იაპონიის ხომალდი შორეულ ასტეროიდზე წარმატებით დაჯდა და უნიკალური ნიმუშები აიღო
იაპონიის ხომალდი შორეულ ასტეროიდზე წარმატებით დაჯდა და უნიკალური ნიმუშები აიღო

იაპონიის კოსმოსური ხომალდი „ჰაიაბუსა2“ წარმატებით დაჯდა შორეულ ასტეროიდზე და მისი ზედაპირის ქვეშიდან ნიმუშები შეაგროვა. ამ უპრეცედენტო მისიამ შესაძლოა, ნათელი მოჰფინოს მზის სისტემის წარმოშობის საიდუმლოს.

„ჩვენ შევაგროვეთ მზის სისტემის ისტორიის ნაწილი. ამ დრომდე არავის აუღია ზედაპირქვეშა მასალების ნიმუშები მთვარეზე შორს არსებულ ციურ სხეულზე. ჩვენ ეს მსოფლიოში პირველებმა შევძელით“, — ამბობს პროექტის მენეჯერი იუჩი ცუდა.

დაახლოებით მაცივრის ზომის ხომალდი ასტეროიდზე უკვე მეორედ დაჯდა. წარმატებულ დაშვებას იაპონიის კოსმოსურ სააგენტოში (JAXA) შეკრებილი მეცნიერები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

წარმატებული დაჯდომა მას შემდეგ დადასტურდა, რაც „ჰაიაბუსა2“ ასტეროიდიდან უკან აფრინდა და საკონტროლო ოთახთან კომუნიკაცია დაამყარა.

პროგრამის დირექტორის, ტაკაში კუბოტას განცხადებით, დაჯდომის ოპერაცია ამჯერად უბრალოდ ბრწყინვალე იყო.

ასტეროიდი, სახელად რიუგუ, რომელზეც „ჰაიაბუსა2“ უკვე მეორედ დაჯდა, დედამიწიდან 300 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

იპონურად რიუგუ „დრაკონის“ სასახლეს ნიშნავს და ძველ იაპონურ ზღაპრებში ამ სიტყვას ოკეანის ფსკერზე განთავსებულ ციხესიმაგრეს უწოდებდნენ.

„ჰაიაბუსა2“-ის მრავალწლიანი მისია ასევე ითვალისწინებდა ასტეროიდის ზედაპირზე რობოტებისა და მავალების გადასმას.

ასტეროიდზე ზონდის დაჯდომის მიზანი იყო მისი ზედაპირის ქვეშ არსებული პირველყოფილი ნივთიერებების შეგროვება, რომელიც სავარაუდოდ გვეტყვის, როგორ დაიბადა მზის სისტემა 4,6 მილიარდი წლის წინ.

ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნიმუშების ასაღებად, „ჰაიაბუსა2“-მა აპრილში ასტეროიდს სპეციალური იმპაქტორი ესროლა. ძალზედ სარისკო პროცესის დროს რიუგუს ზედაპირზე წარმოიქმნა ციცქნა კრატერი და ამოტყორცნა ნივთიერებები, რომლებსაც ატმოსფერო აქამდე არასოდეს შეხებია.

„ჰაიაბუსა2“ ასტეროიდის ზედაპირზე პირველად 2019 წლის თებერვალში წამიერად დაჯდა და ტყვია ესროლა, რათა ამოფრქვეული მტვერი შეეგროვებინა. ამის შემდეგ ხომალდი საწყის პოზიციას დაუბრუნდა.

მეორე დაჯდომა სპეციალურ მომზადებას მოითხოვდა, რადგან ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, ხომალდს შეიძლება დაეკრგა პირველი დაჯდომისას შეგროვებული ნიმუშები.

აპრილში, იმპაქტორის სროლის შემდეგ გაჩენილი კრატერის ფოტოზე ჩანს, რომ ასტეროიდის ნაწილი დაფარულია მასალებით, რომლებიც აშკარად განსხვავდება დანარჩენი ზედაპირისაგან.

ჯგუფი იმედოვნებს, რომ ხომალდი გამოსადეგ ნიმუშებს შეაგროვებს, რადგან ის კრატერიდან 20 მეტრის მოშორებით დაჯდა; ყველაზე მიმზიდველი ნიმუშები კი სწორედ კრატერის სიახლოვეს არის.

ეს დაჯდომა „ჰაიაბუსა2“-ის მისიის მთავარი ნაწილი იყო. მომავალ წელს ხომალდი დედამიწაზე დაბრუნდება და აღებულ ნიმუშებს ჩამოიტანს. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ეს ნიმუშები დაგვეხმარება ამოვხსნათ არა მხოლოდ მზის სისტემის წარმოშობის საიდუმლო, არამედ გავარკვიოთ დედამიწაზე სიცოცხლის აღმოჩენების ზუსტი ამბავიც.

„ჰაიაბუსა2“ იაპონიის კოსმოსური სააგენტოს ასტეროიდთა პირველი მკვლევრის, „ჰაიაბუსას“ (იაპონურად ნიშნავს შავარდენს) მემკვიდრეა, რომელმაც 2010 წელს ნიმუშები აიღო პატარა, კარტოფილის ფორმის ასტეროიდზე.

მისია „ჰაიაბუსა2“ 2014 წლის დეკემბერში გაუშვეს; პროექტის ღირებულება 270 მილიონი აშშ დოლარია.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.