დედამიწაზე სიცოცხლე შესაძლოა, სხვა პლანეტასთან შეჯახების წყალობით აღმოცენდა
დედამიწაზე სიცოცხლე შესაძლოა, სხვა პლანეტასთან შეჯახების წყალობით აღმოცენდა

ნივთიერებები, რომლებმაც დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენებისთვის საჭირო პირობები შექმნა, შესაძლოა, ჩვენი პლანეტისთვის სულაც არ იყოს მშობლიური. ახალი ჰიპოთეზის მიხედვით, სიცოცხლისათვის აუცილებელი ელემენტები მარსის ზომის პლანეტამ მოიტანა, რომელიც დედამიწას 4,5 მილიარდი წლის წინ შეეჯახა.

ამ ჰიპოთეტურ პლანეტას თეიას უწოდებენ. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, სწორედ ამ შეჯახების შედეგად მოსწყდა დედამიწას გარკვეული ნაწილი, რისგანაც შემდეგ მთვარე წარმოიქმნა.

აშშ-ის რაისის უნივერსიტეტის მკვლევართა აზრით, სწორედ ამ პლანეტამ მოიტანა დედამიწაზე ისეთი აქროლადი ელემენტები, როგორებიცაა ნახშირბადი, აზოტი, წყალბადი და გოგირდი, რომელთა საშუალებითაც ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე აღმოცენდა.

როგორც ცნობილია, ნაკლებ სავარაუდოა, რომ დედამიწას თავისით წარმოექმნა აქროლადები, რომლებიც შემდეგ ატმოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ბიოსფეროს შეავსებდნენ.

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ დედამიწაზე აქროლადები მეტეორიტებმა მოიტანა, რომელებსაც კარბონატულ ხონდრიტებს უწოდებენ. ეს პრიმიტიული მეტეორიტები დედამიწას გამუდმებით ეცემოდნენ და ისინი გაცილებით მდიდარი იყო აქროლადებით, ვიდრე ადრეული დედამიწა და მზის სისტემის შიდა ნაწილის სხვა კლდოვანი სხეულები.

თუმცა, მკვლევართა დასკვნით, ხონდრიტებში ამ აქროლადთა პროპორცია დარღვეულია, განსაკუთრებით ერთი წყვილი ელემენტებისთვის. დედამიწის სილიკატებში ნახშირბადი-აზოტის პროპორცია 20-ჯერ აღემატება კარბონატულ ხონდრიტებში არსებულს.

გამომდინარე აქედან, მკვლევართა ჯგუფმა გადაწყვიტა გაერკვია, მოხვდა თუ არა ჩვენს პლანეტაზე ეს აქროლადები სხვა გზით, მაგალითად, მოიტანა თუ არა ისინი ჩვენთან თეიამ.

ექსპერიმენტთა სერიის ფარგლებში, სილიკატებითა და ლითონების ნაზავით სავსე კაფსულების გამოყენებით, მკვლევართა ჯგუფმა აღადგინა მაღალი ტემპერატურა და წნევა, ანუ შექმნა ის გარემო, რომელშიც თეიას ბირთვი უნდა წარმოქმნილიყო. ამის საშუალებით მათ განსაზღვრეს, რა პროცენტულობით უნდა ყოფილიყო გოგირდი ბირთვში, რომ ვერ იქ მოხვედრილიყო ნახშირბადი და აზოტი, რომლებიც პლანეტის სილიკატებში უნდა ჩარჩენილიყო.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ჯგუფმა მიმართა კომპიუტერულ სიმულაციას, რომელმაც მილიარდობით სხვადასხვა სცენარი მოსინჯა, რათა გაერკვია აქროლადების დედამიწაზე მოხვედრის ამბავი.

მკვლევარ დამენვირ გრევალის განცხადებით, მათ დაადგინეს, რომ ყველა მტკიცებულება — იზოტოპების ხელწერა, ნახშირბადი-აზოტის პროპორცია და ნახშირბადის ზოგადი ოდენობა, აზოტი და გოგირდი დედამიწის სილიკატებში — კარგად ეთავსება ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, მთვარე წარმოიქმნა დედამიწასთან მარსის ზომის, გოგირდით მდიდარი ბირთვისა და აქროლადების მატარებელი პლანეტის შეჯახებით.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კარბონატულ ხონდრიტებს არავითარი წვლილი არ შეუტანია, მაგრამ მიუთითებს, რომ უდიდესი წვლილი მაინც თეიამ შეიტანა. აღმოჩენა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სიცოცხლის აღმოცენებისთვის პლანეტას უფრო მეტი შანსი აქვს, თუ ის სხვა სხეულებს შეეჯახება.

გეოლოგ რაჯდიპ დასგუპტას თქმით, პრიმიტიული მეტეორიტების კვლევებიდან მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ დედამიწა და მზის სისტემის შიდა ნაწილის სხვა კლდოვანი სხეულები აქროლად-დეფიციტურია. თუმცა, კამათის საგანი რჩებოდა მათი აქ მოხვედრის ქრონოლოგია და მექანიზმი. მისი თქმით, ეს სცენარი პირველია, რომელიც კარგად ეთავსება გეოქიმიურ მტკიცებულებებს.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.rice.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.