NASA-ს ხომალდი, რომელმაც შორეული ასტეროიდის ნიმუშები აიღო, დედამიწისკენ გამოეშურა — #1tvმეცნიერება
NASA-ს ხომალდი, რომელმაც შორეული ასტეროიდის ნიმუშები აიღო, დედამიწისკენ გამოეშურა — #1tvმეცნიერება

კოსმოსური ხომალდი, რომელსაც ასტეროიდის ზედაპირიდან აღებული დაახლოებით 56,7 გრამი ნიმუშები მოაქვს, დედამიწისკენ გამოემართა.

ხომალდმა, სახელად OSIRIS-REx-მა ასტეროიდი ბენუ რამდენიმე დღის წინ დატოვა.

NASA-ს განცხადებით, ზონდმა 60 გრამამდე ნახშირბადით მდიდარი კოსმოსური მტვერი შეაგროვა.

აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ყველაზე დიდი ოდენობით ნიმუში, რომელიც კოსმოსიდან დედამიწაზე პილოტირებული აპოლოს მისიების შემდეგ ჩამოვა.

NASA-ს ვიდეოში კოსმოსური ხომალდის შემდეგ ნაბიჯებს ხედავთ:

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ხომალდი მზეს ორჯერ შემოუვლის გარშემო, შემდეგ კი დედამიწას მოუახლოვდება.

მას შემდეგ, რაც ჩვენს პლანეტასთან 10 000 კმ მანძილზე მოვა, ზონდი გამოუშვებს კაფსულას, რომელშიც ასტეროიდის ნიმუშებია მოთავსებული.

გეგმის მიხედვით, კაფსულა 2023 წლის 24 სექტემბერს, იუტის უდაბნოში უნდა დაეშვას.

OSIRIS-REx-ი თითქმის ხუთი წლის წინ გაუშვეს. ის NASA-ს პირველი მისიაა, რომელიც ასტეროიდის ნიმუშების შესაგროვებლად გაუშვეს.

მისი მთავარი მიზანი იმის დადასტურებაა, არის თუ არა დედამიწიდან ჩატარებული კვლევები ზუსტი.

ასეთი ინფორმაცია კი უმნიშვნელოვანესია მომავალში ღრმა კოსმოსური მისიების გასაშვებად.

OSIRIS-REx-ი ასტეროიდ ბენუს პირველად 2018 წელს მიუახლოვდა. ნიმუშების აღებამდე, ის ასტეროიდის გარშემო მოძრაობდა და დაჯდომის ადგილს არჩევდა.

6 მეტრი სიგრძისა და 2,5 მეტრი სიგანის ზონდი აღჭურვილია ხელსაწყოებით, მათ შორის სპექტრომეტრითა და კამერით, რომლებმაც ასტეროიდის ზედაპირზე დაკვირვებები ჩაატარეს.

ამ დაკვირვებებმა უკვე დაადასტურა NASA-ს პროგნოზები იმის შესახებ, რომ ასტეროიდის ნახშირბადით მდიდარი ქანი ასევე შეიცავს ჟანგბადისა და წყალბადის მოლეკულებს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ პერიოდში ბენუს შეიძლება კონტაქტი ჰქონდა წყალთან.

როდესაც ხომალდი ასტეროიდს მიუახლოვდა, მეცნიერები გაოცდნენ, რომ მისი ზედაპირი არც ისეთი გლუვი იყო, როგორც პროგნოზირებდნენ და დაფარული იყო ლოდებით.

ამ ფაქტმა ასტეროიდზე ხომალდის დაჯდომა გაართულა.

თუმცა, ზონდი ასტეროიდზე 2020 წლის 20 ოქტომბერს მაინც დაჯდა და რობოტული მკლავით ნიმუშები შეაგროვა და სპეციალურ კონტეინერში შეინახა.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი