ჰაბლმა ერთმანეთთან დაკავშირებული ორი გალაქტიკის საუცხოო კადრი გადაიღო — #1tvმეცნიერება
ჰაბლმა ერთმანეთთან დაკავშირებული ორი გალაქტიკის საუცხოო კადრი გადაიღო — #1tvმეცნიერება

ზოგჯერ მაცდურია იმის წარმოდგენა, რომ ციურ სხეულთა განლაგების უკან ზებუნებრივი ხელი დგას.

თუმცა, სამყარო უზარმაზარია და ბუნება მრავალ საოცრებას გვთავაზობს.

ამის ერთ-ერთი მაგალითია გალაქტიკური სამეული, სახელად Arp 248 — ერთმანეთთან ურთიერთქმედი სამი გალაქტიკა, რომელიც ნამდვილად მომაჯადოებელია როგორც ვიზუალურად, ისე სამეცნიერო თვალსაზრისით.

Arp 248 წარმოადგენს პატარა, ურთიერთქმედ გალაქტიკათა ტრიოს, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 200 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს.

სურათზე ასახულია Arp 248-ის ორი გალაქტიკა, ფონზე კი მოჩანს ერთი სხვა გალაქტიკა, რომელსაც მათთან კავშირი არ აქვს.

ორი გალაქტიკა ერთმანეთთან დაკავშირებულია ვარსკვლავების, გაზისა და მტვრის ნაკადით, რომელიც გალაქტიკების ერთმანეთთან გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნა.

ასეთ ნაკადებს ასტრონომები „მოქცევით კუდებს“ უწოდებენ. როდესაც Arp 248-ში შემავალის მსგავსი მტვრიანი, გაზით მდიდარი გალაქტიკები ერთმანეთს ერწყმის, ხშირად წარმოიქმნება ასეთი კუდები.

ეს კუდები შედგება ერთმანეთთან შერწყმის პროცესში მყოფ გალაქტიკათა გარე სპირალური დისკოების მასალისგან და მათში აქტიურად მიმდინარეობს ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესი, რაც ფოტოზე ცისფრად მოჩანს.

ზედა სურათი გადაღებულია პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც ჰელტონ არპის მიერ შეთავაზებულ უჩვეულო გალაქტიკათა კვლევა იყო. ჰელტონ არპი ამერიკელი ასტრონომი გახლდათ, რომელმაც 1966 წელს შექმნა „უჩვეულო გალაქტიკათა ატლასი“.

ატლასში უჩვეულო ფორმის 338 გალაქტიკა შედის. არპის მიზანი იყო იმ საოცარი სტრუქტურების მრავალფეროვნების წარმოჩენა, რომლებსაც გალაქტიკები იღებენ.

ახლა უკვე ვიცით, რომ ასეთ უცნაურ ფორმებს გალაქტიკები იღებენ ერთმანეთთან ურთიერთქმედებისა და პოტენციური შერწყმის გამო. არპი ასეთ ინტერპრეტაციას არ ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ ასეთ უჩვეულო ფორმათა მიზეზი ამოფრქვევები იყო.

გალაქტიკა კენტავრის A. მოჩანს მისი ცენტრალური შავი ხვრელიდან წამოსული ჭავლები

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, არპმა გააცნობიერა, რომ ასტრონომებმა ბევრი არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, თუ როგორ იცვლებიან გალაქტიკები დროთა განმავლობაში; ამიტომაც განიზრახა, რომ მისი ატლასის საფუძველზე, ასტრონომებს გალაქტიკათა ევოლუციის შესწავლა შეეძლებოდათ.

დაკვირვების პროექტში უჩვეულო გალაქტიკათა მეორე კოლექციას „სამხრეთის უჩვეულო გალაქტიკათა და ასოციაციათა კატალოგს“ უწოდებენ. ის 1987 წელს არპმა და მისმა კოლეგა ბერი მადორემ გამოაქვეყნეს. კატალოგი შეიცავს 25 სხვადასხვა ობიექტს, მათ შორის გალაქტიკებს კუდებით.

ატლასისა და კატალოგის გამოქვეყნების შემდეგ, ასტრონომებმა ურთიერთქმედ გალაქტიკათა და გალაქტიკათა შერწყმების შესახებ ცოდნა გაიღრმავეს. ახლა უკვე ვიცით, რომ შერწყმები მნიშვნელოვან როლს ასრულებს გალაქტიკათა ევოლუციაში.

სტეფანის კვინტეტი — ხუთი გალაქტიკა, რომელთაგან ოთხი ერთმანეთთან ურთიერთქმედებს

ურთიერთქმედ გალაქტიკათა უფრო დეტალურად შესწავლისას, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ობიექტთა ახალი კლასი, რომელსაც „გალაქტიკათშორისი ვარსკვლავთწარმომქმნელი ობიექტები“ (ISFO) უწოდეს. ეს გახლავთ ობიექტთა ფართო კლასი, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა ტიპის იყოს და ჩნდება გალაქტიკების ერთმანეთთან ურთიერთქმედებისას.

გალაქტიკათშორისი ვარსკვლავთწარმომქმნელი ობიექტები შეიძლება წარმოიქმნას ურთიერთქმედ გალაქტიკათა მატერიის მოქცევითი ურთიერთქმედებისა და მიტაცების შედეგად. ასევე შეიძლება გაჩნდეს კუდებში გაზისა და მტვრის შედინებით და ყველა ამ პროცესის კომბინაციით.

გალაქტიკათშორისი ვარსკვლავთწარმომქმნელი ობიექტების მასა შეიძლება მერყეობდეს სუპერვარსკვლავთგროვებიდან „მოქცევით ჯუჯა გალაქტიკებამდე“ (TDG). 2012 წელს, სლოუნის ცის კატალოგიზაციის პროგრამაზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჯუჯა გალაქტიკების დაახლოებით 6 პროცენტი შეიძლება მოქცევითი წარმოშობის იყოს.

გალაქტიკათშორისი ვარსკვლავთწარმომქმნელი ობიექტები ხშირად გრავიტაციულად არის მიბმული გალაქტიკებთან, მაგრამ უცნობია, რამდენი მათგანი რჩება ასე მიბმული და რამდენ ხანს.

მოქცევითი ნაკადებიდან მატერია ზოგჯერ კვლავ უკან, გალაქტიკებში ჩაედინება და კიდევ უფრო მეტი ვარსკვლავის დაბადებას იწვევს. ყველა ამ ურთიერთქმედების შედეგად დარჩენილი მატერია ვარსკვლავთშორის სივრცეს მტვრითა და ლითონებით ამდიდრებს.

ასტრონომთა აზრით, სამყაროში გალაქტიკათა დაახლოებით 25 პროცენტი ამჟამად სხვა გალაქტიკებთან შერწყმის პროცესშია. კიდევ უფრო მეტი მათგანი, თუ არ ერწყმის, ერთმანეთთან გრავიტაციულად მაინც ურთიერთქმედებს.

ამის მაგალითია ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომიც, რომელიც გაზსა და ვარსკვლავებს ჰპარავს მის თანამგზავრ პატარა გალაქტიკებს — მაგელანის ღრუბლებს და მშვილდოსნის ჯუჯა გალაქტიკას. გარდა ამისა, რამდენიმე მილიარდ წელიწადში ერთმანეთს შეერწყმება ირმის ნახტომი და ანდრომედას გალაქტიკა. შედეგად კი გაჩნდება ერთი წარმოუდგენლად დიდი გალაქტიკა.

ანდრომედასა და ირმის ნახტომის შეჯახების ეტაპების ილუსტრაცია

ასევე ბოლომდე უცნობია, როგორ გაიზარდნენ წარმოუდგენლად დიდ ზომებამდე სუპერმასიური შავი ხვრელები. ასტროფიზიკოსებმა იციან, რომ ამაში ნაწილობრივ წვლილი მიუძღვის გალაქტიკათა შერწყმებს, მაგრამ ბევრი რამ მათთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

დეტალური კვლევების მიზნით, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის კამერა ACS აქტიურად აკვირდება ურთიერთქმედ გალაქტიკებს.

ასეთ სამიზნეებს ჰაბლი თავის სხვა ინსტრუმენტებითაც დააკვირდება; ასე მოიქცევა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი და ALMA-ც.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.