სამყაროს ყველაზე კაშკაშა გალაქტიკა დიდ საიდუმლოს მალავს - ახალი კვლევა
სამყაროს ყველაზე კაშკაშა გალაქტიკა დიდ საიდუმლოს მალავს - ახალი კვლევა

შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა შეუძლებელია, მაგრამ სამყაროს შორეულ მისადგომებში არსებობს ერთი უცნაური გალაქტიკა, რომელიც წარმოუდგენელი ოდენობის რადიაციას აფრქვევს. მისი სახელია W2246-0526 და გამოყოფს იმდენ ინფრაწითელ რადიაციას, რამდენის გამომუშავებასაც 350 ტრილიონი მზე დასჭირდებოდა. შედეგად, იგი წარმოადგენს ყველაზე კაშკაშა გალაქტიკას ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.

რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო? მეცნიერები ბოლომდე დარწმუნებული არ არიან, მაგრამ ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა, მას გარკვეულწილად ნათელი მოჰფინოს.

ჩილეში, ატაკამის უდაბნოში განთავსებულ ტელესკოპ ALMA-თი ჩატარებული დაკვირვებების შედეგად გაირკვა, რომ W2246-0526 ხარბად წოვს მატერიას ახლომდებარე სულ მცირე სამ სხვა გალაქტიკას, რათა თავის გაუმაძღარი სუპერმასიური შავი ხვრელი გამოკვებოს.

ასტრონომები W2246-0526-ის მიერ მეზობელი გალაქტიკებიდან მოპარულ მატერიას დააკვირდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს სპირალური მორევები იმდენივე მატერიას შეიცავდნენ, რამდენსაც თავად გალაქტიკები.

ასტრონომ ტანიო დიას-სანტოსის განცხადებით, წინა მონაცემებიდან მათთვის ცნობილი იყო იქ არსებული სამი კომპანიონი გალაქტიკის შესახებ, მაგრამ არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც ამ მეზობლებსა და ცენტრალურ გალაქტიკას შორის გაბმულ ურთიერთკავშირზე მიუთითებდა.

მისი თქმით, ისინი სულაც არ ეძებდნენ კანიბალისტურ ქცევას და არც მის პოვნას ელოდნენ, თუმცა ALMA-ს ღრმა დაკვირვებებმა ეს ყველაფერი გამოააშკარავა.

W2246-0526 მდებარეობს ჩვენგან 12,4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე და არის გალაქტიკა, რომლის ცენტრშიც მოთავსებულია კვაზარი — უჩვეულოდ კაშკაშა აქტიური გალაქტიკური ბირთვი, ანუ მატერიის ჭამის პროცესში მყოფი სუპერმასიური შავი ხვრელი.

კვაზარები სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ობიექტთა რიცხვს მიეკუთვნება, გამოაფრქვევენ სინათლესა და რადიაციას. ამ გამონაფრქვევ მატერიას შავი ხვრელის გარშემო, აკრეციის დისკო ეწოდება.

ეს დისკო შეიცავს მტვერსა და გაზს, რომელიც შავ ხვრელში წარმოუდგენელი სიჩქარით ჩაედინება, ზუსტად ისე, როგორც წყალი დრენაჟში. ცენტრში მოქცეული შავი ხვრელის მასიური გრავიტაციული ძალის გამო წარმოიქმნება უზარმაზარი ხახუნი, რასაც წარმოუდგენელი ოდენობის რადიაციის გამოყოფა მოსდევს,

რაც შეეხება გალაქტიკა W2246-0526-ს, იგი ისრუტავს გარშემო არსებულ მტვერს და ხელახლა გამოყოფილ ინფრაწითელ რადიაციას. შედეგად, ეს გალაქტიკა უიშვიათესია და მისი კვაზარი მიეკუთვნება იშვიათ ტიპს, რომელსაც Hot DOG-ს უწოდებენ (Hot, Dust-Obscured Galaxy). ყოველი 3000 გალაქტიკიდან მხოლოდ ერთია Hot DOG-ის ტიპის.

ამ გალაქტიკაში შემავალი მატერია მთლიანად შავი ხვრელის ულუფა როდი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი შავი ხვრელი იმდენად გიგანტურია, რომ 4 მილიარდი მზის მასა აქვს, მაინც არსებობს ლიმიტი, თუ რამდენი მატერიის მოხმარება შეუძლია მას.

მატერიის გარკვეული ნაწილი გალაქტიკას ერწყმის და სავარაუდოდ, წარმოქმნის ახალ ვარსკვლავებს.

მკვლევართა თქმით, ამ შავი ხვრელის აქტივობა იმდენად ძლიერია, რომ გაზს მთელ გალაქტიკაში აღვივებს, დაახლოებით ისე, როგორც წყლის რეზერვუარს აადუღებდა მის ცენტრში მოთავსებული ბირთვული რეაქტორი. ფოტონების იმპულსი და ენერგია იმდენად ძლიერია, რომ ის გაზს გარე მიმართულებით ფანტავს, რაც საბოლოოდ, გალაქტიკა W2246-0526-ს დაანაწევრებს.

W2246-0526 ფრიად გასაოცარია. გაირკვა, რომ ის მართლაც ძალიან კაშკაშა და მშფოთვარეა. ახალი დაკვირვებების შედეგად ასევე ცხადი გახდა, რომ ის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე შორეული გალაქტიკაა, რომელიც სხვა გალაქტიკებს ჭამს.

ამოუხსნელი რჩება კიდევ ერთი დიდი საიდუმლო. მიუხედავად იმისა, რომ მისი შავი ხვრელი უზარმაზარია, ის კიდევ უფრო დიდი უნდა იყოს. W2246-0526-ის სიკაშკაშე დაახლოებით სამჯერ აღემატება იმ მაჩვენებელს, რაც მისი შავი ხვრელის მასიდან გამომდინარე უნდა იყოს.

მკვლევრებმა ჯერჯერობით არ იციან, რა ხდება იქ სინამდვილეში, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ყველაფერს მალე ამოხსნიან.

ასტრონომთა განცხადებით, სავარაუდოა, რომ ეს შავი ხვრელი უკვე დიდი ხანია რაც ასე აქტიურად იკვებება და ეს პროცესი კიდევ რამდენიმე ასეულ მილიონ წელიწადს გაგრძელდება.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.