სხვა გალაქტიკაში მოლეკულური ჟანგბადი აღმოაჩინეს — პირველად ისტორიაში
სხვა გალაქტიკაში მოლეკულური ჟანგბადი აღმოაჩინეს — პირველად ისტორიაში

ჩვენგან ნახევარი მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკაში, ასტრონომებმა მოლეკულური ჟანგბადი დააფიქსირეს. ეს გახლავთ მხოლოდ მესამე ასეთი შემთხვევა მზის სისტემის მიღმა და პირველი ირმის ნახტომის გარეთ.

ჟანგბადი სამყაროში მესამე ყველაზე გავრცელებული ელემენტია წყალბადისა და ჰელიუმის შემდეგ. შესაბამისად, მისი ქიმია და სიუხვე ვარსკვლავთშორის ღრუბლებში, უმნიშვნელოვანესია გალაქტიკებში მოლეკულური აირის როლის დასადგენად.

ასტრონომები ჟანგბადს გამუდმებით ეძებდნენ, იყენებდნენ მილიმეტრულ ასტრონომიას, რომელიც აფიქსირებს მოლეკულების მიერ გამოყოფილ რადიო ტალღის სიგრძეებს. ასევე იყენებენ სპექტროსკოპიას, რომელიც სპეციფიკური მოლეკულების მიერ შთანთქმული ან გამოყოფილი ტალღის სიგრძეების საპოვნელად სპექტრის ანალიზს ახდენს.

თუმცა, ამ მეთოდებით ძებნა უშედეგო აღმოჩნდა ჟანგბადის მოლეკულებისთვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „განსხვავებულ ვარსკვლავთშორის გარემოში ჟანგბადის ქიმიის სრულყოფილი სურათი ჩვენთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია“, — წერს ასტრონომთა ჯგუფი კვლევაში, რომელსაც ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომი ჯუნჟი ვანგი ხელმძღვანელობდა.

ერთი ადგილი, სადაც მოლეკულური ჟანგბადი უკვე დააფიქსირეს, ორიონის ნისლეულია; მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ღრმა კოსმოსში, ჟანგბადი ბმებით იყო დაკავშირებული წყალბადთან, წყლის ყინულის ფორმაში, რომელიც მტვრის მარცვლებზე უნდა ყოფილიყო მიკრული.

თუმცა, ორიონის ნისლეული ვარსკვლავური ინკუბატორია და შესაძლებელია, რომ ძალიან ცხელი ახალგაზრდა ვარსკვლავების ძლიერი რადიაცია შოკური დარტყმით ახდენს წყლის ყინულის სუბლიმაციას და მოლეკულებად ხლეჩს, რის შედეგადაც გამოთავისუფლდება ჟანგბადი.

სწორედ ასე მივედით გალაქტიკასთან, რომელსაც მარკარიან 231-თან.

ეს გალაქტიკა განსაკუთრებულია. მდებარეობს ჩვენგან 561 მილიონი სინათლის წლის მანძილზე და აქვს კვაზარი. კვაზარი უკიდურესად კაშკაშა გალაქტიკური ბირთვია, რომლის ცენტრშიც მოთავსებულია აქტიური სუპერმასიური შავი ხვრელი. ისინი სამყაროში ყველაზე კაშკაშა ობიექტებია; მარკარიან 231-ის კვაზარი სხვა კვაზარებს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლომდებარეა.

ასტრონომთა აზრით, მარკარიან 231-ს ცენტრში შეიძლება ორი აქტიური სუპერმასიური შავი ხვრელი აქვს, რომლებიც გაშმაგებულნი, წარმოუდგენელი სიჩქარით მოძრაობენ ერთმანეთის გარშემო.

აქტიური ბირთვი განაპირობებს მოლეკულების გარე მიმართულებით გავრცელებას, რაც წარმოქმნის შეუჩერებელ შოკურ ტალღებს, რომელსაც შეუძლია მოლეკულურ ღრუბლებში არსებული წყლიდან ჟანგბადი გამოათავისუფლოს. Მარკარიან 231-დან მოლეკულური გადინება განსაკუთრებით მაღალი სიჩქარით ხასიათდება და ამიტომ, ვანგმა და მისმა კოლეგებმა ჟანგბადის ძებნა სწორედ იქ გადაწყვიტეს.

ესპანეთში მდებარე 30-მეტრიანი რადიოტელესკოპის, IRAM-ის გამოყენებით, ისინი ამ გალაქტიკას ოთხი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ სხვადასხვა ტალღის სიგრძეში. Შეგროვებულ მონაცემებში მათ ჟანგბადის სპექტრული ხელწერა იპოვეს, შოკური ტალღების ჰიპოთეზის შესაბამისად.

„ IRAM-ის 30-მეტრიანი ტელესკოპით გალაქტიკა მარკარიან 231-ზე ჩატარებული ღრმა დაკვირვებებით, პირველად ისტორიაში, გარე გალაქტიკაში დავაფიქსირეთ მოლეკულური ჟანგბადის გამოყოფა“, — წერენ მკვლევრები.

მათი განცხადებით, დაფიქსირებული O2-ის ემისია მდებარეობს მარკარიან 231-ის ცენტრიდან 32 615 სინათლის წლის მანძილზე არსებულ რეგიონში; მათი აზრით, გამოყოფის მიზეზი შეიძლება იყოს ურთიერთქმედება აქტიური გალაქტიკური ბირთვის მიერ მართულ მოლეკულურ გადინებასა და მოლეკულური ღრუბლების გარე დისკოს შორის.

ჯგუფის მიერ ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენა, რომ ჟანგბადის ოდენობა წყალბადთან შედარებით 100-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ორიონის ნისლეულში; შესაბამისად, ეს გალაქტიკა შესაძლოა, იგივე მოლკულური დახლეჩვის უფრო ინტენსიურ პროცესში იყოს.

მარკარიან 231-ში ახალი ვარსკვლავების წარმოქმნა წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებლით მიმდინარეობს და შესაბამისად, ეს სრულიად შესაძლებელია. ამ გალაქტიკაში მხოლოდ ერთი რეგიონი წარმოქმნის ახალ ვარსკვლავებს წელიწადში 100 მზის მასის მაჩვენებლით. შედარებისათვის, ირმის ნახტომი საოცრად წყნარია და ახალ ვარსკვლავთა წარმოქმნის მაჩვენებელი წელიწადში დაახლოებით 1-2 მზის მასაა.

მეორე მხრივ, ეს აღმოჩენა შესაძლოა, ასევე ნიშნავდეს იმას, რომ საჭიროა უფრო მეტი დაკვირვებები, რათა დადასტურდეს, რომ ასტრონომებმა იქ მართლაც ჟანგბადი იპოვეს.

თუ ეს დადასტურდა, ამ ფენომენის საშუალებით უფრო მეტს გავიგებთ გალაქტიკებში მოლეკულური ჟანგბადის შესახებ; ასევე უკეთ შევისწავლით აქტიური გალაქტიკური ბირთვიდან მოლეკულურ გადინებას.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.