ნასას ხომალდი შორეულ ასტეროიდს 75 მეტრზე მიუახლოვდა და ფოტოები გადაუღო
ნასას ხომალდი შორეულ ასტეროიდს 75 მეტრზე მიუახლოვდა და ფოტოები გადაუღო

ნასას ხომალდი OSIRIS-REx-ი უდიდესი მომენტისთვის ემზადება. ის ამჟამად ასტეროიდ ბენუსთან იმყოფება და თითქმის მზად არის მისი უძველესი ქანების ნიმუშის ასაღებად.

ბოლო კვირებში ხომალდმა მანევრების მთელი სერია შეასრულა. თითოეული ამ მანევრის შედეგად ის ბენუს ზედაპირს სულ უფრო უახლოვდებოდა, შემდეგ კი კვლავ უკან, ორბიტაზე დაბრუნდა. ამის შემდეგ, OSIRIS-REx-ი შეასრულებს საკმაოდ სარისკო მანევრს, როდესაც ის ასტეროიდის ზედაპირს შეეხება და ნიმუშებს აიღებს.

ყველაზე ბოლო მანევრი იყო ე. წ. საორიენტაციო მანევრი, რა დროსაც ხომალდი ბენუს ზედაპირს 75 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა. წინა მანევრების დროს ეს მანძილი 620 მეტრს შეადგენდა.

ასტეროიდი ბენუ მდებარეობს ჩვენგან 130 მილიონი კილომეტრის მანძილზე. სიგანეში ის სულ რაღაც 500 მეტრია.

ხომალდი ახლა დედამიწიდან ძალიან შორს იმყოფება და ასტეროიდის ნიმუშის აღების ოპერაციას ავტომატურ რეჟიმში შეასრულებს. მის ბოლო მანევრს საორიენტაციო ეწოდება იმიტომ, რომ ზედაპირიდან 75 მეტრის მანძილზე, მისი ავტომატური სისტემა შეამოწმებს ხომალდის პოზიციას და სიჩქარეს, ამავე დროს დააზუსტებს ზედაპირზე დაშვების ტრაექტორიას.

ამ მიახლოების დროს, OSIRIS-REx-მა მრავალი ფოტო გადაუღო ასტეროიდის ზედაპირის იმ ნაწილს, საიდანაც მალე ნიმუშები უნდა აიღოს. როდესაც ეს დრო დადგება, ხომალდი რეალური დროის ფოტოებს შეადარებს მანამდე გადაღებულ და შენახულ სურათებს და ამ შედარებას ბენუს ქვაღორღიან ზედაპირზე დაშვებისთვის გამოიყენებს.

საორიენტაციო მანევრის შესრულების დროს, ხომალდმა გაშალა ნიმუშების ასაღები მექანიზმი, 3-მეტრიან მექანიკურ მკლავი, რომელსაც TAGSAM ეწოდება.

ეს მექანიზმი მანამდე ხომალდში იყო ჩაკეცილი და საბედნიეროდ, მისი გაშლის ტესტმა წარმატებით ჩაიარა. მიახლოებისას მონაცემები შეაგროვა OSIRIS-REx-ის სხვა მრავალმა მექანიზმმაც.

როდესაც ნიმუშების აღების დრო დადგება, OSIRIS-REx-ი ზედაპირისკენ დაეშვება, თუმცა, თავად ხომალდი არ დაჯდება. ამას TAGSAM მექანიზმი გააკეთებს, რომელიც ზედაპირს აზოტის ჭავლს შეუბერავს, რათა მოხდეს ზედაპირიდან მტვრის აშლა და შემდეგ მისი შეგროვება.

ამ დროს, ასტეროიდის რეგოლითის პატარა ნაწილაკები TAGSAM-ის შემგროვებელ ნაწილში მოხვდება. მისიის მიზანია ორ სანტიმეტრზე პატარა ნაწილაკების 60 გრამამდე ნიმუშების შეგროვება.

ნასას განცხადებით, ყველა ინსტრუმენტის ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა. ნიმუშების აღების ოპერაცია 2020 წლის 25 აგვისტოს არის დაგეგმილი. თუ პროცესმა წარმატებით ჩაიარა, ხომალდი ამ ნიმუშებს დედამიწაზე 2023 წლის 24 სექტემბერს ჩამოიტანს.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ, კიდევ ერთ ასტეროიდთან, რიუგუსთან მივიდა იაპონური ხომალდი. რიუგუ ბენუზე ორჯერ დიდია. მის ნიმუშებს ხომალდი დედამიწაზე 2020 წლის დეკემბერში ჩამოიტანს.

ბენუს ქანების კვლევა უმნიშვნელოვანესია. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ნახშირბადით მდიდარი მისი მატერია ბევრ ინფორმაციას ფლობს მზის სისტემის დაბადების შესახებ.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.