ანდრომედას გალაქტიკა ირმის ნახტომს მოსალოდნელზე უფრო გვიან შეეჯახება
ანდრომედას გალაქტიკა ირმის ნახტომს მოსალოდნელზე უფრო გვიან შეეჯახება

ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი თავის ამჟამინდელ ფორმას იმაზე დიდხანს შეინარჩუნებს, ვიდრე ზოგიერთ ასტრონომს ეგონა. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

კვლევის მიხედვით, კატასტროფული შეჯახება ირმის ნახტომსა და მის მეზობელ ანდრომედას სპირალურ გალაქტიკას შორის, 4,5 მილიარდი წლის შემდეგ მოხდება. კვლევა ეფუძნება ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) კოსმოსურ ხომალდ „გაიას“ მიერ შეგროვებულ მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ წინა პროგნოზების მიხედვით, ეს შეჯახება გაცილებით ადრე, 3,9 მილიარდი წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო.

„გაიას“ პროექტის მეცნიერის, ტიმო პრუსტის განცხადებით, ეს აღმოჩენა გადამწყვეტია გალაქტიკათა განვითარებისა და ურთიერთქმედების უკეთ შესასწავლად.

„გაია“ 2012 წლის დეკემბერში, ირმის ნახტომის 3D რუკის შესაქმნელად გაუშვეს. მას შემდეგ, ხომალდი გულმოდგინედ აკვირდება ვარსკვლავებისა და სხვა უზარმაზარი კოსმოსური ობიექტების პოზიციებსა და მოძრაობას. მისიის განცხადებით, მას შემდეგ, რაც „გაიამ“ თავის მახვილი მზერა ირმის ნახტომს მიაპყრო, უკვე უთვალთვალა მილიარდზე მეტ ვარსკვლავს.

მართალია, „გაია“ ძირითადად ირმის ნახტომის ვარსკვლავებს აკვირდება, მაგრამ ხანდახან უთვალთვალებს ახლომდებარე გალაქტიკათა ვარსკვლავებსაც. ახალი კვლევის ფარგლებში, ასტრონომებმა თვალი ადევნეს ჩვენი გალაქტიკის, ანდრომედასა და სამკუთხედის გალაქტიკების გარკვეულ ვარსკვლავებს. ეს მეზობელი გალაქტიკები ირმის ნახტომიდან 2,5-3 მილიონი სინათლის წლის მანძილის დიაპაზონში მდებარეობს და შესაძლოა, ერთმანეთთან ურთიერთქმედებდნენ.

როგორც მკვლევართა ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი, მათ ესაჭიროებოდათ გალაქტიკათა მოძრაობის შესწავლა 3D-ში, რათა გაერკვიათ, როგორ გაიზარდნენ და განვითარდნენ, ასევე, რა ქმნის მათ მახასიათებლებს და რა ახდენს გავლენას მათ ქცევაზე.

ამ მიზანს ასტრონომებმა „გაიას“ მიერ შეგროვებული მაღალი ხარისხის მონაცემების წყალობით მიაღწიეს.

ამ კვლევის საშუალებით, მეცნიერებმა განსაზღვრეს ანდრომედას (M31) და სამკუთხედის გალაქტიკის (M33) ბრუნვის მაჩვენებლები. ასეთი რამ ამ დრომდე ჯერ არც ერთ მეცნიერს არ შეუსწავლია. „გაიადან“ მღებული მონაცემების გამოყენებითა და საარქივო მონაცემთა ანალიზის შედეგად, მკვლევართა ჯგუფმა განსაზღვრა, როგორ გადაადგილდნენ წარსულში ანდრომედასა და სამკუთხედის გალაქტიკები და სავარაუდოდ სად იქნებიან ისინი რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ.

ჯგუფის მიერ შედგენილი მოდელის მიხედვით, ანდრომედა-ირმის ნახტომის შეჯახება მოსალოდნელზე გვიან მოხდება და ეს პროცესი უფრო გალაქტიკათა გვერდებით მოხდება, ვიდრე პირდაპირ. აღსანიშნავია ისიც, რომ ვარსკვლავებს შორის მანძილი საკმაოდ დიდია და შანსი იმისა, რომ ამ შეჯახებისას ჩვენს მზის სისტემას რამე დაუშავდეს, ძალიან დაბალია. თუმცა, შეჯახების პროცესი ნამდვილად მომაჯადოებლად გამოჩნდება იმ არსებათა ღამის ცაზე, რომლებიც შეიძლება, 4,5 მილიარდი წლის შემდეგ დედამიწაზე ცხოვრობდნენ.

პრუსტის თქმით, „გაია“ ძირითადად ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთა აღსარიცხად შეიქმნა, თუმცა მან თავის შესაძლებლობებს გადააჭარბა და უნიკალური ცნობები მოგვაწოდა მეზობელი გალაქტიკების დინამიკისა და სტრუქტურის შესახებაც.

სხვათა შორის, ანდრომედამდე უფრო ადრე, 2,5 მილიარდი წლის შემდეგ, ირმის ნახტომს კიდევ ერთი მეზობელი გალაქტიკა — მაგელანის დიდი ღრუბელი შეეჯახება.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.