უძველესი სიგნალების საფუძველზე დაადგინეს, როგორ გამოიყურებოდნენ დედამიწის პირველი ცხოველები — #1tvმეცნიერება
უძველესი სიგნალების საფუძველზე დაადგინეს, როგორ გამოიყურებოდნენ დედამიწის პირველი ცხოველები — #1tvმეცნიერება

მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ევოლუციის შესწავლა დაიწყეს, კამათობენ ისეთ სადავო საკითხზე, როგორიცაა — ზუსტად როგორ გამოიყურებოდა პირველი ცხოველი დედამიწაზე.

გენეტიკურ ანალიზებზე დაყრდნობით, ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ დღევანდელი ჩვეულებრივი ღრუბლები (demosponges, Porifera) ყველაზე მეტად ჰგვანან ჩვენს პირველ ცხოველ წინაპარს; სხვები კი ირწმუნებიან, რომ ამ მოთხოვნას უკეთესად ერგებიან სავარცხლურები.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევა ღრუბლების სასარგებლოდ იხრება; ქიმიური მინიშნებების შეგროვებით ჩატარებული ეს კვლევა მიუთითებს, რომ ეს ცხოველები ნეოპროტეროზოულ პერიოდში გამოჩნდნენ, დაახლოებით 541 მილიონი წლის წინ.

სამწუხაროდ, ნამარხი ჩანაწერები მხოლოდ ძალიან არაერთგვაროვან სურათს იძლევა ცხოველთა ადრეული დღეების შესახებ. განსაკუთრებით რთულია რბილქსოვილიან ცხოველთა შესახებ მტკიცებულებების პოვნა, ისეთების, როგორებიც არის სავარცხლურები და ღრუბლები, რადგან მათ არ გააჩნიათ მყარი მასალები — ძვლები, ხრტილები და ა. შ. რომლებიც კარგად ნამარხდება.

ღრუბლებისგან ზოგჯერ რჩება ბიომინერალიზებული სპიკულები — კალციუმის კარბონატის ან სილიციუმის დიოქსიდის ციცქნა სტრუქტურებს, მაგრამ ბოლოდროინდელი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ადრეულ ღრუბლებს ეს ფორმები არ ჰქონდათ. რაც შეეხება სავარცხლურებს, მათი პრეტენზია ამ ტიტულზე ძირითადად გენეტიკურ ანალიზს ეფუძნება და არა ნამარხ მტკიცებულებებს.

მეცნიერებს შემოქმედებითობა მოუწიათ, ედიკარიული ზეთისა და დანალექების დაწმენდა ტრადიციული ნამარხების გარეშე იმ ქიმიური ხელწერების საპოვნელად, რომლებიც შეიძლება მხარს უჭერდეს ცხოველური სიცოცხლის ღრუბლოვან წარმომავლობას.

„დაზუსტებით არ ვიცით, როგორები შეიძლება ყოფილიყვნენ მაშინ ეს ორგანიზმები, მაგრამ ისინი ნამდვილად ოკეანის ბინადრები უნდა ყოფილიყვნენ, უნდა ჰქონოდათ რბილქსოვილიანი სხეული და გვჯერა, რომ არ ჰქონდათ სილიციუმის ჩონჩხი“, — ამბობს MIT-ის გეობიოლოგი როჯერ სამონსი.

2009 წელს, სამონსი ჩართული იყო ომანში ჩატარებულ კვლევაში, რომლის ფარგლებშიც ღრუბლების მსგავსი სტეროლების მრავალი ნამარხი მტკიცებულება აღმოაჩინეს. ეს იშვიათი C30 სტეროლები (ყველა კომპლექსური ორგანიზმის უჯრედის მემბრანაში შემავალი ცხიმოვანი ორგანული ნაერთები) მიუთითებს ადრეულ ღრუბელთა აქტივობაზე. მარტივი ორგანიზმები, რომელთა სიცოცხლის სტრატეგიაც წინ უსწრებდა ღრუბლებს, სტეროლებს არ წარმოქმნიდა, მაგრამ წარმოქმნიან თანამედროვე ღრუბლები.

„ძლიერ უჩვეულოა 30 ნახშირბადის მქონე სტეროლის პოვნა“, — ამბობს კვლევის ავტორი, MIT-ის ორგანული გეოქიმიკოსი ლუბანა შავრი.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ უძველესი ღრუბლები შეიძლება დედამიწის პირველი ცხოველები ყოფილიყვნენ, რომლებიც სხვა მრავალუჯრედიან არსებებზე გაცილებით ადრე გაჩნდნენ.

სკეპტიკოსები ირწმუნებიან, რომ ომანში აღმოჩენილ სტეროლურ ნამარხებს შეიძლება ალტერნატიული, არაბიოლოგიური ან წყალმცენარული წარმოშობა ჰქონდეს, მაგრამ ლუბანამ და მისმა ჯგუფმა ახლა ეს უკვე გამორიცხა C31-ის შემცველი მეორე ქიმიური „ნამარხით“. ის იმავე ღრუბლის გენიდან მიიღეს, რომელიც C30 სტეროლებს წარმოქმნის; ამავე დროს, ასეთივე ქიმიური პროცესი ხდება ზოგიერთ დღევანდელ ღრუბელში.

„ამ კვლევაში ვაჩვენეთ, როგორ მოვახდინოთ ბიომარკერის ავთენტიფიკაცია, რითაც დავადასტურეთ, რომ სიგნალი ნამდვილად სიცოცხლისგან მოდის და არა დაბინძურების ან არაბიოლოგიური ქიმიური პროცესებისგან“, — ამბობს შავარი.

მკვლევართა ჯგუფმა ლაბორატორიაში მოახდინა სტეროლის განმარხების პროცესის სიმულირება, რისთვისაც გამოიყენა რვა სახის სინთეტიკური C31 სტეროლი; ისინი ისე იყო დამუშავებული, რომ ჰბაძავდა დედამიწის ქერქში ასობით მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს. სიმულაციის დასასრულს, ორი ნიმუში ზუსტად დაემთხვა უძველეს C31 სტეროლის ნაშთებს, რამაც კიდევ უფრო დაუჭირა მხარი ბიოლოგიურ წარმომავლობას.

„ეს არის კომბინაცია იმისა, რაც არის ქანებში, ღრუბლებში და რაც შეიძლება გააკეთო ლაბორატორიაში. შედეგად მივიღეთ სამი მხარდამჭერი, ერთნაირად თანხმობაში მყოფ მტკიცებულებათა ხაზი, რომელიც მიუთითებს, რომ ეს ღრუბლები დედამიწის ყველაზე ადრეული ცხოველები იყვნენ. ეს სპეციალური სტეროლები მათში ყოველთვის იყო. მათ მოსაძებნად, მათი მნიშვნელობისა და მათი წარმოშობის ნამდვილად გასაგებად სწორი კითხვების დასმა იყო საჭირო“, — ამბობს შავარი.

ახლა, როდესაც ადრეული ღრუბლების ეს უძველესი ქიმიური ხელწერები დაადასტურეს, მკვლევართა ჯგუფს იმედი აქვს, რომ სხვა გეოლოგიურ ნიმუშებსაც შეისწავლის ჩვენი ყველაზე ადრეული წინაპრების შესახებ უფრო მეტი რამის გასაგებად.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.mit.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.