ჯეიმს ვებმა კალმარის გალაქტიკის ცენტრში არსებული სტრუქტურები დეტალურად გადაიღო — #1tvმეცნიერება
კაშკაშა, მოელვარე გალაქტიკა, რომელიც მტვრის შთამბეჭდავი ზოლებითა და ვარსკვლავთწარმოქმნის მოციმციმე რეგიონებითაა მოფენილი, უბრალოდ ლამაზ სანახაობაზე მეტი აღმოჩნდა.
კალმარის გალაქტიკა, ოფიციალური სახელით M77 ან NGC 1068 — ამ სახის გალაქტიკათა პროტოტიპი გალაქტიკაა, რომლის ცენტრშიც სუპერმასიური შავი ხვრელი ბრდღვიალებს.
ვინაიდან ეს გალაქტიკა ირმის ნახტომთან ახლოსაა (ასტრონომიული თვალსაზრისით), დაახლოებით 35 მილიონი სინათლის წლის მანძილზე და რადგან ის ასე კაშკაშაა და ჩვენკენ პირდაპირ გვერდულადაა მომართული, წარმოადგენს ბრწყინვალე „ლაბორატორიას“ აქტიურ გალაქტიკურ ბირთვში მიმდინარე სასტიკი დინამიკის შესასწავლად.
თუმცა, არის ერთი პრობლემა. კალმარის გალაქტიკა მტვრიანია და მისი ცენტრი კიდევ უფრო მეტად. შედეგად, მის შუაგულში შეხედვა ასტრონომებისთვის უკიდურესად რთულია.
საბედნიეროდ, სწორედ ამისთვის შეიქმნა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი.

ინფრაწითელ სინათლეს მტვერი ისე ვერ ბლოკავს ან ფანტავს, როგორც უფრო მოკლე ტალღის სიგრძეებს. ამიტომ, ახლო ინფრაწითელი (NIRCam) და შუა ინფრაწითელი (MIRI) ინსტრუმენტებით დაკვირვებისას, ჯეიმს ვებმა კალმარის გალაქტიკაში დააფიქსირა მახასიათებლები, რომლებიც არ ჩანს არც ოპტიკურ და არც ულტრაიისფერ ან რადიო ტალღის სიგრძეებში.
ახალ ფოტოებზე, სპირალური გალაქტიკის ცენტრის გარშემო ჩანს ვარსკვლავების, გაზისა და მტვრის ზოლები, რასაც ფირფიტის სტრუქტურას უწოდებენ; ისინი ოპტიკურ ტალღის სიგრძეებში უხილავია.
ვებმა გალაქტიკის ცენტრში არსებული მტვრის მასიური მოცულობების მიღმაც შეიხედა და გვიჩვენა მისი ბირთვის გარშემო არსებული დეტალები.
იქ არსებული მასა დაახლოებით 13 მილიონი მზის მასას უდრის, მაგრამ უცნობია, რა წარმოქმნის ამ მასას. უახლესი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კალმარის გალაქტიკის ცენტრში შეიძლება არა ერთი, არამედ ორი სუპერმასიური შავი ხვრელი იმალებოდეს, ერთმანეთის გარშემო მჭიდრო ორბიტაზე.

ჯეიმს ვები ამ საკითხს სავარაუდოდ ვერ გასცემს პასუხს, რადგან ვერ შეძლებს ამ ორი შავი ხვრელის პირდაპირ გადაღებას — მათ შორის მანძილი სულ რაღაც 0,1 პარსეკი უნდა იყოს, ანუ ერთმანეთთან ზედმეტად ახლოს, რათა ათეულობით მილიონი სინათლის წლის მანძილიდან მოხერხდეს მათი ინდივიდუალურად გამორჩევა თუნდაც ჯეიმს ვების მსგავსი მძლავრი ინსტრუმენტისთვის.
თუმცა, ტელესკოპმა შეიძლება გამოავლინოს გაზისა და მტვრის მოძრაობა გალაქტიკის ცენტრის გარშემო, რაც უფრო მეტს გვეტყვის იქ არსებული შავი ხვრელის (ან შავი ხვრელების) ბუნების შესახებ.
ჯეიმს ვების ფოტოებზე ასევე ჩანს წითლად შეფერილი კაშკაშა რეგიონები. ეს გახლავთ ვარსკვლავთწარმომქმნელი ჯიბეები, რომლებიც გაზსა და მტვერში წარმოიქმნება გალაქტიკის სპირალური მკლავების გარშემო.
.jpg)
ვარსკვლავის დაბადება მაშინ იწყება, როცა გაზის ჯიბე იმდენად მკვრივდება, რომ საკუთარი გრავიტაციის ქვეშ კოლაფსირდება და ვარსკვლავის „ჩანასახად“ გარდაიქმნება.
ფოტოზე შეგიძლიათ დაინახოთ ვარსკვლავთა წარმოქმნის კაშკაშა რგოლი გალაქტიკის ცენტრის გარშემო, რომლის დიამეტრიც რამდენიმე ათასი სინათლის წელია.
მას ვარსკვლავთწარმოქმნის რგოლს უწოდებენ და კალმარის გალაქტიკაში ის კარგად იყო შესწავლილი. ასტრონომთა აზრით, ეს რგოლი გალაქტიკის არქიტექტურის ბუნებრივი შედეგის სახით წარმოიქმნა და გრავიტაციულად აკონცენტრირებს გაზს ამ რეგიონში.
გალაქტიკის სპირალური მკლავების გასწვრივ სხვა ვარსკვლავთწარმოქმნის რეგიონებიცაა, რაც ძლიერ დინამიკურ გალაქტიკურ გარემოზე მიუთითებს.
.jpg)
ფაქტია, იქ უკვე ძალიან ბევრი რამ ხდება, მაგრამ ირკვევა კიდევ უფრო მეტი რამ. 2022 წელს, მეცნიერებმა დააფიქსირეს პირდაპირ კალმარის გალაქტიკის შუაგულიდან წამოსული მაღალენერგიული ნეიტრინო.
მეცნიერთა შეფასებით, გალაქტიკის ბირთვი წელიწადში დაახლოები 0,23 მზის მასის მატერიას შთანთქავს. საკმაოდ სტაბილური მაჩვენებელია და უკიდურესი გრავიტაციისა და ხახუნის სტრესის ქვეშ მოძრავი მთელი ეს მატერია საკმაოდ დიდ ენერგიას წარმოქმნის.
მაღალენერგიული ნეიტრინოები უკიდურესად ენერგიულ სიტუაციებში წარმოიქმნება, მაგრამ მათი დაფიქსირება საკმაოდ რთულია. 2022 წლის კვლევა მიუთითებს, რომ კალმარის გალაქტიკა შეიძლება ატომურ ნაწილაკთა გიგანტური ამაჩქარებელი იყოს.
ასეთ ობიექტებზე დაკვირვებით ისეთ სინათლეში, რომელსაც ჩვენი თვალი ვერ აღიქვამს, მაგრამ უამრავი საიდუმლო იმალება, ჯეიმს ვები შეიძლება დაგვეხმაროს სამყაროს ზოგიერთ ყველაზე საინტერესო კითხვაზე პასუხის გაცემაში.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.