სამყაროს ექსტრემალურ რეგიონებში გალაქტიკებს რაღაც ხოცავს — ასტრონომები მიზეზს არკვევენ
სამყაროს ექსტრემალურ რეგიონებში გალაქტიკებს რაღაც ხოცავს — ასტრონომები მიზეზს არკვევენ

სამყაროს ყველაზე ექსტრემალურ რეგიონებში გალაქტიკები იხოცებიან — ჩერდება ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესი. ახლახან, ასტრონომებმა მიზეზების გარკვევა სცადეს.

მსოფლიოს უდიდესი ტელესკოპების გამოყენებით ჩატარებულმა კანადურმა პროექტმა როგორც ჩანს, ეს მოახერხა. ახალმა პროგრამამ, სახელად VERTICO, საოცარ დეტალებში შეისწავლა, როგორ კლავს გალაქტიკებს საკუთარი გარემო.

30 მეცნიერისგან შემდგარმა ჯგუფმა მაკ-მასტერის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, ტობი ბრაუნის ხელმძღვანელობით, გამოიყენა ატაკამის უდაბნოში განთავსებულ რადიოტელესკოპთა უმძლავრესი წყება — ALMA. ჩვენს უახლოეს მეზობელ გალაქტიკათგროვაში, რომელსაც ქალწულის გროვას უწოდებენ და 51 გალაქტიკისგან შედგება, ისინი მაღალი რეზოლუციით სწავლობდნენ მოლეკულურ წყალბადს — საწვავს, რომლისგანაც ვარსკვლავები იბადებიან.

1,4 მილიარდ აშშ დოლარად ღირებული ტელესკოპი ALMA 2013 წელს გაიხსნა და წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებულ რადიოთეფშების წყებას, რომლებიც განთავსებულია ჩრდილოეთ ჩილეში, ატაკამის უდაბნოში, ზღვის დონიდან 5000 მეტრზე. ეს გახლავთ საერთაშორისო პროექტი, რომელიც ევროპამ, აშშ-მა, კანადამ, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა და ჩილემ განახორციელეს.

ამ დროისათვის ALMA უდიდესი მიწისპირა ასტრონომიული პროექტია და წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძლავრ მილიმეტრული ტალღის სიგრძის ტელესკოპს. იდეალურია ხილული სინათლის ტალღის სიგრძეში უხილავი იმ მკვრივი, ცივი გაზის ღრუბლების შესასწავლად, რომლისგანაც ვარსკვლავები იბადებიან.

გალაქტიკათგროვები

ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესზე მთავარ გავლენას ახდენს გალაქტიკების ადგილმდებარეობა სამყაროში, მათი ურთიერთქმედება მიმდებარე გარემოსთან (გალაქტიკათშორისი სივრცე) და ერთმანეთთან. თუმცა, იდუმალებით რჩება მოცული, ზუსტად რა გავლენას ახდენს ეს გარემო გალაქტიკების სიცოცხლესა და სიკვდილზე.

გალაქტიკათგროვები სამყაროს ყველაზე მასიური და ექსტრემალური გარემოებია, რომლებშიც ასობით და ხშირად ათასობით გალაქტიკაა მოქცეული.

სადაც არის მასა, იქ აუცილებლად არის გრავიტაციაც; გალაქტიკათგროვების უზარმაზარი გრავიტაციული ძალები გალაქტიკებს უდიდეს სისწრაფეს ანიჭებს, ხშირად წამში რამდენიმე ათას კილომეტრს, იმდენად მაღალ ტემპერატურაზე აცხელებს გალაქტიკებს შორის არსებულ პლაზმას, რომ ის რენტგენულ გამოსხივებას იწყებს.

ამ გროვების მკვრივ, არასტუმართმოყვარე წიაღში გალაქტიკები ძლიერ ურთიერთქმედებენ მიმდებარე გარემოსთან და ერთმანეთთან. სწორედ ამ ურთიერთქმედებას შეუძლია შეაჩეროს ან სრულიად ჩაახშოს ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესი.

VERTICO-ს პროექტის მთავარი მიზანი სწორედ იმ მექანიზმების გარკვევა იყო, რომლებიც ვარსკვლავთწარმოქმნას ახშობს.

გალაქტიკების სიცოცხლის ციკლი

გროვაში მოხვედრისას, გალაქტიკათშორისი პლაზმა გალაქტიკას სწრაფად აცლის გაზს; ამ ალადობრივ პროცესს უხეში წნევის შემოცლას უწოდებენ. როცა გალაქტიკას ვარსკვლავებისათვის საჭირო საწვავს მოაცლი, ამით გალაქტიკას კლავ და გადააქცევ მკვდარ ობიექტად, რომელშიც ახალი ვარსკვლავები აღარ იბადება.

გარდა ამისა, გროვების მაღალ ტემპერატურას შეუძლია შეაჩეროს გალაქტიკებში ცხელი გაზის გაციება და კონდენსაცია. ამ შემთხვევაში, გალაქტიკას გაზს გარემო არ აცლის და მოიხმარება ახალ ვარსკვლავთა წარმოსაქმნელად.

ეს პროცესები განაპირობებს ვარსკვლავთწარმოქმნის ნელ, ულმობელ ჩახშობას.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესები მნიშვნელოვნად ცვალებადია, თითოეული მათგანი უნიკალურ, იდენტიფიცირებად ნაკვალევს ამჩნევს გალაქტიკის ვარსკვლავთწარმომქმნელ გაზს. VERTICO-ს პროექტის უმთავრესი მიზანი სწორედ ან ნაკვალევთა თავმოყრა იყო, რათა გაერკვიათ, როგორ წარმართავენ გროვები ცვლილებებს გალაქტიკებში.

ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევებისა და ახალი პროგრამის საფუძველზე, მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ ამ პროცესის გადამწყვეტი მექანიზმები გაარკვიეს.

იდეალური შემთხვევის შესწავლა

ქალწულის გროვას იდეალური მდებარეობა აქვს გარემოს ასე დეტალურად შესწავლისთვის. ის ჩვენი უახლოესი მეზობელი გალაქტიკათგროვაა და იმყოფება ფორმირების პროცესში, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია თვალი შევავლოთ სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე მყოფ გალაქტიკებს. ეს კი საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ, როგორ იხშობა ვარსკვლავთწარმოქმნა გალაქტიკათგროვებში.

ქალწულოს გროვის გალაქტიკები შესწავლილია ელექტრომაგნიტური სპექტრის თითქმის ყველა ტალღის სიგრძეში (მაგალითად, რადიო, ოპტიკური და ულტრაიისფერი). თუმცა, ამ დრომდე არ იყო ჩატარებული დაკვირვებები ვარსკვლავთწარმომქმნელ გაზზე (შედგება მილიმეტრული ტალღის სიგრძეებით), რაც წარმოუდგენლად მგრძნობიარე დე დეტალურ ინსტრუმენტებს მოითხოვს.

ALMA სწორედ ასეთი ხელსაწყოა; პროექტმა VERTICO-მ მისი საშუალებით შეადგინა ვარსკვლავთწარმოქმნის მთავარი საწვავის —მოლეკულური წყალბადის გაზის მაღალი რეზოლუციის რუკები 51 გალაქტიკისათვის.

ასტრონომები იმედოვნებენ, რომ ALMA-ს მიერ შეგროვებული მონაცემები საბოლოოდ გამოავლენს, ვარსკვლავთწარმოქმნის ჩახშობის ზუსტად რომელი მექანიზმები კლავს (როგორ) გალაქტიკებს.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი