მეცნიერებმა სავარაუდოდ გაარკვიეს, როგორ გამოიყურებოდა პირველი ცხოველი დედამიწაზე — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა სავარაუდოდ გაარკვიეს, როგორ გამოიყურებოდა პირველი ცხოველი დედამიწაზე — #1tvმეცნიერება

სულ ახლახან, მკვლევრებმა მტკიცე პასუხი გასცეს კითხვას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აწვალებდა კაცობრიობას — როგორ გამოიყურებოდა პირველი მრავალუჯრედიანი ცხოველი დედამიწაზე.

ღრუბლები (Porifera), დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდნენ „პირველის“ ტიტულის კანდიდატად მათივე ანატომიური სიმარტივის გამო — არ აქვთ ნერვული სისტემა; მაგრამ როდესაც უფრო ჩავუღრმავდით გენეტიკურ ისტორიას, გაჩნდა გამომწვევი.

როგორც ახალი მონაცემები მიუთითებს, სავარცხლურა მედუზა (Ctenophora), რომელიც გარეგნული მსგავსების მიუხედავად თანამედროვე მედუზას მხოლოდ ძალიან შორიდან ენათესავება, „პირველის“ სტატუსი ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ამ სავარცხლურა მედუზას უფრო კომპლექსური, დიფერენციებული ნერვული სისტემა აქვს. ისინი საკმაოდ კარგი მაგალითია იმისა, რომ ევოლუცია სულაც არ არის პირდაპირი მსვლელობა უფრო დიდი კომპლექსურობისკენ.

„ყველა ცხოველის ყველაზე ბოლო საერთო წინაპარი სავარაუდოდ 600-700 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ძნელია გაიგო, როგორ გამოიყურებოდნენ, რადგან ისინი რბილსხეულიანი ცხოველები იყვნენ და არ დაუტოვებიათ პირდაპირი ნამარხები. თუმცა, დღევანდელ ცხოველებს შორის შედარებების გზით, შეგვიძლია ჩვენი საერთო წინაპარი შევისწავლოთ“, — განმარტავს კვლევის ავტორი, ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგი დენიელ როკსარი.

გენების მიმდევრობაზე ფოკუსირებულმა წინა ანალიზებმა ურთიერთგამომრიცხავი შედეგები დადო; ზოგიერთი მიმდევრობა მიუთითებდა, რომ პირველად ღრუბლები გამოჩნდნენ, ზოგი კი პირველის ტიტულს სავარცხლურა მედუზებს ანიჭებდა.

მათ გენეტიკურ მოლეკულებში (ქრომოსომები) ძლიერ კონსერვირებული გენეტიკური მიმდევრობების შედარებით, ვენის უნივერსიტეტის ბიოინფორმატიკოსმა დარინ შულცმა და მისმა კოლეგებმა იპოვეს მახასიათებლები, რომლებიც აშკარად მიუთითებდა ორგანიზმებს შორის ევოლუციურ მოვლენათა თანმიმდევრობაზე.

სავარცხლურა მედუზასას, ზღვის ორი ღრუბლისას, ორი ერთუჯრედიანი ორგანიზმის (Choanoflagellata და ამება) და თევზის მიკრობული პარაზიტის (ichthyosporea — ენათესავება როგორც ცხოველებს, ისე სოკოებს) ახლად სეკვენირებული მიმდევრობები მკვლევრებმა შეადარეს უფრო თანამედროვე ცხოველებისას შეადარეს.

ყველა ცხოველში ერთსა და იმავე ქრომოსომაში გამოვლენილმა ძლიერ კონსერვირებული გენების მიმდევრობების კავშირმა აშკარა მახასიათებელი გამოკვეთა. ღრუბლებს და უფრო თანამედროვე ცხოველებს ერთნაირი თვისებები ქრომოსომის იშვიათი ტიპის შერწყმისა და გადალაგების მოვლენიდან მოსდგამთ. თუმცა, ასეთი რამ წარმოდგენილი არ იყო სავარცხლურა მედუზებში, რომელთა გენომებიც უფრო სხვა ერთუჯრედიანი ცხოველების მსგავსად არის ჩაწყობილი.

„ეს უკვე პირდაპირი მტკიცებულება იყო. მივაგენით რამდენიმე გადალაგებას, რომელიც საერთოა ღრუბლებსა და არასავარცხლურა ცხოველებში. ამის საპირისპიროდ, სავარცხლურა მედუზები არაცხოველებს ჰგავდნენ. ყველაზე მარტივი ახსნა ის არის, რომ სავარცხლურები გადალაგების დაწყებამდე განშტოვდნენ“, — ამბობს როკსარი.

შესაბამისად, დიდი ალბათობით, პირველად სავარცხლურა მედუზები ჩამოყალიბდნენ და მათ მოყვნენ ღრუბლები. ამის შემდეგ, ამ ღრუბლებმა ახლად შერეულ ქრომოსომათა მოწყობები შთამომავალ ცხოველებს გადასცეს.

„გარკვეული დეტექტიური მუშაობა დაგვჭირდა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ეს ნამდვილად მკაფიო სიგნალია და არა შემთხვევითობა, რადგან საქმე გვაქვს გენების შედარებით მცირე ჯგუფებთან და ალბათ მილიარდობით წლიან დაცილებასთან ცხოველებსა და არაცხოველებს შორის“, — ამბობს როკსარი.

თუმცა, როგორც როკსარი აღნიშნავს, სიგნალი არსებობს და ძლიერ უჭერს მხარს სცენარს, რომლის მიხედვითაც, ჯერ სავარცხლურა მედუზები გაჩნდნენ. მისივე განცხადებით, ერთადერთი გზა, რომ ღრუბლების პირველობის ჰიპოთეზა მართალი იყოს, იქნებოდა ის, რომ მრავლობითი კონვერგენტული გადაწყობა მომხდარიყო როგორც ღრუბლებში, ისე არასავარცხლურა ცხოველებში, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

ახალი მეთოდი, რომელიც ჯგუფმა ამ აღმოჩენისათვის შექმნა, სხვა შორეულ ევოლუციურ საიდუმლოთა უფრო ღრმად შესწავლის საშუალებასაც იძლევა.

„ამ უძველესი ევოლუციური მოვლენის კვალი დღემდე წარმოდგენილია ცხოველთა გენომებში, ასობით მილიონი წლის შემდეგ. ეს კვლევა გვთავაზობს კონტექსტს, თუ რამ აქცია ცხოველები ცხოველებად“, — ამბობს შულცი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.