ვარსკვლავთშორის სივრცეში ახალი ორგანული მოლეკულა აღმოაჩინეს
ვარსკვლავთშორის სივრცეში ახალი ორგანული მოლეკულა აღმოაჩინეს

ირმის ნახტომის ცენტრის სიახლოვეს, ვარსკვლავებს შორის არსებულ სივრცეში გადაჭიმულ ვრცელ ღრუბელში, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ორგანული მოლეკულა, რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში აქამდე არასოდეს დაუფიქსირებიათ. მას პროპარგილიმინს უწოდებენ და შესაძლოა, გადამწყვეტ როლს თამაშობდეს სიცოცხლის აღმოცენებისთვის აუცილებელ ამინომჟავათა წარმოქმნაში.

„ამ ქიმიური სახეობის განსაკუთრებულმა მდგომარეობს ნახშირბად-აზოტის ორმაგ ბმაში, რაც მას მაღალ რეაქციულობას ანიჭებს“, — განმარტავს გერმანიის მაქს პლანკის არამიწიერი ფიზიკის ინსტიტუტის ასტროქიმიკოსი ლუკა ბიძოკი.

მისი განცხადებით, ამ ორმაგი ბმით, ის ფუნდამენტური შემადგენელია იმ ქიმიური ჯაჭვებისა, რომლებიც ნახშირბადისა და აზოტის შემცველი ყველაზე მარტივი და უხვი კოსმოსური მოლეკულებისგან, მაგალითად ფორმალდეჰიდიდან (H2CO) და ამიაკიდან (NH3) მივყავართ უფრო კომპლექსურ ამინომჟავებამდე, რომლებიც დედამიწისეული ბიოლოგიის ფუნდამენტური სამშენებლო ბლოკებია.

რეგიონი, რომელშიც მოლეკულა იპოვეს, წარმოადგენს მოლეკულური გაზით მდიდარ ღრუბლების სისტემას. მას ცენტრალურ მოლეკულურ ზონას უწოდებენ და ასტროქიმიკოსების განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ის ასტროფიზიკური კომპლექსური ორგანული მოლეკულების დიდი საცავია, რომელთა შორისაც არის ეთილფორმიარტი, იზოპროპილის ციანიდი და პროპილენის ოქსიდი.

მათ პრებიოტურ მოლეკულებს უწოდებენ, რადგან დიდ როლს თამაშობენ იმ პრებიოტურ პროცესებში, რომლებიც სიცოცხლის სამშენებლო ბლოკებს წარმოქმნის, მაგალითად, ამინომჟავებს, რნმ-სა და დნმ-ს.

როგორც ბიძოკი აღნიშნავს, ამ პროცესებში პროპარგილიმინიც შეიძლება იყოს საკმაოდ მნიშვნელოვანი — ნახშირბადი-აზოტის ორმაგი ბმის მქონე მოლეკულები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქიმიურ პროცესში, სახელად შტრეკერის სინთეზი, რომელსაც ლაბორატორიაში ამინომჟავების წარმოსაქმნელად იყენებენ.

გარდა ამისა, პროპარგილიმინი სტრუქტურულად ჰგავს კოსმოსში უკვე დაფიქსირებულ რამდენიმე სხვა ორგანულ მოლეკულას. შესაბამისად, ბიძოკიმ და მისმა ჯგუფმა მისი დეტალურად შესწავლა გადაწყვიტა. პირველ რიგში, საჭირო იყო იმის ცოდნა, რა უნდა მოეძებნათ, ამისათვის კი ლაბორატორიაში უნდა შეესწავლათ პროპარგილიმინის სპექტრი.

როდესაც მოლეკულურ ღრუბელში სინათლე გადის, ამ ღრუბელში არსებული მოლეკულები შთაინთქმება და ხელახლა გამოიყოფა ელექტრომაგნიტური რადიაციით კონკრეტულ ტალღის სიგრძეში, რასაც ელექტრომაგნიტური სპექტრის შთანთქმისა და გამოყოფის ხაზებს უწოდებენ.

ამ ხაზებში თითოეულ მოლეკულას საკუთარი კონფიგურაცია აქვს, ქიმიური თითის ანაბეჭდის მსგავსად, მაგრამ მისი იდენტიფიცირებისთვის საჭიროა იცოდე, როგორია ეს ანაბეჭდი.

„ვარსკვლავთშორის სივრცეში ბრუნვისას, მოლეკულა ფოტონებს ძალიან ზუსტ სიხშირეებში გამოყოფს. როდესაც ამ ინფორმაციას რადიოტელესკოპების მონაცემებს შეურწყავ, ვიგებთ, არის თუ არა ეს მოლეკულა წარმოდგენილი მოლეკულურ ღურბლებში — ვარსკვლავებისა და პლანეტების ინკუბატორში“, — ამბობს ბიძოკი.

გამომდინარე აქედან, ჯგუფმა ლაბორატორიაში ჩაიწერა პროპარგილიმინის ორი იზომერის, ანუ ატომური კონფიგურაციის ბრუნვითი სპექტრი, დაახლოებით 1000 ბრუნვითი გადასვლა. შედეგად, ჯგუფმა პროპარგილიმინის ძლიერ ზუსტი სპექტრული პროფილი მიიღეს.

შემდეგი ნაბიჯი იყო მიღებული შედეგების შედარება სპექტრულ დაკვირვებებთან, რაც ცენტრალურ მოლეკულურ ზონაზე (G+0.693-0.027) ესპანეთში მდებარე 30-მეტრიანი ტელესკოპით ჩაატარეს.

აღმოჩნდა, რომ ტყუილად არ უწვალიათ…

„ჩვენი მოლეკულა იქ დაგვხვდა. მას ცენტრალური მოკელულური ზონის მონაცემებში მივაგენით, მაგრამ მის იდენტიფიცირებას ვერ შევძლებდით მისი ზუსტი სპექტროსკოპიის, ანუ მისი გამოსხივების სიხშირის მახასიათებელთა სრული აღწერის გარეშე. როგორც კი ლაბორატორიაში ჩატარებული გაზომვებით ის მივიღეთ, გავაანალიზეთ, რომ პროპარგილიმინი იქ ნამდვილად იყო და აღმოჩენას ელოდებოდა“, — ამბობს იტალიის ასტროფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი ვიქტორ რივილია.

ვინ იცის, კიდევ რამდენი რამე ელოდება იქ ჩვენგან აღმოჩენას?

კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.