ასტეროიდის ნიმუშებში სიცოცხლის საშენი მასალები კვლავ აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ასტეროიდის ნიმუშებში სიცოცხლის საშენი მასალები კვლავ აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

შორეული ასტეროიდიდან აღებული ნიმუშები ადასტურებს, რომ კოსმოსურ ქვებში აზოტოვანი ფუძეების არსებობა შესაძლებელია.

ასტეროიდ რიუგუდან დედამიწაზე ჩამოტანილ მტვრის ნიმუშებში ურაცილი აღმოაჩინეს — რნმ-ის შემადგენელი ოთხი აზოტოვანი ფუძიდან ერთ-ერთი. ასევე აღმოჩნდა ნიკოტინმჟავა, ვიტანიმ B3-ის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლიზმში.

შედეგად, სულ უფრო იზრდება იმის მტკიცებულებები, რომ სიცოცხლის საშენი მასალები კოსმოსში ყალიბდება და შესაძლოა, სულ მცირე ნაწილობრივ მაინც, დედამიწაზე ისინი პლანეტის ადრეულ ისტორიაში, ასტეროიდების დაცემის შედეგად მოხვდა.

„აზოტოვანი ფუძეები და ვიტამინები მეცნიერებმა წარსულშიც იპოვეს ნახშირბადით მდიდარ ზოგიერთ მეტეორიტში, მაგრამ ყოველთვის არსებობდა კითხვა დედამიწის გარემოდან მათი შესაძლო დაბინძურების შესახებ“, — ამბობს იაპონიის ჰოკაიდოს უნივერსიტეტის ასტროქიმიკოსი იასუჰირო ობა.

თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც იაპონიის ხომალდმა ჰაიაბუსა-2-მა ასტეროიდ რიუგუზე ნიმუშები აიღო და დალუქული კაფსულებით დედამიწაზე ჩამოიტანა, დაბინძურება უკვე გამოირიცხა.

როგორ აღმოცენდა სიცოცხლე და რამდენად გავრცელებული შეიძლება იყოს ეს აღმოცენება ირმის ნახტომის მასშტაბით, ის კითხვებია, რომლებზე პასუხიც კაცობრიობას ძლიერ სურს. პასუხის გაცემის ერთ-ერთი გზაა კოსმოსში სიცოცხლის საშენი მასალების ძებნა და კოსმოსიდან მათი ჩვენთან მოხვედრის პოტენციური მექანიზმების კვლევა.

სულ უფრო ხშირი აღმოჩენები მეტყველებს, რომ სიცოცხლის საშენი მასალები კოსმოსში ბლომადაა. შემჩნეულია პლანეტათა წარმომქმნელ მტვერში, ვარსკვლავთწარმომქმნელი მტვრის იმ ღრუბლებში, რომლებიც გალაქტიკის შუაგულს ბინდავს. ასევე ნაპოვნია დედამიწაზე ჩამოცვენილ მრავალ მეტეორიტში.

ერთობლივად, ყველა ეს მტკიცებულება მიუთითებს, რომ სიცოცხლის საშენი მასალები შეიძლება მართლაც არამიწიერი იყოს, მაგრამ საკითხი მაინც სადავო რჩებოდა იქამდე, ვიდრე მეცნიერები გამორიცხავდნენ კოსმოსური ქვების დედამიწისეული მასალებით დაბინძურებას.

იმის დასადგენად, რა იმალებოდა ხომალდ ჰაიაბუსა 2-ის მიერ ჩამოტანილ ხელუხლებელ ნიმუშებში, ობამ და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს ახალი მეთოდი, რომელიც მცირე ნიმუშებში აზოტოვანი ფუძეების მცირემასშტაბიანი დაფიქსირებისა და იდენტიფიცირებისთვის შექმნეს.

ჯგუფმა ორი ნიმუში აიღო, რომლებიც ასტეროიდის სხვადასხვა ადგილზეა შეგროვებული და ცხელ წყალში ჩაყარეს და სხვადასხვა მეთოდით შეისწავლეს. აღსანიშნავია, რომ როდესაც ამ მეთოდით შეისწავლეს 1969 წელს ჩამოვარდნილი მურჩისონის მეტეორიტი, მასში ხუთივე აზოტოვანი ფუძე იპოვეს.

მკვლევართა განცხადებით, ასტეროიდ რიუგუს ნიმუშებში ნაპოვნი ბიომოლეკულების დიაპაზონი მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი იყო.

„ნიმუშებში ვიპოვეთ მცირე რაოდენობით ურაცილი, მილიარდში 6-32 ნაწილი (ppb); უფრო უხვად იყო ვიტამინი B3, 49–99 ppb დიაპაზონით. აღმოჩნდა სხვა ბიოლოგიური მოლეკულებიც, მათ შორის ამინომჟავები, ამინები და კარბოქსილის მჟავები, რომლებიც ცილებსა და მეტაბოლიზმში გვხვდება“, — ამბობს ობა.

რიუგუს ნიმუშებში აქამდე უკვე გამოვლენილი იყო დაახლოებით 20 ამინომჟავა, რომლებიც დედამიწაზე ჩამოცვენილ ნახშირბადით მდიდარ მეტეორიტებში ნაპოვნებისგან განსხვავდება, მაგრამ ზოგადად მაინც მათი მსგავსია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ნახშირბადულ მეტეორიტებში ბიომოლეკულები შეიძლება საკმაოდ გავრცელებული იყოს და დედამიწაზე ისინი ადრეულ ეტაპზე, ბომბარდირებათა პერიოდებში მოხვდნენ.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდნენ ისინი ასტეროიდებში, მეცნიერთა აზრით, აზოტშემცველი ნაერთები შეიძლება უფრო მარტივი მოლეკულებისგან წარმოიქმნა, მათ შორის ფორმალდეჰიდის, ამიაკის და წყალბადის ციანიდისგან.

რიუგუს ნიმუშებში ისინი არ უპოვიათ, მაგრამ სავარაუდოა, რომ მასში აუცილებლად იქნებოდა, თუკი ადრეულ ისტორიაში, ასტეროიდი ან მისი მშობელი სხეული ამ მოლეკულებით მდიდარი ყინულით დაფარული კომეტა იყო.

ამასობაში კი, რიუგუ მხოლოდ დასაწყისია. NASA-მ ნიმუშები სხვა ასტეროიდიდან, ბენუდან აიღო, რომლებია ამჟამად დედამიწისკენ მოემართება ანალიზებისთვის. როგორც ადრეული ანალიზები მიუთითებს, ისიც შეიცავს სიცოცხლის საშენი მასალებისთვის შესაფერის ორგანულ მასალებს.

„ასტეროიდ რიუგუს ნიმუშებში ურაცილის აღმოჩენა აძლიერებს ამჟამინდელ თეორიებს, რომელთა მიხედვითაც, აზოტოვანი ფუძეების წყარო ადრეულ ისტორიაში უნდა ვეძებოთ“, — ამბობს ობა.

NASA-ს მისია OSIRIS-REx-ი ასტეროიდ ბენუს ნუმუშებს დედამიწაზე წელს ჩამოიტანს და მისი შემადგენლობის სრულყოფილი კვლევა ამ თეორიებს უფრო მეტი მონაცემით მოამარაგებს.

როგორც ჩანს, ვარსკვლავურმა მტვერმა, რომლისგანაც ყველაფერი შედგება, ჩვენამდე მოსაღწევად შემოვლითი გზა განვლო, ასტეროიდების გავლით.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.