რა ხდება, როცა შავი ხვრელი ვარსკვლავს ჭამს
რა ხდება, როცა შავი ხვრელი ვარსკვლავს ჭამს

ჩვენი გალაქტიკის ცენტრში გაწოლილია უზარმაზარი, სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელსაც მშვილდოსანი A*-ს უწოდებენ.

ამჟამად მიმდინარე დაკვირვებათა საფუძველზე, ასტრონომებმა განსაზღვრეს, რომ მისი დიამეტრი 44 მილიონი კილომეტრია, მასა კი 4,31 მილიონ მზის მასას უდრის.


ხანდახან ვარსკვლავები მშვილდოსანი A*-სთან იმდენად ახლოს მიდიან, რომ გარდაუვალია მათი განადგურება. ამ პროცესს გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენას უწოდებენ (TDE).

ამ მოვლენის დროს გამოიყოფა რადიაციის კაშკაშა ანთებები, რის საფუძველზეც ასტრონომები იგებენ, რომ მიმდინარეობს ვარსკვლავის შეჭმა. სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში, ასტრონომები ამ მოვლენას სხვა გალაქტიკური ფენომენებისგან ვერ ანსხვავებდნენ.

თუმცა, ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფის ახალი კვლევის წყალობით, ასტრონომებს უკვე აქვთ ერთიანი მოდელი, რომელიც კარგად ხსნის ამ ექსტრემალურ მოვლენებზე ჩატარებულ ბოლოდროინდელ დაკვირვებებს.


„მხოლოდ რამდენიმე წლის წინ შევძელით გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენის განსხვავება სხვა გალაქტიკურ ფენომენთაგან. ახალი მოდელი საბაზისო ინფორმაციას მოგვაწვდის ამ უიშვიათეს მოვლენათა არსში გასარკვევად“, — აღნიშნულია მკვლევართა ჯგუფის პრესრელიზში.

უმეტეს გალაქტიკაში, სუპერმასიური შავი ხვრელები არ მოიხმარენ არანაირ მატერიას და შესაბამისად, არ გამოიყოფა არანაირი სინათლეც. ეს კი მათ განასხვავებს იმ გალაქტიკებისგან, რომლებსაც აქტიური გალაქტიკური ბირთვი (AGN) აქვთ.


შესაბამისად, გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენები უიშვიათესია და ტიპურ გალაქტიკაში დაახლოებით 10 000 წელიწადში ერთხელ ხდება, მაგრამ როდესაც შავი ხვრელის გრავიტაცია ვარსკვლავს ფლეთს, გამოიყოფა რადიაციის საკმაოდ დიდი ოდენობა.

„საინტერესოა იმის ხილვა, როგორ ჩაედინება ასეთ ექსტრემალურ პირობებში მატერია შავ ხვრელში. როცა შავი ხვრელი ვარსკვლავის გაზს ჭამს, გამოიყოფა დიდი ოდენობით რადიაცია.

ჩვენ სწორედ ამ რადიაციაზე დაკვირვება შეგვიძლია. მისი საშუალებით ვიგებთ შავ ხვრელთა ფიზიკურ თვისებებს და ვანგარიშობთ მის მახასიათებლებს. შესაბამისად, გრავიტაციულ დაფლეთვის მოვლენებზე ნადირობა მეტად საინტერესო საქმეა“, — ნათქვამია პრესრელიზში.


გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, ასტრონომებმა გრავიტაციული დაფლეთვის რამდენიმე კანდიდატი დააფიქსირეს სხვადასხვა ტელესკოპთა საშუალებით.

მართალია, მიჩნეულია, რომ ამ მოვლენათა ფიზიკური მახასიათებლები ერთნაირი უნდა იყოს, მაგრამ ასტრონომებმა შენიშნეს, რომ არსებობს გრავიტაციული დაფლეთვის რამდენიმე განსხვავებული კლასი. მაშინ, როცა ზოგიერთი მათგანი მხოლოდ რენტგენულ გამოსხივებას გამოყოფს, სხვები ძირითადად ხილულ და ულტრაიისფერ სინათლეს გამოასხივებენ.

შედეგად, თეორეტიკოსებს უჭირთ მათ მიერ დაკვირვებულ მახასიათებელთა გარჩევა და ისეთი კოჰერენტული (შეთანხმებული) მოდელის შექმნა, რომელიც ყველა მათგანს ახსნიდა.

ამ მოდელის ძებნაში, ნილს ბორის ინსტიტუტის ბნელი კოსმოლოგიის ცენტრის ფიზიკოსმა ლიშინ დაიმ და მისმა კოლეგებმა ერთმანეთს შეაჯერეს ზოგადი ფარდობითობის, მაგნიტური ველების, რადიაციისა და გაზების ჰიდროდინამიკის ელემენტები.

ჯგუფმა ასევე გამოიყენა აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და NASA-ს მოწინავე კომპიუტერული ხელსაწყოები.

მიღებული მოდელის შედეგად, ჯგუფმა დაასკვნა, რომ დაკვირვებებში შემჩნეული განსხვავებების მიზეზია დამკვირვებლის ხედვის კუთხე.


არსებითად, სხვადასხვა გალაქტიკები დედამიწასთან და დამკვირვებელთან მიმართებაში შემთხვევითი პოზიციითაა განლაგებული. შედეგად, ჩვენ მიერ დანახული გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენების სხვადასვანაირი თვისებები დამოკიდებულია მათ განლაგებაზე.

„ზოგიერთი კუთხიდან ჩვენ ვხედავთ გააფთრებულ შავ ხვრელს,ზოგიერთიდან კი შედარებით მოკრძალებულს. სინამდვილეში, ეს „მხეცი“ ერთი და იგივეა, მაგრამ განსხვავებულია ჩვენეული აღქმები“, — განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ენრიკო რამიერს-რუისი.

უახლოეს წლებში, ფუნქციონირებას დაიწყებს არაერთი ახალი ხელსაწყო, რომლებიც გაცილებით მეტ მონაცემს მოგვაწვდის გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენების შესახებ.

იმის გარკვევა, როგორ ჭამენ შავი ხვრელები ვარსკვლავებს, დამატებით შემოწმებას ჩაუტარებს ზოგად ფარდობითობას, დიდად წაადგება გრავიტაციულ ტალღათა კვლევას. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად დაეხმარება ასტრონომებს გალაქტიკათა ევოლუციის უკეთ შესწავლაში.

კვლევა Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით

დატოვე კომენტარი