აღმოჩენილია 14 გალაქტიკის გიგანტური გროვა, რომელიც სამყაროს ყველაზე მასიური სტრუქტურა გახდება
აღმოჩენილია 14 გალაქტიკის გიგანტური გროვა, რომელიც სამყაროს ყველაზე მასიური სტრუქტურა გახდება

ჩვენგან მილიარდობით სინათლის წლის მოშორებით, ანუ შორეულ წარსულში, იმ დროს, როცა სამყარო ჯერ სულ ახალი დაბადებული იყო — ასტრონომებმა კოლოსალური, ქაოსური „ავარია“ შენიშნეს. 14 ახალგაზრდა, ვარსკვლავთწარმომქმნელი გალაქტიკა ერთმანეთს ერწყმის და წარმოქმნის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მასიურ სტრუქტურას.

დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული ზოგიერთი ყველაზე მძლავრი ტელესკოპების გამოყენებით, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა ცხელ გალაქტიკათა უკიდურესად მკვრივი კონცენტრაცია. ჯგუფის თითოეული გალაქტიკა ერთმანეთისკენ მიჰქრის.

თანდათანობით, ამ გიგანტური შერწყმის შედეგად წარმოიქმნება გალაქტიკათგროვა, რომელსაც გრავიტაციულად გარს შემოერტყმება ბნელი მატერია და საბოლოოდ, უნდა წარმოიქმნას ერთი წარმოუდგენლად დიდი გალაქტიკა.

შერწყმის ამ ეტაპს პროტოგროვას უწოდებენ და მისი პოვნა განსაკუთრებით რთულია.


„ფორმირების პროცესში მყოფი ასე მასიური გალაქტიკათგროვა უბრალოდ თვალწარმტაცია. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ეს პროცესი სამყაროს ისტორიის ასე ადრეულ ეტაპზე ხდება, წარმოშობს საკმაოდ რთულ გამოწვევას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს ამჟამინდელ ხედვას სამყაროში ასეთი სტრუქტურების წარმოშობის შესახებ“, — ამბობს კანადის დელჰაუსის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი და ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის ერთ-ერთი ავტორი სკოტ ჩაპმენი.


პროტოგროვა სახელად SPT2349-56 მდებარეობს ჩვენგან 12,4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე და შედგება მტვრიანი გალაქტიკებისგან, რომლებშიც წარმოუდგენლად მაღალი სიჩქარით, ირმის ნახტომზე 100-ჯერ სწრაფად იბადებიან ვარსკვლავები. კოსმოსში განფენილი არიან ჩვენს გალაქტიკაზე სამჯერ დიდ სივრცეში.

პროტოგროვის აღმოჩენა უიშვიათესი ფაქტია, მაგრამ ამბავი აქ როდი სრულდება. ბოლო დროს კიდევ ერთი მსგავსი სტრუქტურა აღმოაჩინეს.

გასული წლის სექტემბერში სერვერ arXiv-ზე ატვირთულ კვლევაში კიდევ ერთი ჯგუფი ასევე იუწყებოდა პროტოგროვის აღმოჩენას, რომელიც ადრეული სამყაროს 10 მტვრიან გალაქტიკას შეიცავდა. ობიექტს მათ წითელი მტვრიანი ბირთვი უწოდეს.

ადრეულ სამყაროში სულაც არაა გასაკვირი ვარსკვლავების, გალაქტიკების, გალაქტიკათგროვების აღმოჩენა, მაგრამ თავსატეხს წარმოადგენს ამ პროტოგროვათა ზომა და შემადგენლობა.

„მიჩნეულია, რომ სწრაფი ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონების სიცოცხლის ხანგრძლივობა შედარებით ხანმოკლეა, რადგან საკუთარ გაზს ისინი წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებლით მოიხმარენ“, — განმარტავს კვლევის ავტორი, ედინბურგის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ივან ოტეო.


მისი თქმით, ნებისმიერ დროს, სამყაროს ნებისმიერ კუთხეში ასეთი გალაქტიკები უმცირესობაშია. შესაბამისად, ასეთი სწრაფი ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონების ერთდროულად არსებობა ძალზედ შემაცბუნებელია, რასაც მკვლევრები ჯერჯერობით ვერ ხსნიან.


სამყაროს ამჟამინდელი მოდელების მიხედვით, დიდი აფეთქების შემდეგ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ყველაფერი კვლავ ბნელი იყო. აფეთქებიდან მილიარდი წლის შემდეგ, სამყარო სრულად იონიზებული და გამჭვირვალე გახდა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გამოჩენა პირველმა გალაქტიკებმა.

ასეთი გროვები დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 1,4 მილიარდი წლის შემდეგ გამოჩნდა. როგორც სამყაროს ევოლუციის მოდელები პროგნოზირებს, ამ გროვებს არსებობა შეუძლია, მაგრამ ასე განვითარებისთვის ესაჭიროებათ გაცილებით მეტი დრო.

„როგორ გაიზარდა ამ ზომამდე ასე სწრაფად გალაქტიკათა ეს წყება — იდუმალებით რჩება მოცული“, — ამბობს იელის უნივერსიტეტის მკვლევარი ტიმ მილერი.

საინტერესოა, რომ ამ პროტოგროვის წარმოქმნას მილიარდობით წელი არ დასჭირვებია, როგორც ასტრონომებს მიაჩნდათ. ეს აღმოჩენა მკვლევრებს დიდ შესაძლებლობას სთავაზობს, რათა შეისწავლონ თუ როგორ იყრიან დიდი გალაქტიკები ერთად თავს და წარმოქმნიან უზარმაზარ გალაქტიკათგროვებს.


SPT2349-56 პირველად 2010 წელს, მკრთალი ლაქის სახით შენიშნეს სამხრეთ პოლუსის ტელესკოპით. თუმცა, იგი იმდენად უჩვეულოდ გამოიყურებოდა, რომ ასტრონომებმა უფრო დეტალური შესწავლა გადაწყვიტეს.

უფრო მაღალი რეზოლუციისა და გარჩევადობის ფოტოს გადასაღებად, მეცნიერებმა ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ტელესკოპ ALMA-ს და APEX-ს მიმართეს.

ადრეული სამყაროს ობიექტები როგორც წესი, ძალიან მკრთალია და ჩვენს ტელესკოპებს მათი დაფიქსირება უჭირთ. შესაბამისად, მკვლევართა აზრით, შესაძლოა, კიდევ ძალიან ბევრი ასეთი სტრუქტურა არსებობს.

ESO-ს ასტრონომის, კარლოს დე ბრეკის განცხადებით, ALMA-ს ეს აღმოჩენა მხოლოდ აისბერგის წვერია და უფრო დეტალურ მონაცემებს ტელესკოპი APEX-ი მოგვაწვდის.

მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი