აღმოჩენილია ადრეული სამყაროს გიგანტური გალაქტიკა, რომელიც მოულოდნელად მოკვდა
აღმოჩენილია ადრეული სამყაროს გიგანტური გალაქტიკა, რომელიც მოულოდნელად მოკვდა

ასტრონომებმა აღმოაჩინეს უძველესი, მონსტრი გალაქტიკა, რომელსაც პრობლემები ადრეულ სამყაროშივე შეექმნა.

როდესაც სამყარო ჯერ მხოლოდ 1,8 მილიარდი წლის იყო, გალაქტიკა სახელად XMM-2599 უკვე საკმაოდ იყო „გასუქებული“, მაგრამ ამავე დროს მკვდარიც.

დიდი აფეთქებიდან შემდეგ რაღაც მონაკვეთში, მასში ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესი ჩქეფდა, რომელიც სამყაროს გაჩენიდან 1,8 მილიარდი წლისთავზე მოულოდნელად შეჩერდა.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკოსისა და ასტრონომის, ბენიამინ ფორესტის განცხადებით, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სამყარო ჯერ 2 მილიარდი წლისაც არ იყო, XMM-2599-ს უკვე 300 მილიარდი მზის მასა ჰქონდა და წარმოადგენდა ულტრამასიურ გალაქტიკას.

მისივე თქმით, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ როგორც მათ გაარკვიეს, XMM-2599-მა თავის ვარსკვლავთა უმეტესობა გაშმაგებით წარმოქმნა მაშინ, როცა სამყაროს ასაკი ჯერ მილიარდი წელიც არ იყო. მაგრამ როდესაც სამყარო 1,8 მილიარდი წლის გახდა, ეს გალაქტიკა უკვე არააქტიური იყო.

ასტრონომებს დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ადრეულ სამყაროში გიგანტურ გალაქტიკათა წარმოქმნა შეუძლებელი იყო. თუმცა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, უკეთესად ვხედავთ სივრცე-დროის ასეთ შორეულ მისადგომებს და შესაბამისად, ასეთი ვარაუდებიც ეჭვქვეშ დგება.

როგორც ჩანს, ადრეულ სამყაროში იმდენად მასიური ობიექტები დაცურავდნენ, რომ ამჟამინდელი კოსმოლოგიური მოდელების მიხედვით, არ უნდა ჰქონოდათ ასეთ ზომებამდე გაზრდისათვის საკმარისი დრო. ციფრულ მოდელებს ახლა უკვე მოუწევთ გალაქტიკა XMM-2599-ის მხედველობაში მიღებაც.

თუმცა, იდუმალებითაა მოცული, როგორ გაიზარდა ეს გალაქტიკა უცბად ამხელა და შემდეგ რა მოხდა ისეთი, რომ მოულოდნელად ზრდა შეწყვიტა.

XMM-2599 პირველი არ არის. რამდენიმე წლის წინ, ასტრონომებმა აღმოაჩინეს გალაქტიკა სახელად ZF-COSMOS-20115, რომელშიც ადრეულ წლებში აქტიური პროცესები ჩქეფდა, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი შეწყდა, როცა სამყარო 1,7 მილიარდი წლის გახდა. თუმცა, ZF-COSMOS-20115-ს მხოლოდ 17 მილიარდი მზის მასა ჰქონდა, XMM-2599-ის მასის მხოლოდ ნახევარი.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკოსისა და ასტრონომის, ჯილიან უილსონის განცხადებით, იმ ეპოქაში, ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესი ძალიან ცოტა გალაქტიკაში შეწყდა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იყო ისე მასიური, როგორც XMM-2599.

მისივე თქმით, XMM-2599-ის მსგავსი ულტრამასიური გალაქტიკების არსებობა ფრიად გამომწვევია ციფრულ მოდელთათვის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მასიური გალაქტიკები იმ ეპოქისთვის საკმაოდ იშვიათია, მოდელები მათ არსებობას მაინც პროგნოზირებს. თუმცა, ამ პროგნოზების მიხედვით, ასეთ გალაქტიკებში აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესი.

როგორც უილსონი აღნიშნავს, XMM-2599 ასე საინტერესო, უჩვეულო და საოცარი იმით არის, რომ ის ახალ ვარსკვლავებს ვეღარ წარმოქმნის, სავარაუდოდ იმიტომ, რომ საწვავს ვეღარ იღებს, ანდაც მისი შავი ხვრელი გააქტიურდა.

სპექტროსკოპიულ დაკვირვებებზე დაყრდნობით, მკვლევართა ჯგუფმა გალაქტიკა XMM-2599-ის ვარსკვლავთწარმოქმნის ისტორია შეაგროვა. იმისათვის, რათა ამხელა გაზრდილიყო, საჭირო იყო, რომ ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესის პიკში, დაახლოებით 500 მილიონი წლის განმავლობაში მასში წლიურად ჯამში 1000 მზის მასის ვარსკვლავები წარმოქმნილიყო.

შედარებისათვის გეტყვით, რომ ირმის ნახტომის ვარსკვლავთწარმოქმნის მაჩვენებელი ამჟამად არის დაახლოებით სამი-ოთხი მზის მასა წელიწადში.

მიუხედავად იმისა, რომ ასე მაღალი იყო, XMM-2599-ის ვარსკვლავთწარმოქმნის პიკის მაჩვენებელი სულაც არ არის უჩვეულო იმ ეპოქისათვის. 2008 წელს აღმოაჩინეს გალაქტიკა EQ J100054+023435, რომელიც 12,2 მილიარდი წლის წინ წელიწადში ჯამში 1000 მზის მასის ვარსკვლავებს წარმოქმნიდა. თუმცა, ZF-COSMOS-20115-ის მსგავსად, ისიც გაცილებით ნაკლებად მასიური იყო, ვიდრე ახლად აღმოჩენილი XMM-2599. მისი მასა მხოლოდ 10 მილიარდ მზის მასას შეადგენდა და ამავე დროს, არც მომკვდარა.

სიმულაციების პროგრამული უზრუნველყოფა გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ახლა უკვე შეუძლია მხედველობაში მიიღოს ადრეული სამყაროს ექსტრემალური ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესი. თუმცა, ჯერ კიდევ არ შეუძლია შექმნას ის გარემო პირობები, რომლებიც მასიურ გალაქტიკებს კლავს, როგორც ეს ZF-COSMOS-20115-ისა და XMM-2599-ის შემთხვევაში მოხდა.

შესაბამისად, XMM-2599-ის გარშემო უამრავი კითხვა გაჩნდა. წარმოიქმნა თუ არა რამდენიმე გალაქტიკის შერწყმის შედეგად? რამ მოკლა?

ასევე საინტერესოა, როგორ განვითარდა მოვლენები იმ 12 მილიარდი წლის განმავლობაში, რაც მისგან წამოსულ სინათლეს ჩვენთან მოსაღწევად დასჭირდა? მკვდარი დარჩა, ისევ გაცოცხლდა თუ რაღაც სხვა მოხდა?

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.ucr.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.