იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ ასტეროიდის ნიმუშები მიიღო — კაფსულა ავსტრალიის უდაბნოში დაეშვა #1tvმეცნიერება
იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ ასტეროიდის ნიმუშები მიიღო — კაფსულა ავსტრალიის უდაბნოში დაეშვა #1tvმეცნიერება

იაპონიის კოსმოსური სააგენტოს უპრეცედენტო მისია „ჰაიაბუსა2“, რომელიც ასტეროიდს ესტუმრა და მისი ნიმუშები აიღო, დედამიწაზე დაბრუნდა, რა თქმა უნდა, ნიმუშებთან ერთად.

კაფსულა, რომელშიც შორეული ასტეროიდის ქანების ნიმუშებია მოთავსებული, ზონდს გამოეყო და დედამიწაზე პარაშუტით დაეშვა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ნიმუშები, რომლებიც დაახლოებით 0,1 გრამის ოდენობისაა, დაგვეხმარება ნათელი მოვფინოთ სიცოცხლის წარმოშობისა და სამყაროს წარმოქმნის გარკვეულ დეტალებს.

„ექვსწლიანი კოსმოსური მოგზაურობის შემდეგ, განძის ყუთი სამხრეთ ავსტრალიის პატარა ქალაქ ვუმერაში დაეშვა“, — ამბობს პროექტის მენეჯერი იუჩი ცუდა.

კაფსულა, რომელშიც ნიმუშებია მოთავსებული, დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრა, ცაში ცეცხლოვანი ელვა წარმოქმნა, შემდეგ პარაშუტი გაშალა და მიწაზე დაეშვა.

რამდენიმე საათის შემდეგ, იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ (JAXA) დაადასტურა, რომ ნიმუშები უკვე მათ ხელში იყო. კაფსულა დაახლოებით მაცივრის ზომის ხომალდ ჰაიაბუსა2-ს დედამიწის ზედაპირიდან 220 000 კილომეტრის მოშორებით გამოეყო.

„კაფსულა ბრწყინვალედ დაეშვა, ხომალდმა კი უკვე სხვა მისია დაიწყო“, — ამბობს ცუდა.

კაფსულა სამხრეთ ავსტრალიის ქალაქ ვუმერასთან, უდაბნოში დაეშვა. ახლა ის იაპონიაში გაიგზავნება და ნიმუშების კვლევაც დაიწყება.

დედამიწიდან 300 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარე ასტეროიდ რიუგუს ნიმუშები ხომალდმა ჰაიაბუსა2-მა აიღო, რომელიც 2014 წელს გაუშვეს.

ზონდმა შეაგროვა როგორც მისი ზედაპირის მტვერი, ისე ზედაპირქვეშა ხელუხლებელი მასალები; ამისათვის, ხომალდმა ასტეროიდს სპეციალური „იმპაქტორი“ ესროლა, რის შემდეგაც ზედაპირქვეშა მტვერი მაღლა ამოიყარა.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს მასალები მზის სისტემის წარმოქმნის შემდეგ არ შეცვლილა.

დედამიწა და მისი მსგავსი დიდი ციური სხეულები წარმოქმნის შემდეგ რადიკალურად შეიცვალნენ; გაცხელებისა და გამყარების მრავალი მოვლენის შედეგად, შეიცვალა მათი ზედაპირისა და ზედაპირქვეშა მასალების შემადგენლობა.

„თუმცა, როდესაც საქმე ეხება პატარა პლანეტებს ან ასტეროიდებს, მათი ნივთიერებები არ გამდნარა და შესაბამისად, უკვე 4,6 მილიარდი წელია, უცვლელია“, — აღნიშნავს მისია ჰაიაბუსა2-ის მენეჯერი მაკოტო იოშიკავა.

მეცნიერებს განსაკუთრებით აინტერესებთ, შეიცავს თუ არა ნიმუშები ორგანულ მასალებს, რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენებას დაეხმარა.

„დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენების ამბავი ჯერ კიდევ ერ ვიცით და თუ ამ მისიის მიერ ასტეროიდ რიუგუზე შეგროვებულ ნიმუშებში ორგანულ მასალებს მივაგნებთ და შევისწავლით, შესაძლოა, ეს სწორედ ის ორგანული ნივთიერებები იყოს, რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლის წყარო გახდა“, — ამბობს იოშიკავა.

მისივე თქმით, ასეთი ნიმუშები მათ აქამდე არასოდეს ჩავარდნიათ ხელში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, თუ მასში წყალს და ორგანულ ნივთიერებებს აღმოაჩენენ.

ნიმუშების ნახევარს იაპონის კოსმოსური სააგენტო, NASA და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები გაიყოფენ, ნახევარს კი შეინახავენ, რათა კვლევა მომავალში, უფრო დახვეწილი ტექნოლოგიებით მოხდეს.

ნიმუშები უკვე დედამიწაზეა, მაგრამ ხომალდ ჰაიაბუსა2-ისთვის მისია ამით არ დასრულებულა. მისი სამიზნე ახლა ორი სხვა ასტეროიდია.

მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ის მზის გარშემო იმოძრავებს, 2026 წლის ივლისში კ მიუახლოვდება ასტეროიდ 2001 CC21-ს.

ხომალდი მასთან ისე ახლოს არ მივა, როგორც რიუგუსთან მივიდა, მაგრამ მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შეძლებს ფოტოების გადაღებას და შეაგროვებს მონაცემებს, რომლებიც დაგვეხმარება უფრო მეტი ვისწავლოთ იმის შესახებ, როგორ დავიცვათ დედამიწა ასტეროიდების დაცემის საფრთხისგან.

ამის შემდეგ, ჰაიაბუსა2 გაემართება მთავარი სამიზნისკენ — ასტეროიდ 1998 KY26-ისკენ, რომლის დიამეტრის 30 მეტრია და ბურთის ფორმა აქვს.

ხომალდი ამ ასტეროიდთან 2031 წლის ივლისში მივა, როცა ის დედამიწისგან 300 მილიონი კილომეტრის მანძილზე იქნება.

ზონდი ასტეროიდს დააკვირდება და სურათებს გადაუღებს, რაც არც ისე ადვილი საქმეა, რადგან ეს ასტეროიდი საკმაოდ სწრაფად ბრუნავს — ღერძის გარშემო ერთ შემობრუნებას დაახლოებით 10 წუთს ანდომებს.

დასანანია, რომ ჰაიაბუსა2 მასზე დაშვებას და ნიმუშების აღებას ვერ შეძლებს, რადგან დედამიწაზე მათი ჩამოტანისთვის საკმარისი საწვავი აღარ ექნება.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.