები კი მნიშვნელოვნად იყო გაჯერებული მძიმე 13C-ით, რაც დედამიწისეულ ბიოლოგიაში არ გვხვდება და შესაბამისად, მივდივართ დასკვნამდე, რომ ის მართლაც კოსმოსიდან არის მოსული.

არამიწიერი შაქრების შესასწავლად ჯგუფი უფრო მეტი მეტეორიტის ანალიზს გეგმავს.

კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.