ექვსი წყნარი გალაქტიკა რამდენიმე თვეში კვაზარად აკაშკაშდა, ასტრონომები ვერ ხსნიან, როგორ
ექვსი წყნარი გალაქტიკა რამდენიმე თვეში კვაზარად აკაშკაშდა, ასტრონომები ვერ ხსნიან, როგორ

ადამიანის სიცოცხლე საკმაოდ ხანმოკლეა და გალაქტიკური მასშტაბის მოვლენებზე ფიქრისას, როგორც წესი, მივიჩნევთ, რომ ისინი ძალიან ნელა ხდება. თუმცა, ყოველთვის ასე როდია.

საქმე ის არის, რომ სულ რამდენიმე თვეში, ექვსმა გალაქტიკამ საკმაოდ სანახაობრივი სახით გარდაქმნა დაიწყო. ეს შედარებით მშვიდი გალაქტიკები უცბად აქტიურ კვაზარებად იქცნენ — ყველაზე კაშკაშა გალაქტიკებად, რომლებიც კოსმოსში უზრმაზარი ოდენობის რადიაციას ტყორცნიან.

ეს მოვლენა არა მხოლოდ საოცრად სანახაობრივია, არამედ შეიძლება საბოლოოდ გადაჭრას მეცნიერთა შორის დიდი ხნის საკამათო თემაც — რა წარმოქმნის სინათლეს ამ განსაკუთრებული ტიპის გალაქტიკებში. სინამდვილეში, ისინი შეიძლება მიუთითებდნენ გალაქტიკის ბირთვის აქამდე უცნობ აქტივობაზე.

სიკაშკაშის თვალსაზრისით ეს ექვსი გალაქტიკა დაბალი იონიზაციის ბირთვული გამოყოფის ხაზის (LINER) რეგიონს მიეკუთვნებოდა, რაც საშუალო ასაკის გალაქტიკებისთვის არის დამახასიათებელი.

ჩვენთვის ცნობილი ყველა გალაქტიკის მესამედი ამ ტიპისაა, ისინი უფრო კაშკაშაა, ვიდრე მიძინებული სუპერმასიური შავი ხვრელის მქონე გალაქტიკები, მაგრამ არც ისე კაშკაშა, როგორც აქტიური გალაქტიკები (სეიფერტის გალაქტიკები), რომელთა ცენტრალური შავი ხვრელები გააფთრებული ჭამენ მატერიას.

ასეთ აქტიურ გალაქტიკებს შორის ყველაზე კაშკაშაა კვაზარი გალაქტიკები; უფრო მეტიც, ისინი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტებია. მათი სინათლე და რადიოგამოსხივება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, წარმოქმნილია შავი ხვრელის გარშემო არსებული მატერიით, იგივე აკრეციის დისკოთი.

ეს დისკო მოიცავს წარმოუდგენელი სიჩქარით მბრუნავ გაზსა და მტვერს, დაახლოებით ისე, როგორც წყალი ჩადის დრენაჟში. შავი ხვრელის მასიური გრავიტაცია იწვევს ამ მატერიის კოლოსალურ ხახუნს, რაც ძლიერ სიცხესა და სინათლეს წარმოქმნის. შავი ხვრელის პოლარული რეგიონებიდან წამოსული ჭავლები გამოყოფს რადიოტალღებს.

თუმცა, ასტრონომებს შორის დიდი ხნის კამათის საგანია, ზუსტად რა წარმოქმნის სინათლეს LINER გალაქტიკებში. ზოგ ასტრონომს სჯერა, რომ მას შავი ხვრელი წარმოქმნის, სხვები ფიქრობენ, რომ ის უხვი ვარსკვლავური აქტივობის, ანუ ბევრი ახალი ვარსკვლავის დაბადების შედეგია.

მას შემდეგ, ასტრონომთა ჯგუფმა მერილენდის უნივერსიტეტის ასტრონომ სარა ფრედერიკის ხელმძღვანელობით, შეისწავლა ტელესკოპ Zwicky Transient Facility-ს მიერ ცხრა თვის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები, აღმოაჩინა, რომ LINER გალაქტიკები რაღაც უცნაურს სჩადიოდნენ.

სომბრეროს გალაქტიკა LINER გალაქტიკის ყველაზე თვალნათელი მაგალითია

ფრედერიკის განცხადებით, ექვსი ობიექტის შემთხვევაში, მათ იფიქრეს, რომ ადგილი ჰქონდა გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენას, რაც მაშინ ხდება, როცა ვარსკვლავი შავ ხვრელს ძალიან ახლოს ჩაუვლის მისი მსხვერპლი ხდება.

თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო მანამდე მიძინებული შავი ხვრელი, რომელიც უცბად კაშკაშა კვაზარად აენთო. ასეთი მოვლენა მათ ექვს შედარებით მშვიდ LINER გალაქტიკაში შენიშნეს, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ საქმე ჰქონდათ აქტიური გალაქტიკური ბირთვის სრულიად ახალ კლასთან.

ასეთი მოვლენები იშვიათი არ არის, მაგრამ როგორც წესი, არც ერთი მათგანი არაა ასე დრამატული. მას ცვალებადი სახის კვაზარს უწოდებენ და პირველად 2015 წელს შენიშნეს, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით — კვაზარი ჩაბნელდა და სეიფერტის გალაქტიკად გადაიქცა.

გარდა ამისა, ასეთი ცვალებადი სახის გადასვლები ძირითადად შეიმჩნევა განსხვავებული ტიპის სეიფერტის გალაქტიკებში, რომლებიც სხვადასხვა ტიპის სინათლეს წარმოქმნიან. როგორც წესი, ეს სინათლე დამოკიდებულია გალაქტიკის განლაგებაზე — ჩვენკენ კუთხით არის მოქცეული თუ სახით.

ასტრონომთა ჯგუფი სწორედ სეიფერტის გადასვლების შესწავლას გეგმავდა.

სანაცვლოდ, მათ იპოვეს აქტიური გალაქტიკური ბირთვის სრულიად ახალი კლასი, რომელიც წყნარი გალაქტიკიდან კაშკაშა კვაზარად გადაიქცა.

თეორიების მიხედვით, კვაზარად გადაქცევისთვის გალაქტიკას ათასობით წელი სჭირდება, მაგრამ ეს აღმოჩენა მიუთითებს, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფადაც შეიძლება მოხდეს, ანუ შესაბამისი თეორია სრულიად მცდარია. ასტრონომები ფიქრობდნენ, რომ მთავარი თავსატეხი სეიფერტის ტრანსფორმაცია იყო, მაგრამ თვალსა და ხელს შუა, მათ წინაშე უფრო დიდი თავსატეხი გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ექვსიდან არც ერთი გალაქტიკა არ გამოირჩევა ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესებით. მათ შორის ყველაზე აქტიური წელიწადში 1.27 მზის ექვივალენტ ახალ ვარსკვლავს წარმოშობს. სხვა კვლევებიც ადასტურებს, რომ ვარსკვლავთწარმოქმნის მაღალი მაჩვენებლით არც სხვა LINER გალაქტიკები გამოირჩევიან.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ექვსი გალაქტიკა ამტკიცებს ყველა LINER გალაქტიკის ვარსკვლავთწარმოქმნის დაბალ მაჩვენებელს. საქმე უფრო იმაშია, რომ ისინი უფრო სხვა კლასის გალაქტიკები არიან.

გარდა ამისა, ეს აღმოჩენა ასევე ნიშნავს იმას, რომ ბევრი რამ, რაც კვაზართა შესახებ ვიცით, მცდარია. ის ფაქტი, რომ ეს გალაქტიკები ასე დრამატულად ასე სწრაფად შეიცვალა, სრულიად შეუსაბამოა კვაზარების შესახებ ამჟამად არსებულ თეორიასთან. ფაქტია, რომ რაც არ უნდა განაპირობებდეს ასეთ ექსტრემალურ ცვლილებას, ის საკმაოდ ძლიერი და განსხვავებული უნდა იყოს.

მკვლევართა განცხადებით, ამჯერად მათ სურთ გაარკვიონ, როგორ დაიწყო ასე უცბად ამხელა მოცულობის გაზმა და მტვერმა შავ ხვრელში ჩადინება. შეიძლება ითქვას, რომ მათ ნამდვილად გაუმართლათ, რადგან ამ მოვლენის მომსწრე უშუალოდ პროცესში გახდნენ, რაც კვლევის დიდ შესაძლებლობას იძლევა.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია umd.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.