ჩვენი გალაქტიკის უზუსტესი 3D რუკა - ასტრონომია მალე სამუდამოდ შეიცვლება
ჩვენი გალაქტიკის უზუსტესი 3D რუკა - ასტრონომია მალე სამუდამოდ შეიცვლება

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) გამოაქვეყნა ირმის ნახტომისა და მის მიღმა მდებარე ვარსკვლავების ამ დრომდე ყველაზე მდიდარი და ვრცელი რუკა.

რუკა ეფუძნება ESA-ს მისია „გაიას“ უახლეს მონაცემებს. „გაიას“ გაშვების მიზანი ირმის ნახტომის უდიდესი და უზუსტესი სამგანზომილებიანი რუკის შექმნა იყო.

შედეგები უბრალოდ განსაცვიფრებელია.

ბოლო მონაცემები განსაზღვრავს 1,7 მილიარდზე მეტი ვარსკვლავის მდებარეობას. ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთა ადგილმდებარეობის, სიკაშკაშისა და სხვა დეტალთა შესწავლის შედეგად, „გაია“ გვეხმარება საბოლოოდ გავიგოთ, სად და როგორ არის მოქცეული ჩვენი მზის სისტემა ამ უზარმაზარ მთლიანობაში.

„გაია მნიშვნელოვნად წასწევს წინ სამყაროს ჩვენეულ აღქმას კოსმოსის ყველა მასშტაბში. აღსანიშნავია, რომ მზის სამეზობლოშიც კი, რეგიონში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი გვეგონა, „გაიამ“ ახალი და ამაღელვებელი მახასიათებლები აღმოაჩინა“, — ამბობს სპეციალურ პრესრელიზში „გაიას“ პროექტის მეცნიერი ტიმო პრუსტი.

გაიას მონაცემები გვამარაგებს უპრეცედენტოდ დეტალური ინფორმაციით ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავების შესახებ. მან მოგვაწოდა ცნობები მილიარდზე მეტი ვარსკვლავის ზუსტი მანძილის, სიკაშკაშის, ფერის და მოძრაობის მაჩვენებელთა შესახებ.

მონაცემთა ახალი ბაზა ასევე შეიცავს აქამდე უცნობ ინფორმაციას მზის სისტემაში მოსრიალე ასტეროიდთა შესახებ.

ახალ მონაცემთა საფუძველზე შექმნილ რუკებზე შეგიძლიათ იხილოთ ვარსკვლავების ფერი და სიკაშკაშე, მათი სიმკვრივე და ვარსკვლავთშორისი მტვერიც კი, რომლითაც გალაქტიკაა ამოვსებული.


კოსმოსური ხომალდი „გაია“ 2013 წლის დეკემბერში გაუშვეს, სამეცნიერო საქმიანობა კი შემდეგ წელს დაიწყო. მის მიერ შეგროვებული პირველი განსაცვიფრებელი მონაცემები 2016 წელს გამოქვეყნდა. კატალოგში შეტანილი იყო მილიარდზე მეტი ვარსკვლავი; გამოთვლილი იყო 2 მილიონი ვარსკვლავის მანძილი და მოძრაობის მაჩვენებლები.

გუშინ გამოქვეყნებული მონაცემები გაცილებით ზუსტი და ვრცელია.

„გაიას ახალი მონაცემები იმდენად უმძლავრესი და ამაღელვებელია, რომ უბრალოდ შოკში ვიყავით“, — აღნიშნავს იტალიის ქალაქ პადუის ობსერვატორიის მკვლევარი ანტონელა ვალენარი.

მზის სისტემაში „გაიამ“ 14 099 ასტეროიდი დააფიქსირა. მათგან 200 ყველაზე კაშკაშა ობიექტის ორბიტა შეგიძლიათ ESA-ს ანიმაციაში იხილოთ:

ყველაფერი, რასაც ხომალდი დააკვირდა და კატალოგში შეიტანა, თანდათან ჩვენი გალაქტიკის დეტალური 3D რუკის საფუძველი გახდება. ეს კი მრავალ ახალ ცნობას მოგვაწვდის ირმის ნახტომის სტრუქტურისა და ევოლუციის შესახებ.

ESA-ს მიერ შექმნილი 360 გრადუსიანი ვიდეოებისა და სხვა ვიზუალური მასალების გარკვეული ნაწილის ხილვა ახლაც შეგიძლიათ.

ახალ მონაცემთა შესახებ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი აღმოჩენები მას შემდეგ გაკეთდება, რაც მეცნიერები ამ მონაცემებში ღრმად ჩაიხედავენ და შეისწავლიან.

მომდევნო რამდენიმე წელიწადში, „გაია“ კვლავ გააგრძელებს ინფორმაციის შეგროვებას ჩვენი გალაქტიკის დაახლოებით 100 მილიარდი ვარსკვლავის შესახებ. ხომალდი სავარაუდოდ 2020 წლამდე იმუშავებს.

მომზადებულია esa.int-ის მიხედვით