ჰაბლმა კიდევ ერთი შორეული სპირალური გალაქტიკა გადაიღო — #1tvმეცნიერება
ჰაბლმა კიდევ ერთი შორეული სპირალური გალაქტიკა გადაიღო — #1tvმეცნიერება

სპირალური გალაქტიკა M91 ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ობიექტივში მოექცა. მდებარეობს ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედის მიმართულებით და ჩვენგან დაახლოებით 55 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. როგორც ფოტოზე ჩანს, ის ე. წ. ბარიანი სპირალური გალაქტიკაა, ანუ გალაქტიკა, რომლის ბირთვი გადასერილია ვარსკვლავთა და ვარსკვლავთშორისო ნივთიერების ზოლით.

მიუხედავად იმისა, რომ M91-ს ცენტრალური, გამოკვეთილი ნაწილი საკმაოდ შთამბეჭდავია, იქაც იმალება ასტრონომიული მონსტრი. ჩვენი გალაქტიკის მსგავსად, M91-ის შუაგულშიც მოთავსებულია სუპერმასიური შავი ხვრელი. 2009 წელს ჰაბლის საარქივო მონაცემებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, მის ცენტრალურ შავ ხვრელში თავს იყრის 9,6-დან 38 მილიონამდე მზის მასა.

ჰაბლის საარქივო მონაცემებით ასტრონომებმა მისი ცენტრალური შავი ხვრელის მასა განსაზღვრეს, ახალ დაკვირვებებს კი სხვა სამეცნიერო მიზანი ჰქონდა. დაკვირვებათა ამ პროგრამის მიზანია მონაცემთა შეგროვება, რომელთა საფუძველზეც უნდა დადგინდეს კავშირი ახალგაზრდა ვარსკვლავებსა და ცივი გაზის იმ ღრუბლებს შორის, რომლებშიც ისინი იბადებიან.

ამისათვის, ასტრონომებმა ჰაბლი გამოიყენეს, რათა ულტრაიისფერ და ხილულ დიაპაზონში დაკვირვებოდნენ იმ გალაქტიკებს, რომლებიც რადიოდიაპაზონში უკვე შესწავლილია ატაკამის ფართო მილიმეტრულ/სუბმილიმეტრული ტელესკოპით (ALMA).

ჰაბლი დაკვირვება ასტრონომთათვის ყველაზე საწადელი და ღირებული რესურსია. ტელესკოპიდან მონაცემთა მისაღებად, ასტრონომებმა პირველ რიგში შეთავაზება უნდა გააკეთონ, რომელშიც უნდა აღწერონ ამ დაკვირვებათა სამეცნიერო მნიშვნელობა.

ამის შემდეგ, შეთავაზება ანონიმური ხდება და მის სამეცნიერო ღირებულებას მრავალი სხვადასხვა ასტრონომიული ექსპერტი აფასებს. ეს პროცესი ძლიერ კონკურენტუნარიანია: ბოლო წლებში, ჰაბლით დაკვირვებების მოთხოვნათა მხოლოდ დაახლოებით 13 პროცენტს გამოეყო დაკვირვებისთვის დრო.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.