ევროპის ბნელი მატერიის ტელესკოპმა ახალი სურათები გადაიღო — #1tvმეცნიერება
ევროპის ბნელი მატერიის ტელესკოპმა ახალი სურათები გადაიღო — #1tvმეცნიერება

ევროპის კოსმოსური სააგენტო მისი ახალი კოსმოსური ტელესკოპის, „ევკლიდეს“ მიერ გადაღებულ პირველ ფოტოებს აქვეყნებს. სურათებს შორის არის კარგად ცნობილი ნისლეული და ჩვენგან 10 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ჯერ არნახული გალაქტიკები.

ტელესკოპის მეცნიერი, ჟან-ჩარლ კუილანდრი ხუთ ფოტოს გვთავაზობს თავისი აღწერით.

ცხენის თავის ნისლეული

ცხენის თავის ნისლეული

ცხენის გიგანტური წითელი თავი ვარსკვლავების ფონზე მოჩანს, რომელთაგან ზოგიერთი, ჯერ კიდევ ვარსკვლავურ ინკუბატორში იმყოფება.

ცხენის თავის ნისლეული, რომელსაც ბერნარდ 33-საც უწოდებენ, ჩვენგან 1375 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

სინამდვილეში წარმოადგენს ბნელ ღრუბლებს, რომლებსაც ორიონის თანავარსკვლავედის ერთ-ერთი ვარსკვლავის, ორიონის სიგმადან მომდინარე ულტრაიისფერი რადიაცია აკაშკაშებს.

ცხენის თავის ნისლეულზე დაკვირვებები წარსულშიც ჩატარებულა, მაგრამ ტელესკოპი „ევკლიდე“ პირველია, რომელმაც ფართო ლინზის წყალობით, ასეთი სრული სურათი სულ რაღაც ერთ საათში გადაიღო.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ „ევკლიდეს“ დაკვირვებებით, ამ ნისლეულში აღმოაჩენენ იუპიტერის ზომის პლანეტებს და ახალშობილ ვარსკვლავებს.

სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა NGC 6397

ეს გროვა ირმის ნახტომში, ჩვენგან 7800 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და წარმოადგენს გრავიტაციით ერთად თავმოყრილი ასობით ათასი ვარსკვლავის კრებულს.

„ამჟამადე, ევკლიდეს გარდა არცერთ სხვა ტელესკოპს არ შეუძლია მთლიან სფეროსებრ ვარსკვლავთგროვაზე დაკვირვება და ამავე დროს, გარე რეგიონებში არსებული მკრთალი ვარსკვლავების გამორჩევა სხვა წყაროებისგან“, — ამბობს ტელესკოპის მეცნიერი დევიდ მასარი.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ევკლიდეს დაკვირვებებით შენიშნავენ ვარსკვლავებს, რომლებიც სფეროსებრ გროვებს გალაქტიკაში მოძრაობისას უკან მიჰყვებიან.

„უცნაურია, რომ ამ უკან მიდევნებულ ვარსკვლავებს ვერ ვხედავთ. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, სფეროსებრი გროვების გარშემო შეიძლება ბნელი მატერია იყოს, რომელიც ამ გროვებს ერთიანობას უნარჩუნებს“, — ამბობს პროექტის მეცნიერი რენე ლორეისი.

ევროპის კოსმოსურ სააგენტოს იმედი აქვს, რომ „ევკლიდე“ მეტ სინათლეს მოჰფენს ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიას, რომლებიც სამყაროს 95 პროცენტს შეადგენენ, მაგრამ ისინი დღემდე საიდუმლოებით არიან მოცული.

არარეგულარული გალაქტიკა

ყველა გალაქტიკა ჩვენი გალაქტიკის მსგავსად სპირალური არ არის. ჩვენგან დაახლოებით 1,6 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე არარეგულარული ჯუჯა გალაქტიკა NGC 6822 აქამდეც არაერთხელ არის გადაღებული, მათ შორის, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ.

თუმცა, „ევკლიდე“ პირველია, რომელმაც მთლიანი გალაქტიკა სულ რაღაც ერთ საათში გადაიღო.

როგორც სამყაროს სხვა ადრეულ გალაქტიკათა შემთხვევაში, მისი ვარსკვლავებიც ნაკლებად შეიცავს ლითონებს; მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მათი ანალიზი ბევრ ცნობას მოგვცემს გალაქტიკათა ევოლუციის შესახებ.

„დამალული გალაქტიკა“

გალაქტიკა

სპირალურ გალაქტიკა IC 342-ს ზედმეტსახელად „დამალული გალაქტიკა“ იმიტომ შეარქვეს, რომ ირმის ნახტომის დისკოს უკან ძნელი შესამჩნევია.

გალაქტიკური თვალსაზრისით ჩვენთან საკმაოდ ახლოს არის, 11 მილიონი სინათლის წლის მანძილზე.

თუმცა, ევკლიდეს ინფრაწითელმა თვალმა მტვერშიც გააღწია და შენიშნა მისი ჯერ არნახული სფეროსებრი ვარსკვლავთგროვები.

პერსევსის გროვა

პერსევსის გროვა

ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ამ ფოტოს „ასტრონომიისთვის რევოლუციას“ უწოდებს.

ფოტო ასახავს პერსევსის გროვას, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 240 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ათასობით გალაქტიკას შეიცავს.

თუმცა, ფონზე კიდევ დაახლოებით 100 000 გალაქტიკა ჩანს, რომელთაგან ზოგიერთი ჩვენგან 10 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული. მრავალი მათგანი აქამდე ჯერ არასოდეს გვენახა.

ლორეისის განცხადებით, ზედმეტად ამაღელვებელი იყო, როდესაც მკვლევართა ჯგუფმა ეს ფოტო პირველად ნახა და შენიშნა დაბალი დონის შუქი, რომელიც არა გროვიდან, არამედ გალაქტიკების შეჯახების შედეგად დარჩენილი ვარსკვლავებისგან მოდიოდა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ეს ვარსკვლავები გალაქტიკებმა ისევ უკან არ მიიზიდეს, მიუთითებს ბნელი მატერიის არსებობაზე.

ლორეისი ხაზს უსვამს, რომ ეს „ირიბი მტკიცებულებაა“ და სამომავლო კვლევები გაცილებით მეტს გვეტყვის სამყაროში ბნელი მატერიის გადანაწილების შესახებ.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.